სექსუალური შევიწროვება, მედიის სტანდარტი და პრობლემები - ინტერვიუ ანა აბაშიძესთან
30.03.2023
20 მარტს, გამოცემა "ტაბულას" ჟურნალისტმა, მაკო ჯაბუამ, სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე წლის წინ გასაუბრებაზე, ტელეკომპანია "პოს ტვს' თანადამფუძნებელმა, შალვა რამიშვილმა სექსუალურად შეავიწროვა.

მის "ფეისბუქ პოსტს" გამოეხმაურნენ სხვა ქალები, რომლებიც რამიშვილს იმავე დანაშაულში ამხელდნენ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რამიშვილს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ.

ის 2018 წელს, ტელეკომპანია "იმედის" ყოფილმა თანამშრომელმა, თათია სამხარაძემაც ამხილა და სასამართლო პროცესი მოუგო. რამიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 ათასი ლარის გადახდა დააკისრა, სააპელაციომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

იურისტ ანა აბაშიძეს ვესაუბრეთ სექსუალური შევიწროების თემაზე დამკვიდრებულ სტერეოტიპებსა და მედიის მიერ სწორად გაშუქების მნიშვნელობაზე.

მოკლედ, ანა აბაშიძეზე
  • უფლებადამცველი ანა აბაშიძე "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ერთ-ერთი დამფუძნებელია.
  • სწორედ ეს ორგანიზაცია იცავდა სააპელაციო სასამართლოში თათია სამხარაძის ინტერესებს.
მოკლედ, ინტერვიუს მთავარი გზავნილები
  • კონკრეტული ცვლილებებისთვის მედია არის სრულფასოვანი პარტნიორი და ეს მათ შორის ხელისუფლებისთვისაც ასე უნდა იყოს.
  • ინდივიდის პერსპექტივიდან, რომ შევხედოთ ვერც ერთი ქალი ვერ გააგონებდა ხმას ვერავის, რომ არა მედიის მხარდაჭერა, თათიას დროსაც და ახლაც.
  • საერთო ინტერესია, რომ მედიის სტანდარტები დაიხვეწოს, მათ შორის, იმისთვისაც, რომ არ დაიკარგოს საზღვარი იმისა, თუ რა არის სწორი სტანდარტი? - "პოს ტვს" კონკრეტული გადაცემები თუ ეთიკური მედიის, რომლებიც დროს და ენერგიას არ იშურებენ, რომ უკეთ გააშუქონ.
  • ჩვენთვის, ყოველთვის ძალიან მტკივნეულია, როდესაც მედიას რაღაც არასწორად ესმის, განსაკუთრებით თუ განზრახვა აქვს, რომ რაღაც "გააფუჭოს" ამას აქვს ძალიან დიდი, დამაზიანებელი შედეგი.
  • ხალხი მუდმივად უნდა იყოს კრიტიკული მედიის მიმართ და ითანამშრომლონ პროფესიულ წრეებთან, მაგალითად ჩვენ ("პარტნიორობა ადამიანთა უფლებებისთვის") "ვმეგობრობთ" ყველა მედიასთან, მაგრამ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში თითქმის ყველა მათგანის წინააღმდეგ შეგვიტანია განცხადება.

როგორ ფიქრობთ, რა შეცვალა თათია სამხარაძის შემთხვევამ, როგორ შეიცვალა საზოგადოება 2018 წლიდან დღემდე?

თათია სამხარაძის შემთხვევა იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სამსახურეობრივ ურთიერთობაში, არასასურველი სექსუალური შინაარსის ურთიერთობების სამართლებრივი შეფასება სადისკუსიო თემა გახდა.

ამგვარი სამართალდარღვევები, სამწუხაროდ, ყოველთვის ხდებოდა, თუმცა მანამდე, ქალები ვერ ბედავდნენ ამ თემაზე ღიად საუბარს და კაცები არცკი აღიქვამდნენ დანაშაულად.

დამატებით, ქალებს არც ეგულებოდათ სამართლებრივი სივრცე, რომ ეს საკითხი საზოგადოებისა და მართლმსაჯულებისთვის სამსჯელო გაეხადათ.

რომ შევადაროთ, დღეს, ყველამ იცის, რომ:
  • სექსუალური შევიწროება არის კანონდარღვევა;
  • სამუშაო გარემოში სექსუალური შინაარსის კომუნიკაციები პრობლემურია;
  • განსაკუთრებით ხელმძღვანელისგან, არასასურველი ფლირტი, უხამსი ან ნებისმიერი სექსუალური შინაარსის მიმართვა არის მიუღებელი;

პირველი რაც ყოველთვის ხდება, არის საუბარი და მერე ეს ღია საუბრები გადაინაცვლებს სასამართლოში. დღეს, ვხედავთ, რამდენი ქალია, რომელიც თამამად საუბრობს და ეს მხოლოდ საზოგადოების ზრდასა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას მიანიშნებს.

