ხელოვნური ინტელექტის გავლენა მედიაზე - ინტერვიუ AI-ს მკვლევართან
09.12.2022
მედიასაშუალებები დღეს ხელოვნურ ინტელექტს (AI-ს)ძირითადად დამხმარე ტექნოლოგიად იყენებენ და სტატიისა თუ სიუჟეტის შინაარსი ჟურნალისტის შექმნილია. თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად დაიხვეწა ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და გაჩნდა ვარაუდები, რომ შესაძლოა, ჟურნალისტი AI-მ ჩაანაცვლოს.

ციფრული კომუნიკაციების გერმანელი მკვლევარი ლენარტ ჰოფედიტზი, რომელიც სხვადასხვა პროფესიაში ხელოვნური ინტელექტის დამკვიდრებასა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს იკვლევს,გვესაუბრა ხელოვნური ინტელექტის მომავალზე ჟურნალისტიკაში.

მოკლედ ინტერვიუს მთავარი გზავნილები:
  • არსებობს კონკრეტული თემები, რომლებზეც AI-ს ადამიანზე უკეთ შეუძლია დაწერა, თუმცა ანალიტიკური, კომპლექსური სტატიებისთვის ჟურნალისტი ჩაუნაცვლებელია.
  • შეუძლებელია AI იყოს მიკერძოებული ან გაავრცელოს დეზინფორმაცია, რადგან ის ადამიანის მიერ მიწოდებულ წყაროებზე დაყრდნობით ქმნის ტექსტს ან გამოსახულებას.
  • დეზინფორმაციისგან თავის დასაცავად, მნიშვნელოვანია მედიაწიგნიერების ამაღლება სამი მიმართულებით:მედია, ხელოვნური ინტელექტი და მონაცემები.
ლენარტი 2021 წელს ჟურნალისტიკაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასა და AI-ის შექმნილ პროდუქტზე აუდიტორიის სანდოობას იკვლევდა. ინფორმაციის მისაღებად ადამიანებისთვის (განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის) სოციალურ ქსელებია უპირატესი. ხშირად ამ სივრცეში სიახლეების გასავრცელებლად ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ, შესაბამისად მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ ზოგადად რა არის AI და როგორ მუშაობს ის ჟურნალისტიკაში.

1) როგორია თქვენი კვლევის შედეგები - რამდენად ენდობა მკითხველი ხელოვნური ინტელექტს?

ზოგადად ადამიანები ციფრულ ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტს უფრო ნაკლებად ენდობიან ვიდრე ჟურნალისტებს. თუმცა აქ შეიძლება განვიხილოთ სხვადასხვა შემთხვევები, მაგალითად სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებლები უფრო მეტად ენდობიან AI-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ვიდრე ისინი, ვინც ნაკლებად იყენებს მათ.

სანდოობას AI-ის მიერ შექმნილ მედია პროდუქტზე რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს:
  • მედიის ტიპი;
  • სტატიის შინაარსი;
  • მედიის რეპუტაცია.
შესაბამისად, რაც უფრო სანდოა მედიასაშუალება, ხელოვნური ინტელექტის დაწერილი სტატიაც მეტად სანდოა აუდიტორიისთვის.

არსებობს კონკრეტული თემები, რომლებზეც ხელოვნურ ინტელექტს კარგად შეუძლია დაწერა; მაგალითად, სპორტული ღონისძიებისა თუ ფინანსური ამბების გაშუქება ან ფოტოსა და ვიდეოების შექმნა, თუმცა თუ ეთიკური თვალსაზრისით განვიხილავთ, ჟურნალისტს, AI-სგან განსხავებით, შეუძლია მოპოვებული ინფორმაციისა და წყაროების გადამოწმება, ამიტომ, ავტორმა შეიძლება ხელოვნური ინტელექტი მედიაპროდუქტის გასამრავალფეროვნებლად გამოიყენოს.

2) არსებობს მოსაზრება, რომ შეიძლება AI ნაკლებად მიკერძოებულიც იყოს, რა აჩვენა თქვენმა კვლევამ?

როდესაც ჟურნალისტები გაშუქებისთვის ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ, ისინი AI-ს აძლევენ კონკრეტულ მონაცემთა ბაზას [რაზეც დამოკიდებულია ხელოვნური ინტელექტის მიერ საბოლოოდ შექმნილი პროდუქტის შინაარსი], შესაბამისად თუ ხელოვნური ინტელექტის შექმნილი სტატია მიკერძოებულია, კვლავ ჟურნალისტის პროფესიული პასუხისმგელობაა, რომ AI-ს, შესაბამისად აუდიტორიას მიაწოდოს სანდო წყაროები.

3) Როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის ე.წ “დიფ ფეიქებისა” და დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოყენება?

დღეს AI-ის უკვე შეუძლია ადამიანის დაწერილი ტექსტის მსგავსი კონტენტის, სამგანზომილებიანი გამოსახულებისა და პოლიტიკოსების თუ სხვა ცნობილი ადამიანების Deep Fake-ის შექმნა, ეს უკანასკნელი კი ცხადია საფრთხეა მათი რეპუტაციისა და უსაფრთხოებისთვის.

