"წინააღმდეგი ვარ, დირექტორი სარედაქციო პოლიტიკაში ერეოდეს" — ინტერვიუ აჭარის მაუწყებლის ახალ ხელმძღვანელთან
13.02.2023
ვლადიმერ (ლადო) ტატიშვილი 2022 წლის 11 ნოემბრიდან არის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არჩეული დირექტორი. კანონით, ის მაუწყებელს მომდევნო 3 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ამ ინტერვიუში არხთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე და განვითარების მისეულ ხედვებზე ვესაუბრეთ.

ინტერვიუმდე: რა უნდა გვახსოვდეს აჭარის ტელევიზიის შესახებ

  • ტატიშვილი არის რიგით მეოთხე დირექტორი მას შემდეგ, რაც 2013 წლიდან, "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებით, აჭარის ტელევიზია და რადიო საზოგადოებრივ მაუწყებლად გადაკეთდა;
  • მანამდე, ეს ტელევიზია და რადიო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საქვეუწყებო დაწესებულება იყო;
  • საინფორმაციო სამსახური, წლების განმავლობაში ემსახურებოდა ასლან აბაშიძის პოლიტიკას, მათ შორის, მაშინაც, როდესაც "ავტონომიის მეთაური" არ ემორჩილებოდა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას და 2004 წლის მაისში, მდინარე ჩოლოქზე ხიდის აფეთქების ბრძანება გასცა;
  • არხის სარედაქციო პოლიტიკა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ შეიცვალა, მაგრამ ამ ცვლილებას არ მოუტანია სარედაქციო დამოუკიდებლობა — არსებითად, აბაშიძის "აღორძინების კავშირის" გავლენა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გავლენამ ჩაანაცვლა;
  • 2004 წელს, ლევან ვარშალომიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმდროინდელმა თავმჯდომარემ, დირექტორად მერაბ კარანაძე დანიშნა, შემდეგ, 2006 წელს ის საკუთარი პრესმდივნით, თეა ცეცხლაძით ჩაანაცვლა;
  • 2013 წელს, "ქართული ოცნების" მიერ კანდიდატად წარდგენილი სოსო სტურუა გახდა აჭარის ტელევიზიის, როგორც უკვე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არჩეული დირექტორი. მის შესახებ ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტების ნაწილი ამბობდა, რომ დირექტორი ხელისუფლების გავლენის ქვეშ იყო;
  • 2016 წელს, მაუწყებლის დირექტორად აირჩიეს ნათია კაპანაძე, რომელმაც იმპიჩმენტის გამო, ვერ შეძლო კანონით განსაზღვრული სრული 3-წლიანი ვადით ემართა ტელევიზია. ის 2019 აპრილში, ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე გადააყენეს.
  • კაპანაძეს დღემდე აქვს სამართლებრივი დავა არხთან, მოითხოვს ბორდის მხრიდან გამოცხადებული უნდობლობის საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას და ამბობს, რომ მისი იმპიჩმენტის პროცესი, და შემდეგ, ამ პროცესთან დაკავშირებული სასამართლო გადაწყვეტილებები, პოლიტიკურად მართულია;
  • 2019 წელს არხის დირექტორი გახდა გიორგი კოხრეიძე, რომელსაც ტელევიზიის მართვის მეორე ვადით გაგრძელება სურდა, მაგრამ გადაიფიქრა და არჩევნებზე კანდიდატურა მოხსნა. მისი დირექტორობისას, არხის საკადრო პოლიტიკა და შინაარსი კრიტიკულად შეაფასეს გავლენიანმა და ადგილობრივმა ორგანიზაციებმა, "ქართული ოცნების" გაძლიერებული გავლენების გამო.
კანონით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს 5-წევრიანი მრჩეველთა საბჭო ირჩევს. 2022 წლის 11 ნოემბერს მაუწყებლის დირექტორის არჩევნებზე მრჩეველთა საბჭოს სამმა წევრმა ლადო ტატიშვილს გამოუცხადა ნდობა.

