პარალელები მედიასთან ბრძოლაში, "ოცნებასა" და ავტორიტარ ლუკაშენკოს შორის — ინტერვიუ თეონა სეხნიაშვილთან, IPI
29.03.2023
საქართველოში სატელევიზიო რეიტინგებს 2 კომპანია ითვლის. მათი მონაცემები განსხვავებულია, თუმცა, ორივე მონაცემში სამთავრობო არხების, განსაკუთრებით — "იმედის" უპირატესობა ჩანს, რომლის რეიტინგი, ხშირ შემთხვევაში, კრიტიკული არხების ჯამურ მაჩვენებელზე მეტია. მთლიანობაში, ხელისუფლება აკონტროლებს იმ არხების დიდი ნაწილის საინფორმაციო პოლიტიკას, რომელიც 10 ყველაზე ყურებად არხს შორისაა.

ამას მედიის მიტაცება ჰქვია და ეს აერთიანებს რუსეთში პუტინის რეჟიმს, უნგრეთში ვიქტორ ორბანს, საქართველოში "ოცნებას" და ბელარუსში — ალექსანდრე ლუკაშენკოს.
  • პოლიტიკური და მედიალანდშაფტი ყველგან განსხვავებულია, მაგრამ მედიის პროპაგანდად ინსტრუმენტალიზების მეთოდები საერთოა: რაც შეიძლება მეტი კრიტიკული, დამოუკიდებელი მედიის გაჩუმება და დაქვემდებარებული მედიებით, დასავლეთისგან მტრის ხატის შექმნა.
მსგავსია პოლიტიკური და საკანონმდებლო ბერკეტებიც, რომელსაც რუსული ორბიტის ქვეშ მყოფი მთავრობები, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმართავენ.

ეს კი, ხშირად, ჟურნალისტების აბსურდული ბრალდებებით დევნას გულისხმობს, რისი მაგალითიც არის ბელარუსი, სადაც:
  • მედიის წარმომადგენლებს სხვადასხვა "სამართლებრივი მიზეზებით" აპატიმრებენ, გამოცემებს კი ბლოკავენ;
  • დევნიან არა მხოლოდ მედიასაშუალებებს, არამედ, ვიკიპედიის ავტორებს, ტელეგრამის, ტიკტოკის მომხმარებლებს, მათ შორის, მიზეზით — "ყალბი ანტირუსული მასალების გავრცელება";
  • "ტერორისტებად" და "ექსტრემისტებად" აცხადებენ ათასობით ადამიანს, და არა მხოლოდ ჟურნალისტებს: მწერლებსაც, ბლოგერებსაც, წიგნების მაღაზიებსა და გამომცემლებსაც.
ლუკაშენკო კი, უფრო აქტიურ "კონტრპროპაგანდას" ითხოვს, რაც, ავტორიტარულ ქვეყანაში, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ტოტალურ აკრძალვას მოიაზრებს.

ამაზე ვისაუბრეთ თეონა სეხნიაშვილთან, რომელიც ვენაში, "პრესის საერთაშორისო ინსტიტუტში" (*IPI) მუშაობს. იკვლევს და ეხმარება დამოუკიდებელ მედიას აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც ამ კუთხით ყველაზე საგანგაშო მდგომარეობა ახლა ბელარუსშია — ახლახან 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, რომლებიც კრიტიკულ მედიას, TUT.by-ს მართავდნენ. მანამდე, ეს გამოცემა ლუკაშენკოს რეჟიმმა "ექსტრემისტულად” გამოაცხადა.

თეონა სეხნიაშვილი ამბობს, რომ საქართველოსა და ბელარუსს ბევრი ფაქტორი განასხვავებს, თუმცა, საერთოა ტენდენცია, არა მხოლოდ მარგინალიზების გზით, საკანონმდებლო ბერკეტებითაც ჩაახშონ დამოუკიდებელი მედიის ხმა.

მოკლედ, თეონა სეხნიაშვილის შესახებ:
  • ვენის "პრესის საერთაშორისო ინსტიტუტის" (IPI) პროექტების ოფიცერი;
  • ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის (CEU) პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი.
მისი ძირითადი საქმიანი მიმართულებებია:
  • ევროპის მედია-ეკოსისტემის განვითარება;
  • მედიის პლურალიზმისა და ადგილობრივი მედიების განვითარების ხელშეწყობა.