თუმცა, ახლა ვმუშაობთ პროექტზე, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია უნდა შეაფერხოს. ეს იქნება სიმულაცია, იმისა, თუ როგორ ვრცელდება სოციალურ ქსელებში ყალბი ამბები, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ჟურნალისტებს, სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგელებს თუ პოლიტიკოსებს რეალურ პირობებში ვაჩვენოთ, რომელი წყაროებია სანდო.

დამატებით, დეზინფორმაციასთან ბრძოლის კიდევ ერთი საშუალება არის “დასათაურება”. დღეს, შესაძლებელია, ხელოვნურმა ინტელექტმა, ე.წ. "სასარგებლო ბოტებმა" იპოვონ სოციალურ ქსელში გავრცელებული ყალბი ამბები და იქვე მიუთითოს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ხშირად ადამიანები ამ მითითებას არ ენდობიან, სჯერათ კონსპირაციული თეორიების და ფიქრობენ, რომ ორგანიზაცია, რომელმაც ფაქტები გადაამოწმა მიკერძოებულია.

ვფიქრობ, რომ ჟურნალისტებმა უნდა აუხსნან აუდიტორიას, როგორ მუშაობენ ფაქტების გადამმოწმებელი ორგანიზაციები და ის ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ინფორმაციის გადასამოწმებლად არის გამოყენებული.

4) როგორ იყენებენ სოციალურ მედიაში AI-ს სამიზნე აუდიტორიებისა და დეზინფორმაციისთვის?

ალგორითმი, რომელსაც სოციალური ქსელები ძირითადად იყენებენ, “საკვანძო სიტყვებზე” (keywords) დაყრდნობით მუშაობს, რაც გულისხმობს მომხარებლის აღწერაში, ინტერესებსა და პოსტებში გამოყენებულ სიტყვებთან თანხვედრას და ამის მიხედვით მათთვის დეზინფორმაციის მიწოდებას.

5) როგორ დავიცვათ ადამიანები დეზინფორმაციისგან, მაშინ როდესაც AI-ს ტექნიკურად უფრო სწრაფად შეუძლია მისი გავრცელება?

დეზინფორმაციისგან თავის დასაცავად, მნიშვნელოვანია წიგნიერების ამაღლება სამი მიმართულებით: ესენია მედია, ხელოვნური ინტელექტი და მონაცემები. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, ადამიანებს ავუხსნათ ზოგადად როგორ მუშაობს ალგორითმი. გერმანიის მაგალითი რომ განვიხილოთ, სახელმწიფო დაწესებულებების ვებგვერდებზე ჩავუშვით კითხვარი, სადაც ყალბი ამბებიცაა და მომხმარებლებმა უნდა გამოიცნონ, რომელი ისტორია იყო რეალური. არასწორი პასუხების შემთხვევაში, სისტემა უხსნის რომელი ამბავი არ შეესაბამებოდა სიმართლეს და რატომ.

6) როგორ ავუხსნათ ადამიანებს AI-ის როლი და სარგებელი?

განმარტებადი ხელოვნური ინტელექტი (XAI explainable artificial intelligence) სწორედ ამ მისიას ემსახურება. ამ დარგში იკვლევენ იმას, თუ რა უნდა ავუხსნათ ადამიანებს, რომ AI მათთვის მეტად ნაცნობი და სანდო გახდეს. მაგალითად, არსებობს ალგორითმი “გადაწყვეტილებების ხე”, XAI-ში ამას ხსნიან ფოთლებიანი ხის ვიზუალით, სადაც ფოთლები სხვადასხვა გადაწყვეტილების ილუსტრაციად არის გამოყენებული.

7) ხელოვნური ინტელექტის რა სისტემებს (ხელსაწყოებს) იყენებენ მედიაში?

GPT3-ის მოდელი AI-ის გამოყენებით “ასწავლის” პროგრამას გამოცდილების (უკვე არსებული მონაცემების) მიხედვით წერას, რაც ცხადია ტექსტს მეტ ადამიანურ თვისებას სძენს. მაგალითად, თუ გვსურს, რომ GPT3-მა სპორტულ ღონისძიებაზე დაწეროს, უნდა “მივაწოდოთ” როგორც ზოგადი ინფორმაცია ამ თემაზე, ასევე კონკრეტული საკითხები, რომლებიც გვსურს, რომ AI-ს შექმნილ ტექსტში შევიდეს. ამ ეტაპზე, ეს სისტემა დახვეწილია და ვრცელ, კომპლექსურ თემებზე საინტერესოდ წერს, პროგრამას იყენებენ გავლენიანი გამოცემები, მათ შორის The Guardian-იც.