მოკლედ: რა უნდა ვიცოდეთ ახალ დირექტორ ლადო ტატიშვილზე?

  • ლადო ტატიშვილი არის სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი, მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ასისტენტ-პროფესორი, მუსიკის მკვლევარი და მხატვარი;
  • ტელე-რადიო პროექტების, სატელევიზიო რეკლამის ავტორი, პროდიუსერი, წამყვანი;
  • სამეცნიერო სტატიების და პუბლიკაციების ავტორი მედიისა და მასობრივი კომუნიკაციის კვლევების სფეროში;
  • 2014 წლიდან დღემდე არის მიწვეული პროფესორი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში.

მოკლედ: რა გვითხრა ტატიშვილმა

  • "ყოველთვის წინააღმდეგი ვარ, დირექტორი სარედაქციო პოლიტიკაში ერეოდეს";
  • "მაუწყებელი არ უნდა აკეთებდეს სიუჟეტს ვინმეს გულის მოსაგებად, ან აკრიტიკებდეს მხოლოდ კრიტიკისთვის და აღარ ინტერესდებოდეს, რა მოხდა შემდეგ";
  • "საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალი უნდა იყოს, შეამციროს პოლარიზება";
  • "ჩემთვის მნიშვნელოვანია, თუ ვინმემ დაკარგა ნდობა, დავიბრუნოთ და ვისაც დღემდე აქვს — შევინარჩუნოთ";
  • "ტელევიზიას აქვს დიდი ძალა და გვინდა, ვიქცეთ ხიდად მოქალაქესა და როგორც ადგილობრივ, ასევე, ცენტრალურ ხელისუფლებას შორის";
  • "ჩვენთვის ღირებულება არის საქართველოს მოქალაქე, მიუხედავად რელიგიური, გენდერული, თუ სხვა სახის იდენტობისა… ის ადამიანი არის საზოგადოების ნაწილი და დამთავრდა".
  • "ყველაფერს გავაკეთებ, რომ კულტურა ასოცირდებოდეს ჩვენს მაუწყებელთან და ეს ჟანრი სრულად ჩვენ დავიკავოთ ტელესივრცეში".



მედიაჩეკერი: როგორ ფიქრობთ, როგორ დაეხმარება მედიაში, და მასთან დაკავშირებულ რამდენიმე სფეროში დაგროვილი თქვენი გამოცდილება არხის განვითარებას?

ლადო ტატიშვილი: გამოცდილებას იმდენადვე ქმნის თეორიული ცოდნა, რამდენადაც პრაქტიკა და ნებისმიერ შემთხვევაში, პროფესიონალიზმი გამოცდილებით მოდის. სხვადასხვა სფეროში დაგროვილი ეს პრაქტიკები აუცილებლად წაადგება აჭარის ტელევიზიასა და რადიოს. რაც კი მიკეთებია, ტელევიზია და რადიო ჩემი კარიერის მუდმივი ფონი იყო, და რა თქმა უნდა, ვეცდები, ეს კარგ შედეგად დაეტყოს მაუწყებელს.

მედიაჩეკერი: როდესაც განვითარებაზე ვსაუბრობთ, ერთია შინაარსი და მეორე — ტექნიკური განვითარება, გადაიარაღება. რას აპირებთ?

ლადო ტატიშვილი: რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი საკითხებია. არხის არსებული ტექნიკურ-მატერიალური ბაზა არ არის საკმარისი და ამ ნაწილში ჩვენ სამუშაო გვაქვს. ორ თვეზე ცოტა მეტია, დირექტორი ვარ და ვცდილობ, ამ კუთხით რაღაც გამოვასწოროთ.