მედიაჩეკერი: გავლენიანი მაღალჩინოსნებისგან, მედიის მიმართ, სულ უფრო ხშირად გვესმის შეფასებები, "ფაშისტები", "ექსტრემისტები" და ა.შ. სწორედ "ექსტრემისტებად" გამოაცხადა ლუკაშენკომ დამოუკიდებელი მედიები ბელარუსში, თანაც, საკანონმდებლო გზებით. რა პარალელებსა და საფრთხეებს ხედავთ ამ მხრივ საქართველოში?

თეონა სეხნიაშვილი: საქართველოში, ამგვარი ნიშნები ნათლად დავინახეთ ჯერ 2021 წლის 5 ივლისს, შემდეგ კი რუსული კანონის ინიციირებისას. ასეთი შინაარსის კანონები კი "ციდან არ ცვივა". რეალურად, ამას წინ უძღოდა ოპოზიციის, დამოუკიდებელი მედიისა და არასამთავრობო სექტორის "ერთ ქვაბში მოხარშვა", რომ ისინი ერთნი არიან, "რადიკალურები" არიან. შემდეგ, ამას დაამატეს ევროპული და დასავლური ინსტიტუტები, რომ ისინიც "ნაციონალები" არიან, შემდეგ კი, ყველა ეს ჯგუფი, პროპაგანდის მიერ გამოგონილი "გლობალური ომის პარტიის" ქვეშ გააერთიანეს.

ბელარუსსა და საქართველოში, მედიის დემონიზების კამპანიისას გამოყენებული ტერმინების მსგავსებაც ბევრზე მიმანიშნებელია. კრიტიკულად განწყობილი მედიისა თუ სამოქალაქო ჯგუფების "ექსტრემისტებად" მოხსენიება და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ბელარუსში ბევრად ადრე დაიწყეს და ამ სიტყვის სტიგმატურ-პროპაგანდისტულმა დატვირთვამ კანონის სახეც მიიღო.


*სარედაქციო ჩანართი: კანონი, "ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" ბელარუსში 2007 წელს მიიღეს. 2021 წელს კი, საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, გააფართოვეს "ექსტრემისტების" განსაზღვრება და ახლა ის ვრცელდება ბეჭდურ, აუდიო, თუ ვიზუალურ საინფორმაციო გზავნილებზეც, რომელიც მთავრობის ხედვით არის "დესტრუქციული" და ვრცელდება არა მხოლოდ მედიაზე, არამედ მათ შორის, ლიტერატურასა და დემონსტრაციებისას პლაკატების შინაარსზეც კი. 2023 წლის მარტის მონაცემებით, ბელარუსში "ექსტრემისტად" 2000-ზე მეტი ადამიანია გამოცხადებული, მათ შორის, მედიასაშუალებები და რიგითი მოქალაქეები, ასევე, ტელეგრამის არხები. კანონი ეხება "ექსტრემისტული მასალების" გამომწერებსაც კი.


თეონა სეხნიაშვილი:
იმავენაირად რადიკალური და კრემლისტურია ეს ლექსიკა საქართველოში, როგორც - ბელარუსში. პრემიერმა ღარიბაშვილმა "ექსტრემისტები" უწოდა პროდასავლური პროტესტის მონაწილეებს საპარლამენტო ტრიბუნიდან, ინტერპელაციის წესით მოხსენებისას. მანამდეც, მხოლოდ არასამთავრობოები და მედია კი არა, თინეიჯერებსა და სტუდენტებსაც ეძახა ექსტრემისტები "იმედის" ეთერიდან.

განსხვავება ისაა, რომ იქ, პირდაპირ ამბობს ლუკაშენკო, ჩვენ ავტორიტარული ქვეყანა-ვართო და, ამით ამაყობს კიდეც. საქართველოში კი, თან გვეუბნებიან, დემოკრატიული ქვეყანა ვართ და მაღალია ჩვენთან პრესის დამოუკიდებლობის ხარისხიო, და ამავდროულად, აშკარად ავტორიტარიზმისკენ მიდიან და ზღუდავენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ამ გადმოსახედიდან, ლუკაშენკო, რომელიც გაცხადებულად ავტორიტარი მმართველია, ბევრად გულწრფელია, ვიდრე — საქართველოს ხელისუფლება.