კიდევ ერთი სისტემა, რომელსაც გამოცემები იყეებენ არის იმავე კომპანიის (Open AI) პროდუქტი DALLE2. ჟურნალმა Cosmopolitan-მა GPT3-სა და DALLE2-ს გამოყენებით პირველმა დაბეჭდა AI-ის მიერ შექმნილი გარეკანი. პროგრამის გამოყენება საკმაოდ მარტივია, საჭიროა, რომ მივუთითოთ საკვანძო სიტყვები, რაზე დაყრდნობითაც ხელოვნური ინტელექტი ქმნის ფოტოს. თითოეული სურათისთვის მცირე საფასურის გადახდა მოგიწევთ, შესაძლოა ითქვას, რომ ეს სისტემა გრაფიკული დიზაინერებისთვის ერთვარი რევოლუციაა.


რედაქციის ჩანართი

DALLE2-ს შექმნილი ილუსტრაციები “მედიაჩეკერის” სტატიებშიცაა გამოყენებული. Წარმოდგენილი ფოტოს შესაქმნელად საკვანძო სიტყვებად მივუთითეთ:

ჭორფლებიანი ადამიანის დეტალური და რეალისტური პორტრეტი, მრგვალი თვალები და მაკიაჟი, წითელი ტუჩსაცხი, თეთრი მაისური, კანის სტრუქტურა, გამომშრალი ტუჩი, 85მმ ლინზა, ბუნებრივი განათება, კონტრასტული ფერები, რეალისტური ფოტო გამოკვეთილი დეტალებით.

ასევე, არსებობს LaMDA-ს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც უფრო დიალოგისთვის გამოიყენება.სამომავლოდ, შეიძლება ვთქვათ, რომ თუ ჟურნალისტი მას თემებს მიაწოდებს, AI ამ საკითხებზე მოამზადებს კითხვებს და ინტერვიუს ჩაწერასაც შეძლებს.ამ AI-ს Google იყენებს: მაგალითად, თუ გსურთ შეხვედრისთვის ადგილის დაჯავშნა, ხელოვნური ინტელექტი თავად რეკავს ამ ობიექტთან, თქვენ ნაცვლად ესაუბრება წარმომადგენელს და ჯავშნის მაგიდას.

8) როგორც აღნიშნეთ, DALLE2-ის სისტემას კრეატიული სურათების შექმნა შეუძლია, ეს მანამდე გრაფიკული დიზაინერების საქმე იყო. შეიძლება, რომ ჟურნალისტის რომელიმე ფუნქციაც AI-მ შეითავსოს?

ჩემი შეხედულება ამ საკითხზე უფრო პოზიტიურია და ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ შესაძლებლობების საქმის გასამარტივებლად გამოყენება. AI-ს შეუძლია რომ შექმნას კრეატიული ფოტო, თუმცა მაინც საჭიროა გრაფიული დიზაინერი რომელიც სწორად მოძებნის საკვნაძო სიტყვებს, რადგან შეიძლება, რომ AI-მ პირველივე ცდაზე სასურველი სურათი არ მოგვცეს.

იმავეს თქმა შეიძლება GPT3 -ს პროგრამაზე, თუ რომელიმე გამოცემა იყენებს ამ AI-ს სტატიის დასაწერად მაინც ეს კონკრეტული მედია საშუალებაა პასუხისმგებელი კონტენტზე, რადგან GPT3 ავტომატურად არ აქვეყნებს ტექტს და რედაქტორმა ან ჟურნალისტმა აუცილებლად უნდა გადაამოწმოს ხელოვნური ინტელექტის მიერ მომზადებული მასალა.

9) რა არის მთავარი გამოწვევები ჟურნალისტიკაში AI-ს გამოყენებისას?

პირველი და უმნიშვნელოვანესი გამოწვევა თავად ჟურნალისტებში ტექნიკური მოუმზადებლობაა. მათ ხშირად არ იციან მისი გამოყენება,მონაცემთა ბაზებისა და წყაროების მითითება AI-სთვის. სამწუხაროდ, ხშირად, როდესაც გამოუცდელი ჟურნალისტი იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, მასალის გამრავალფეროვნების ნაცვლად შესაძლოა რამე დააზიანოს კიდეც. ვფიქრობ, გამოსავალი ისა, რომ მედია ორგანიზაციებმა მუდმივად იზრუნონ და დააფინანსონ ამ კუთხით თავიანთი თანამშრომლების ცოდნის გაღრმავება.

10) როგორ ხედავთ AI-ს მომავალს ჟურნალისტიკაში?

რთულია ზუსტი პროგნოზირება, რადგან ძალიან სწრაფად განვითარებადი დარგია. თუმცა ვიტყოდი, რომ 5-10 წელიწადში ჟურნალისტებს უფრო მეტად რედაქტორის ფუნქცია ექნებათ და AI-ს შექმნილ პროდუქტს გააკონტროლებენ” შემოქმედებით ნაწილში მათი როლი შემცირდება, თუმცა საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვის მაინც ტრადიციული გაშუქება იქნება საჭირო.

კონტენტის 80% (ფოტო, ტექსტი, ვიდეო) შეიძლება ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნას, თუმცა ჟურნალისტმა (რედაქციამ) უნდა გადაწყვიტოს რა გამოაქვეყნოს და მიაწოდოს AI-ს სანდო წყაროები.

ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