მაუწყებლის ორგანიზაციული სტრუქტურა ბევრ ბიუროკრატიასთან არის დაკავშირებული და მათ შორის, შესყიდვებისა და ტენდერების ნაწილში. ჩვენ არ ვართ კერძო ტელევიზია, რომ მოქნილები ვიყოთ და შეგვეძლოს, ორ დღეში მოვაგვაროთ პრობლემები. ვგულისხმობ ტენდერების გამოცხადებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ ვალდებულებებს, ტენდერების ჩაშლის ალბათობებს, რაც აფერხებს საკითხების მყისიერ გადაწყვეტილებას, მაგრამ სხვა გზა არ არის, ამას მოითხოვს კანონი.

ამის მიუხედავად, ვცდილობთ, ეს პროცესები რაც შეიძლება დავაჩქაროთ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ნებისმიერი მიმართულების გადაცემა — საინფორმაციო, თუ შემოქმედებითი, ხარისხობრივად ჯდებოდეს მედიის თანამედროვე სტანდარტში.

რაც შეეხება შინაარსს, ყოველთვის იმის წინააღმდეგი ვარ, დირექტორი სარედაქციო პოლიტიკაში ერეოდეს, რასაც მე არ ვაკეთებ, და ამას დაგიდასტურებთ ნებისმიერი თანამშრომელი.

ამის მიუხედავად, ხანდახან, რა თქმა უნდა, შემიძლია დავრეკო პირდაპირი ეთერის მსვლელობისას ტელევიზიაში, თუ რადიოში და მივუთითო ტექნიკურ წუნზე, ან ეთერში გასულ არაკორექტულ სიტყვაზე, ან სხვა მსგავს საკითხებზე, მაგრამ არასდროს ვეუბნები ადამიანს, რატომ დასვი ესა თუ ის შეკითხვა და ამის გაკეთება არც შეიძლება. თავად ვასწავლი სტუდენტებს, რომ ხელმძღვანელისგან ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევა არასწორია, და ცხადია, ამის საპირისპიროს არ გავაკეთებ.

მედიაჩეკერი: განსაზღვრავთ ძირითად პრიორიტეტებს ახალი ამბების წარმოების იმ სტანდარტის შესაბამისად, რა მოლოდინებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ არსებობს? როგორია თქვენი ხედვა?

ლადო ტატიშვილი: პრიორიტეტებს განსაზღვრავს კანონი "მაუწყებლის შესახებ", იქ გაწერილია თითქმის ყველაფერი: რა, როგორ და რანაირად უნდა იყოს. აქ მოსვლამდე ვაკვირდებოდი სხვადასხვა ტელეკომპანიას, მათ შორის, აჭარის ტელევიზიასა და რადიოსაც. ახლა უკვე შიგნიდანაც უკეთ გავეცანი სიტუაციას, და ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებულია ის ამ კუთხით. რომ ჩართოთ მაგალითად, საინფორმაციო გამოშვება, ამას თავადაც მიხვდებით.

ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომ მაყურებლამდე მივიტანოთ ინფორმაცია, მან კი თავად განსაჯოს, ვინ არის დამნაშავე, ვინ არის მოსაფერებელი და ასე შემდეგ.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არ უნდა აკეთებდეს სიუჟეტს ვინმეს გულის მოსაგებად, ან აკრიტიკებდეს მხოლოდ კრიტიკისთვის და აღარ ინტერესდებოდეს, რა მოხდა შემდეგ. ჩვენი მთავარი ვალია, ნებისმიერი რამ — პრობლემა, თუ კარგად გაკეთებული საქმე, მივიტანოთ მაყურებლამდე, რომ ერთგვარი ხიდი ვიყოთ ხელისუფლებასა და მაყურებელს შორის.

მედიაჩეკერი: მნიშვნელოვანია, მაუწყებელი იყოს თავისუფალი პოლიტიკური ვნებებისგან და ორიენტირებული მაყურებლის საუკეთესო ინტერესზე — იყოს ინფორმირებული. მით უფრო, ფართო სურათში, ცალსახად პოლარიზებული მედია გვაქვს. ამ მოცემულობაში, და ზოგადად, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში, როგორ უყურებთ მაუწყებლის როლსა და მნიშვნელობას?