მედიაჩეკერი: რა შეაჩერებდა ხელისუფლების გამოხატულ სურვილს, დააზიანოს დამოუკიდებელი მედიის რეპუტაცია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება კი საკანონმდებლო ბერკეტებით შეზღუდოს?

თეონა სეხნიაშვილი: ხომ ვხედავთ, სადამდე მივიდა ჟურნალისტებისა და რიგითი მოქალაქეების გამოხატვის შეზღუდვის ფორმები ბელარუსში. მათ პირდაპირ ციხეში უშვებენ. მგონია, ამ მოცემულობით, ძალიან ძნელია ვთქვათ, რომ იქ რამე შეიძლება ეშველოს ჟურნალისტთა უფლებრივ მდგომარეობას, თუ არ შეიცვლება ხელისუფლება და სამწუხაროდ, მანამდე ვერც დაკავებული ჟურნალისტების გათავისუფლების პერსპექტივას ვხედავ.

ვიდრე საქართველოშიც მოხდება ავტორიტარიზმის ამგვარი კონსოლიდაცია, ვიდრე ჯერ კიდევ გვაქვს მმართველობის "ჰიბრიდული რეჟიმი", ჩემი აზრით, ყველაზე მეტად ახლა აქვს აზრი ბრძოლას. ახლა უნდა ვიბრძოლოთ სიტყვის თავისუფლებისთვის, სანამ აბსოლუტური დევნა დაიწყება. ახლა, საქართველოში საუკეთესო მომენტია ამისთვის, შესაძლებლობის ფანჯარა გვაქვს, წავიდეთ ისევ დემოკრატიისკენ, რაც მათ შორის, ნიშნავს ხელისუფლების ცვლილებას, ან კიდევ მეტად მივუახლოვდეთ ბელარუსს, სადაც, 2020 წელს საოცარი საპროტესტო ტალღა იყო, მართლა ყველაფერი გააკეთა იგივე, დამოუკიდებელმა პრესამაც და მოსახლეობამაც, მაგრამ ვეღარაფერი შეცვალა. ძალიან რთულია კონსოლიდირებულ ავტორიტარიზმის დამარცხება და ეს გაცილებით უფრო მარტივია ამ მომენტში საქართველოში, სადაც პროტესტს ჯერ კიდევ აქვს აზრი.

ამ მომენტში გვაქვს ამის შესაძლებლობა, მერე აღარ გვექნება. რუსეთზე ვამბობთ-ხოლმე, რატომ არ გამოდის ხალხიო. სიმართლე ისაა, რომ ძალიან რთულია ეს მოხდეს ქვეყანაში, როცა სახეზეა სახელმწიფოსა და ძალაუფლების შეპყრობა, მიტაცება. ეს ძალიან ართულებს წინააღმდეგობის გაწევას.

მედიაჩეკერი: მთავრობისთვის ახლა მტერია ყველა, ვინც "უცხოური გავლენის შესახებ" კანონპროექტში რუსულ მოტივებს ხედავს. და ვინც მტერია ხელისუფლებისთვის, მტერია სამთავრობო მედიისთვისაც, რომელიც აქციეს ისრად, დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. წლებია, მიზანმიმართულად აზიანებენ პრესას, როგორც დემოკრატიის ერთ ძირითად ფუნდამენტს და, ამ ძალისხმევის შედეგად, ვფიქრობ, საზოგადოების ერთ ნაწილს, შეიძლება კარგად აღარ ჰქონდეს გააზრებული, რატომ ეხება პრესაზე მიმართული შეზღუდვები უშუალოდ მას და მისი შვილის მომავალს. რას ეტყოდით მათ, ვისზეც მოახდინა გავლენა პროპაგანდამ?