ლადო ტატიშვილი: სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგადად, საზოგადოებაშია ეს პრობლემა. ამას ხომ ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს სოციალურ მედიაშიც, რომელიც, ჩვენს რეალობაში, ურთიერთდაპირისპირებისა და ლანძღვის პლატფორმად იქცა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალი უნდა იყოს, შეამციროს ეს პოლარიზება. მაგალითად, შესთავაზოს მაყურებელს დაპირისპირებული მხარეებიც, მაგრამ არა იმიტომ, რომ სეირი ვანახოთ ეთერში, არამედ იმის გამო, რომ საზოგადოებას გავაგებინოთ, რას ამბობენ ეს ადამიანები. ვისწავლოთ ინფორმაციის მიწოდება და რაღაც დონეზე ადამიანებს ვასწავლოთ მოსმენა. მაგრამ როდესაც ეს ყველაფერი ზღვარს გადადის… არ მინდა საუბარი კოლეგებზე, სხვა ტელეკომპანიებზე, თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ხანდახან მაქვს ეჭვი, რომ მიზანია, უსაგნო დაპირისპირებამ რეიტინგი "დაწეროს".

მედიაჩეკერი: ასეთივე პრობლემა არ გინახავთ თქვენს არხზე, თუნდაც, საინფორმაციო-ანალიტიკურ გადაცემებში, თოქ-შოუებში?

| ბლოგი მსგავს თემაზე: კრიტიკული შენიშვნის გამო ეთერიდან სტუმრის "გაძევება" - აჭარის საზმაუს ეთერში

ლადო ტატიშვილი: საუბარი დავიწყე იმით, რომ არ ვერევი სარედაქციო პოლიტიკაში, თუმცა, რა თქმა უნდა, რაღაც ეტაპზე მისაუბრია ავტორებთან, და მითქვამს, ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ფორმატს სცილდება-მეთქი. არ მქონია მითითება შინაარსზე, მხედველობაში მქონია რესპონდენტთან ურთიერთობის ფორმა. რა თქმა უნდა, ადამიანები ვართ, გვაქვს ჩვენი ემოციური ფონი, მაგრამ იმის მიუხედავადაც, რომ ჟურნალისტს უნდა გააჩნდეს საკუთარი აზრი, მაინც უნდა ცდილობდეს, დარჩეს ნეიტრალური, მაგრამ ადამიანები ვართ და შესაძლოა, ზოგჯერ ასე არ ხდებოდეს.

მედიაჩეკერი: არგუმენტი: "ადამიანები ვართ", ხომ ვერ გაგვამართლებს ჟურნალისტებს, ვარღვევდეთ პროფესიულ სტანდარტს?

ლადო ტატიშვილი: რა თქმა უნდა, ვერ გაგვამართლებს. ამ კუთხით ნაკლებად არის ეს პრობლემა ჩვენს მაუწყებელზე, თუმცა, რაღაც გაპარვები ხდება-ხოლმე.

მედიაჩეკერი: გავაანალიზოთ მოცემულობა, რომელიც არხზე მოსვლისას დაგხვდათ:
  • 2019 წელს, არხის იმდროინდელი დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით გათავისუფლებამ არხზე კრიზისი გამოიწვია და ეს პროცესი იწვევდა ეჭვებს, რომ მართული იყო;
  • 2020 წელს, როდესაც კაპანაძე გიორგი კოხრეიძემ ჩაანაცვლა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ჯერ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა ქართული საზოგადოებრივი ჯგუფების ციტირებით, რომ მისმა მისვლამ ხელისუფლების სასარგებლოდ შეცვალა არხის პოლიტიკა;
  • 2021 წელს ვიხილეთ Human Rights Watch-ის კრიტიკული შეფასება მაუწყებლის შესახებ;
  • და ასევე, ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" შეფასებები კოხრეიძის სადავო საკადრო პოლიტიკაზე, რის შედეგადაც ახლაც არაერთი სასამართლო პროცესი გაქვთ.
  • არსებობდა არგუმენტები, რომ მენეჯმენტი იყო არხის კრიტიკული ხედვების მქონე ჟურნალისტების წინააღმდეგ.
ამგვარი კონტექსტი ცხადია, აზიანებს ნდობას. თქვენ, არხის ახალ დირექტორს, რა ვალდებულებებს გაკისრებთ ეს ყველაფერი?

ლადო ტატიშვილი: ცხადია, მე, როგორც არხის ახალ მენეჯერს, მომყვება ეს პრობლემები. პირველ რიგში, ხელშესახები ფაქტია სასამართლო პროცესები, რომელიც არსად გამქრალა და მაუწყებელს დავები აქვს რამდენიმე ყოფილ თანამშრომელთან. ერთ-ერთი პროცესი დასრულდა კიდეც და ანაზღაურება დაგვეკისრა ჯარიმის სახით. გვერდს ვერ ავუვლით კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. შესაბამისად, ყველა პრობლემა, რაც იყო კოხრეიძემდე, მის პერიოდში, თუ მის მოსვლამდე, დარჩა გადაუჭრელ პრობლემად, "ნაღმებად" გვხვდება და პერიოდულად გვახსენებს თავს.

ეს ყველაფერი წარსულში იყო. ყოველთვის იმის წინააღმდეგი ვარ, რომ სხვისკენ გავიშვირო ხელი და დღეს თუ რაიმე წარუმატებლობა მექნება, გადავაბრალო კაპანაძის, ან კოხრეიძის პერიოდის ტელევიზიას. ეს არასწორი იქნებოდა, რადგან დღეს დირექტორი ისინი კი არა, მე ვარ. შესაბამისად, მინდა, რომ ყველაფერი წინ წავიდეს და რაც წარსულშია, წარსულში დარჩეს. ზოგიერთი რამ რაღაც ეტაპებზე თავს გვახსენებს და რაღაც დონეზე შესაძლოა, განვითარებასა და წინსვლას აფერხებდეს, მაგრამ თავად პროცესების შეფასება — როგორ იყო და რანაირად იყო, ახლა არ მგონია, ჩემგან სწორი იყოს.

მედიაჩეკერი: რომც დავივიწყოთ კონკრეტული პერსონები, ვერ დავივიწყებთ თავად ამ პრობლემების შინაარსს, ეს ვერ გააქრობს მათ შორის, ეჭვებს გაძლიერებული სახელისუფლებო გავლენების შესახებ. როგორ შეაფასებთ თავად ფაქტებს? და მიიჩნევთ მომდევნო სამი წლის გამოწვევად, დაარწმუნოთ მაყურებელი და მსმენელი მაუწყებლის მიუკერძოებლობაში?

ლადო ტატიშვილი: დიახ, რა თქმა უნდა, ეს ასე იქნება. ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, მაყურებელს ჰქონდეს საშუალება, შეხედოს დაბალანსებულ და ყოველგვარი პოლარიზების მიღმა მდგომ ტელეკომპანიას, რომელიც მათთან რეალურ ინფორმაციას მიიტანს. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, და ნდობა, რაზეც ვსაუბრობთ, თუ ვინმემ დაკარგა, დავიბრუნოთ და ვისაც დღემდე აქვს — შევინარჩუნოთ.

მედიაჩეკერი: რა იცით მაყურებლისა და მსმენელის სურვილებზე, როგორ სწავლობთ აუდიტორიას და რა შინაარსზეა მოთხოვნა მაყურებლისგან?

ლადო ტატიშვილი: გვქონდა შეხვედრა მრჩეველთა საბჭოსთან, რომ მიგვეღო პრიორიტეტები, მათ შორის, თავად მრჩეველთა საბჭომ გამართა არაერთი შეხვედრა საზოგადოებასთან სწორედ პრიორიტეტების იდენტიფიცირების მიმართულებით. რაც შეეხება ჩემს ხედვას, როგორც დირექტორობის კანდიდატობისას, არჩევნების პერიოდშიც ვამბობდი: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იქცეს აჭარის რეგიონის ერთგვარ "პიარად", ვართ ტურისტული ზონა და შესაბამისად, ყველანაირი ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ეს ულამაზესი მხარე გაიცნოს პირველ რიგში, მთელმა საქართველომ უფრო კარგად და ასევე — მსოფლიომაც.