თეონა სეხნიაშვილი: მეც მათ შორის ვარ, ვისაც ეგონა, რომ პრესის წინააღმდეგ შემუშავებული რუსული კანონის წარდგენას არ მოჰყვებოდა მასობრივი საპროტესტო ტალღა, ვფიქრობდი, რომ რიგით ადამიანს არ აღელვებს საქართველოში პრესის შეზღუდვა, მაგრამ შედეგმა გვაჩვენა, რომ ეს ასე არ არის.

ყველაფერი შეიცვალა, როდესაც მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, საქართველოში რუსული პროპაგანდის გამავრცელებელ ფიგურად იქცა. მისი საჯარო გამოსვლები ძალიან ჰგავს კრემლის პროპაგანდისტულ ლექსიკას და გაჯერებულია აბსურდული შინაარსებით, რაზეც თავიდან კი გვეცინებოდა, მაგრამ ახლა უკვე იმდენად ინტენსიურია ეს კამპანია, რომ თითქოს, მიეჩვია ყური ამ აბსურდს, რაც ბადებს ნიჰილიზმს. ვფიქრობ, სწორედ ამ ნიჰილისტური განწყობების იმედად იყვნენ რუსული კანონის შეთავაზებისას და ფიქრობდნენ, რომ არ ექნებოდა ამ საკითხზე ხალხს რეაქცია.

პროტესტის ამ ტალღაში დიდი როლი ჰქონდა ძლიერ სამოქალაქო სექტორსა და დამოუკიდებელ მედიას. ჩვენ, სამწუხაროდ, ხშირად არ ვსაუბრობთ, რამდენად ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება გვყავს.

მნიშვნელოვანია, რომ კიდევ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცოდეს, რომ ბელარუსი და რუსეთია იმის ნათელი მაგალითი, რომ პრესისთვის განსაზღვრული საკანონმდებლო შეზღუდვები რეალურად, მიემართება ყველას, ვისაც კრიტიკულ აზროვნებაზე, და ამ კრიტიკული მოსაზრებების ხმამაღლა გამოხატვაზე აქვს პრეტენზია.

მედიაჩეკერი: ხელისუფლების ბრძოლაში დამოუკიდებელი პრესის წინააღმდეგ, ძალადობის წამახალისებელი ლექსიკა ერთ-ერთი არსენალია, რასაც ჟურნალისტებზე ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმები არაერთხელ მოჰყვა. შიშის დანერგვის საერთო კამპანიის ნაწილში უნდა დავინახოთ ესეც?

თეონა სეხნიაშვილი: კი, ეს არის დაშინების მექანიზმი. როდესაც ხალხი ხედავს, როგორ ექცევა ხელისუფლება დამოუკიდებელი მედიის რედაქტორებს, ცხადია, ეს მათში ნერგავს შიშს: მას თუ იჭერენ, ასე ამცირებენ საჯაროდ და სწამებენ ცილს, ანადგურებენ ტროლ-ბოტებით, მე რას მიზამენ? და როცა ჩნდება ტოტალური შიში, მერე ყველა დერეფნებში და სამზარეულოებში იწყებს საუბარს, რაც "1984"-ის სიურრეალიზმს რეალურს ხდის.

და თუ დღეს არ ექნება ამ ყველაფერზე წინააღმდეგობა რიგით მოქალაქეს, შესაძლოა, ათ წელში საქართველო გახდეს ბელარუსის ანალოგი, ამაში დარწმუნებული ვარ.

საქართველოსთან მიმართებით ხშირად საუბრობენ პოლარიზებაზე და ვფიქრობ, ეს სიტყვა უნდა ამოვიღოთ ლექსიკონიდან, ან უნდა დავუმატოთ განსაზღვრება, რომ ძალიან ხშირად, ეს პოლარიზაცია არის ხელოვნურად შექმნილი და არა — ბუნებრივი. როდესაც ბოტები წერენ ფეისბუქზე, ეს ბუნებრივად არ ხდება, ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკა მიზნით — დაყავი და იბატონე, ოღონდ, საკუთარი მოსახლეობის მიმართ: მოდი, ამ ხალხს დავანაწევრებ, წარმოვაჩენ, რომ ეს არის დაყოფილი და პოლარიზებული საზოგადოება და ასე შევინარჩუნებ ძალაუფლებას. ჩემი აზრით, მედიაგარემოშიც და ზოგადადაც, ეს ძალდატანებითი პოლიტიკა ქმნის პოლარიზებას. როცა ამდენი ხალხი გამოდის 7-8 მარტის აქციებზე და მეორე დღეს რამდენიმე წაქეზებული ადამიანი ევროკავშირის დროშას დაწვავს, არ ნიშნავს, რომ პოლარიზებული საზოგადოება ვართ. მგონია, რომ ეს არის თავსმოხვეული ხელოვნურად დაყოფა.