რა თქმა უნდა, ეს არის საზოგადოების დაკვეთა, რომ არამხოლოდ ბათუმის არამედ მაღალმთიანი აჭარის შესახებ გავაგონოთ მეტი, სადაც უნიკალური და ულამაზესი ადგილებია. გარდა ამისა, იქ უამრავი საინტერესო ადამიანია და მათ შორის გამორჩეული ტალანტებიც, რომლებიც გვინდა გავაცნოთ.

მედიაჩეკერი: მაღალმთიანი აჭარა, მიმზიდველ ტურისტულ ადგილებთან ერთად, იქ დასახლებულების სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებსაც მოიცავს. უზრუნველყოფს ამ პრობლემების გაშუქებას თქვენი ფორმატები?

ლადო ტატიშვილი: ამაზე მუდმივად საუბრობს ჩვენი საინფორმაციო გამოშვებები და ამისთვის გვაქვს ბიუროებიც მაღალმთიან აჭარაში. ტელევიზიას აქვს დიდი ძალა და გვინდა, ვიქცეთ ხიდად მოქალაქესა და როგორც ადგილობრივ, ასევე, ცენტრალურ ხელისუფლებას შორის.

რა თქმა უნდა, თუ სადმე არ ისმის საზოგადოების ხმა, ჩვენ ვართ იმისთვის, რომ ეს ხმა გავაგონოთ, მაგრამ არამხოლოდ იმისთვის, რომ სათქმელი მივიტანოთ და მორჩა, არა, კარგი იქნება თუ პრობლემაც მოგვარდება. ჩვენ გვაქვს იმის ამბიციაც, რომ დავსახოთ პრობლემები და ტელევიზიის ძალა მოვახმაროთ შემდეგ ამ პრობლემების გადაწყვეტასაც, რომ არ იყოს ისე, რომ ვაშუქებდეთ და მერე აღარ ვინტერესდებოდეთ.

მედიაჩეკერი: როგორია თქვენი ღირებულებები, და როგორ უყურებთ მაუწყებლის მოვალეობას, უზრუნველყოს მრავალფეროვნება და იყოს სხვადასხვა სოციალური ჯგუფების, და მათ შორის, ეთნიკური, სექსუალური, თუ სხვა უმცირესობების პრობლემების რეპრეზენტატორი?

ლადო ტატიშვილი: საზოგადოებრივი მაუწყებელი, თავისი სახელწოდებიდან და იდეიდან გამომდინარე, ყველასია და ჩვენ ანგარიშვალდებული ვართ საზოგადოებასთან, ჩვენ სხვა უფროსი არ გაგვაჩნია, და ეს საზოგადოება არის სხვადასხვაგვარი. ჩვენთვის, მთავარი ღირებულება არის საქართველოს მოქალაქე, მიუხედავად, რელიგიური, თუ გენდერული იდენტობისა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ადამიანი არის საზოგადოების ნაწილი და დამთავრდა. ჩვენი ვალია გავაშუქოთ მათი პრობლემები.

მედიაჩეკერი: არხზე საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებულ ნორმებსაც კანონი განსაზღვრავს, რაც მენეჯერს ვერ მისცემს შესაძლებლობას, ამ მხრივ მოქნილი იყოს. ამის გათვალისწინებით, რამდენად თანხვედრაშია თქვენი ხედვები თქვენი გუნდის ხედვებთან?