მედიაჩეკერი: სუს-ის კონტრდაზვერვის ანგარიშებით, საზოგადოების დაყოფა რუსეთის მიზანია საქართველოში, მაგრამ ამაზე დუმს სამთავრობო მედია. როგორ ხედავთ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ჰიბრიდული და საინფორმაციო ომის ფონზე სამთავრობო მედიის პასუხისმგებლობას?

თეონა სეხნიაშვილი: არ მიყვარს ადამიანების რაიმე ნიშნით "მარკირება", მაგრამ მგონია, რომ ისინიც, მთავრობასთან ერთად, ამის თანამონაწილეები არიან.

მედიაჩეკერი: ვფიქრობ, ამ არხებზე არიან ადამიანები, ვინც იაზრებს დემოკრატიისთვის დამოუკიდებელი პრესის მნიშვნელობას, რადგან თავად იყვნენ წინა ხელისუფლების დროს დამოუკიდებელ მედიაზე შეტევის მსხვერპლი.

თეონა სეხნიაშვილი: მე არ ვარ ასეთი ოპტიმისტი, სკეპტიკურად ვარ განწყობილი, თუნდაც, "იმედის" არსებული შემადგენლობის მიმართ. მე მგონია, რომ აი აქ და ახლა გადის ზღვარი. ახლა თუ არ წავლენ, ამას არ გააკეთებენ ხვალ. ვინც თავის დროზე დაინახა ცენზურის პირველი ნიშნები, უკვე დიდი ხნის წინ დატოვა არხი, მაგალითად, დიანა ტრაპაიძემ, თამუნა ჩიხლაძემ. დღეს კი, "იმედი", თავისი შინაარსით იგივე დონეა, რაც "პოსტივი", ან "ალტ ინფო".

მედიაჩეკერი: ვსაუბრობთ, როგორ დაემსგავსა ხელისუფლება ავტორიტარულ ლუკაშენკოს, ქართული სამთავრობო მედიები რამდენად დაემსგავსნენ მთავრობის გავლენის ქვეშ მოქცეულ მედიებს ბელარუსში?

თეონა სეხნიაშვილი: ბელარუსში კვლევა გააკეთა ჟურნალისტების ასოციაციამ. პროპაგანდის მთავარი გზავნილები შემდეგნაირია:
  • 50/50-ზე იყო ის გზავნილები, სადაც აქებდნენ მთავრობას და ის გზავნილები, სადაც დისკრედიტებდნენ ევროპას, მოიხსენიებდნენ "ტერორისტად" და მიაწერდნენ ყველა პრობლემას.
  • შემდეგ, ძალიან პატარა ნაწილი იყო ღიად პრორუსული, პირდაპირი მოწოდება, რომ რუსეთია კარგი.
ეს არის ერთ-ერთი ძირეული, რაც ქართულ სახელისუფლებო მედიასა და ბელარუსულს ახასიათებს და ეს ტექნიკები არის გამოყენებული რუსეთშიც, რომ ყველაფერი უბედურების წყარო დასავლეთშია. ბელარუსში, თუ ომამდე ლოკალური იყო სამთავრობო მედიის ნარატივი, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ის რუსეთის საინფორმაციო სივრცის ნაწილად იქცა, ისევე, როგორც — საქართველოში სახელისუფლებო მედია.