ლადო ტატიშვილი: საკადრო ცვლილებებზე ჯერ ვერ ვისაუბრებ, 2 თვე ძალიან მცირე დროა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ახლაც მიმდინარებს დაკვირვება. ჩვენმა თანამშრომლებმა იციან, რომ ახლა ვმუშაობ სტრუქტურული რეორგანიზაციის პროექტზე, რადგან სხვაგვარად არაფერი გამოვა. ადამიანებს აშინებთ, როდესაც სიტყვა "რეორგანიზაცია" ესმით, თუმცა, დადებითად შეხვდნენ და ვფიქრობ, ეს სწორი კომუნიკაციის დამსახურებაა.

მედიაჩეკერი: რეიტინგების კვლევის კომპანიების მონაცემებით, არხის ყველაზე პოპულარული სატელევიზიო პროდუქტი სპორტია. სამომავლოდ რა ჟანრებს განავითარებთ?

ლადო ტატიშვილი: არასდროს "დავჩაგრავთ" კულტურას — ეს არის ის, რაც ჩემთვის ყველაზე უფრო ახლოა და მტკივნეულია, რომ დღეს, სამწუხაროდ, მაღალ ხელოვნებას და შემოქმედებას არც თუ ისე ბევრი მაყურებელი ჰყავს. ეს მიმართულება არც არის-ხოლმე ტელევიზიების პრიორიტეტი, და მიზეზად გეუბნებიან, მაყურებელი არ ჰყავსო. მე ვამბობ: მოდი, მაყურებელს შევთავაზოთ ყველაფერი და თავად აირჩიოს — რას უყუროს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს საკმაოდ საინტერესო გადაცემები აქვს ამ კუთხით და მე, ავტორებთან ერთად ვმუშაობ, რომ უფრო საინტერესო გახდეს ამგვარი გადაცემები, რომლებსაც შესაძლოა, დღეს არ ჰქონდეს მაღალი რეიტინგი, მაგრამ ვფიქრობ, საზოგადოებრივ მაუწყებელს მსგავსი ფორმატის გადაცემები უნდა ჰქონდეს და კიდევ უფრო მეტადაც გააძლიეროს.

დღევანდელ ტელესივრცეში ეს ველი არის აუთვისებელი, შეიძლება ითქვას, ცარიელიც კი და მინდა ყველაფერი გავაკეთო, რომ აჭარის ტელევიზია და რადიო გახდეს ამ კუთხით ფლაგმანი, რომ ეს ნიშა მთლიანად დავიკავოთ. რომ სიტყვა "კულტურა" ასოცირდებოდეს ჩვენს მაუწყებელთან. და როდესაც ვამბობ კულტურას, ამაში შემეცნებით-შემოქმედებით გადაცემებს ვგულისხმობ.

რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ ასევე უფრო მასობრივი, პოპულარული ჟანრის გადაცემები, რომლებითაც უნდა მოვიზიდოთ მაყურებელი. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.

მედიაჩეკერი: მეგაშოუებს გულისხმობთ?

ლადო ტატიშვილი: კი, ეს არის ჩვენს მიზნებს შორის. ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ვნახოთ, რა და რანაირად გამოვა.


რა ვიცით აჭარის ტელევიზიის მაყურებლის შესახებ?

რეიტინგების მთვლელი კომპანიის, TMI-ის მიერ, აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის შესახებ მომზადებული 2018-2022 წლის პროფილური ანგარიშის მიხედვით:

  • აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველაზე მეტი დრო მხატვრულ ფილმებს ეთმობა, თუმცა, ყველაზე ყურებადია სპორტი.
  • არხს, წლის განმავლობაში ყველაზე მეტი მაყურებელი აგვისტოს თვეში ჰყავს; 2018-22 წლებში, მაუწყებელს სხვა ასაკობრივ სეგმენტებთან შედარებით, ყველაზე მეტად უყურებენ მამაკაცები 63 წელს ზემოთ.
alt


  • გასულ, 2022 წელს, არხის მაყურებლისთვის ყველაზე ნაკლებად საინტერესო იყო თოქ-შოუ, წუთში საშუალო ყურების პროცენტული მაჩვენებლის პარამეტრით, 0.14%-ით.
  • არხზე ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი - 0.76%, სპორტულ ჟანრს აქვს.
alt

ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