რუსული პროპაგანდა კი, ასე მუშაობს:
  • დემონიზება შენი მოწინააღმდეგის;
  • არაარგუმენტირებული დისკურსი: აბა, შენ რით ხარ უკეთესი? შენ უარესი ხარ, შენ არ გაქვს ხმის ამოღების უფლება;
  • აპელირება ემოციებზე, და ეს არის ასევე, რელიგიაზე აპელირება, რომ ჟურნალისტები ებრძვიან ეკლესიას — იგივეა ბელარუსში, რომ თითქოს, ჟურნალისტები ლახავენ სხვების რელიგიურ გრძნობებს და ამის გამო სვამენ მათ ციხეში.
  • ბრალდებების განზოგადება: თუნდაც რელიგიური თემების მაგალითზე, თუ ერთი ვინმე ადამიანი, ჟურნალისტი, ან არასამთავრობო სექტორიდან გაბედავს, გააკრიტიკოს ეკლესია, ან პატრიარქის რაიმე პოზიცია, ამას განაზოგადებენ, რომ აი, ნახეთ, როგორ სძულთ ჟურნალისტებსა და არასამთავრობოებს პატრიარქი.
  • და შიშზე აპელირება: რომ, თუ შენ მე არ დამიჭერ მხარს, მოვლენ "ნაციონალები", რომლებიც სისხლის მდინარეებს დააყენებენ. რომ თუ ჩვენ არ დაგვიჭერ მხარს — ომი დაიწყება. ანუ შიშზე აპელირება არის ერთ-ერთი მთავარი პროპაგანდისტული ხერხი და ბოლოს, ამ ყველაფერის ისტერიულად გამეორება, რადგან რაც მეტად იმეორებენ, ნაკლებად სასაცილო ხდება მათი აბსურდული გზავნილები და ესეც, ცხადია, რუსეთის მიერ კარგად "დატესტილი" პროპაგანდისტული მიგნება და მეთოდია.

მედიაჩეკერი: ამ მოცემულობას უპირისპირდება დამოუკიდებელი მედია. თუმცა, ხელისუფლების თავდასხმებისა და ფინანსურ პრობლემების გამო, ძალიან რთულია ეს ბრძოლა. მნიშვნელოვანია, რომ ამ უდიდესმა გამოწვევებმა შეუძლებელი არ გახადოს ჩვენი საქმიანობის მთავარი მიზანის რეალიზება — ვემსახურებოდეთ აუდიტორიის, რიგითი მოქალაქის საუკეთესო ინტერესს. რა რჩევები გაქვთ?

თეონა სეხნიაშვილი: არსებობს რამდენიმე ბერკეტი, რაც დამოუკიდებელ მედიას გახდის უფრო მდგრადს ხელისუფლების წნეხის მიმართ.
  • 1. საქართველოში არსებული დამოუკიდებელი მედია უნდა გახდეს საერთაშორისო ჟურნალისტური ქსელის უფრო აქტიური ნაწილი, რაც გულისხმობს იმას, რომ აქტიური კავშირი უნდა დაამყაროს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ჟურნალისტურ ღონისძიებებში და ისაუბროს საქართველოს მედიის წინაშე არსებულ პრობლემებზე, იმაზე, თუ რატომ და რა მიმართულებით არის საჭირო საერთაშორისო საზოგადოების დახმარება.
  • 2. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიაგარემო იყოს დაფუძნებული არა კონკურენციაზე, არამედ კოლაბორაციაზე. ვფიქრობ, საქართველოში თავისუფალ მედიას შეუძლია ძალების გაერთიანება, უფრო აქტიური თანამშრომლობა, თუნდაც როცა საქმე ეხება, კონტენტის მომზადებას, განსაკუთრებით ეფექტურია თანამშრომლობა ჟურნალისტური გამოძიებების მიმართულებით.
  • 3. დამოუკიდებელი მედიის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, მოიპოვოს პუბლიკის ნდობა, რაც შესაძლოა ხშირად უფრო მნიშვნელოვანიცაა, ვიდრე რეიტინგი, გვერდის ნახვები და ა.შ. ამისთვის აუცილებელია პუბლიკასთან მუდმივი უკუკავშირის ქონა.
ასევე წაიკითხეთ: რით ჰგავს "ოცნების" პროპაგანდისტული გზავნილები კრემლის ტაქტიკებს — ინტერვიუ ირინე კურტანიძესთან

ავტორი : გიორგი გიორგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