ტექნიკურად, სწორედ თათია სამხარაძის საქმის შემდეგ მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფა და დაემატა განსაზღვრებები, მაგალითად ანტიდისკრიმინაციულ კანონში გაჩნდა ახალი მუხლი, შრომის კოდექსს დაემატა მკაფიო ჩანაწერები, სადაც ასევე სექსუალური შევიწროების აკრძალვაზეა საუბარი.

სასამართლო სისტემას თათია სამხარაძემდე არცერთხელ უმსჯელია სამსახურეობრივ ურთიერთობებში სექსუალური შევიწროების შემთხვევებზე.

შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით, დღევანდელი მოცემულებით, რამდენად ეფექტიანია ის კანონმდებლობა რაც არსებობს სექსუალურ შევიწროებაზე?

შემიძლია შევაფასო, რომ ეს საკანონმდებლო ბაზა ჩვენ, იურისტებს გვაძლევს შესაძლებლობას დავიცვათ ქალები და აქ მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები არ გვხვდება.

ალბათ, ამ ეტაპზე მეტად საჭიროა, რომ თვითონ საქმეთა წარმოების დროს გავაძლიეროთ მოსამართლეები, ჰქონდეთ შესაძლებლობა თვალი ადევნონ სხვა ქვეყნების პრაქტიკას, საერთაშორისო კანონმდებლობას, იმისთვის, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ისინი არ დაეყრნონ მხოლოდ ქართულ კანონმდებლობას.

მნიშვნელოვანია მოსამართლეების მხარდაჭერა იმ თვალსაზრისითაც, რომ მათ კარგად ესმოდეთ მოძალადის და მსხვერპლის მდგომარეობა, იმისთვის, რომ არ "გაეპაროთ" სტერეოტიპული შეფასებები, რომელიც არაერთხელ გვინახავს სასამართლო გადაწყვეტილებებში.

მიმდინარე პროცესების დროს, შალვა რამიშვილმა და მისმა თანაწამყვანებმა ("სამნი და კო") არაერთხელ თქვეს, რომ ის რაც ამ ქალებმა გაასაჯაროვეს, იყო უბრალოდ კომპლიმენტი და ისინი აქტიურად ამართლებენ რამიშვილს, მთლიან პროცესს კი "დაგეგმილ კამპანიას" უწოდებენ.

რამდენად უწყობს ხელს მსგავსი იდეების ტელევიზიით გავრცელება სექსუალური შევიწროების რომანტიზებას და იმას, რომ არასერიოზულად აღიქვან ქალები, რომლებიც ამ თემებზე საუბრობენ?

პირველ რიგში ვთქვათ ის, რომ ეს გადაცემა ("სამნი და კო") არის მხარე და ეს არ არის ნეიტრალური მედია, რომელზეც მედიის სტანდარტებით უნდა ვიმსჯელოთ, რადგან გადაცემის წამყვანი (შალვა რამიშვილი) არის სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ადამიანი, რომელიც სასამართლო პროცესზე წარმოადგენდა მხარეს.

ცალკეულ ჟურნალისტს, რომელიც დღეს შეიძლება ამ ტელევიზიაში მუშაობს, არ იზიარებს რამიშვილის სარედაქციო პოლიტიკას, მაგრამ ვერ ცვლის, ვერ ეწინააღმდეგება, მე, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ, თათია სამხარაძეც იგივე მდგომარეობაში იყო, ვერ ეწინააღმდეგებოდა დამსაქმებლის პოლიტიკას და სამუშაო ადგილის დატოვება მოუწია.

სხვადასხვა ტელევიზიისა თუ ჟურნალისტის პროფესიული ეთიკის შეფასებისთვის მეტნაკლებად ამ კრიტერიუმებს ვიყენებთ:
  • არის თუ არა ის ნეიტრალური?
  • საზოგადოების ინფორმირებაზე ორინტირებული?
  • სტერეოტიპებისგან დაცლილი?
ეს გადაცემა და მისი წამყვანები "არ ითვალისწინებენ" ამ კრიტერიუმებს, ამიტომ მათ შეგნებულად მცდარი ინფორმაცია მიაქვთ მოსახლეობასთან, თავიანთ იდეოლოგიას ავრცელებენ ზოგადსაკაცობრიო იდეად და მინიმუმ იმასაც არ ამბობენ, რომ ეს "კომპლიმენტი" სექსულურ შევიწროებად ფასდება სხვადასხვა წრეებში.

გადაცემა "სამნი და კო" არ ემსახურება იმ მიზნებს, რასაც ზოგადად მედია უნდა ემსახურებოდეს.

მე მხარს ვუჭერ მედიათავისუფლებას, მაგრამ არის გარკვეული საკითხები, სადაც შეიძლება მეტი პროფესიული რეგულაცია იყოს. მაგალითად, უკანონობის ამგვარი გავრცელებისას, როდესაც მოსახლეობას შეგიძლია უთხრა, რომ შევიწროება შევიწროება არაა, რაც ფაქტსა და საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, ეს უნდა ჩაითვალოს თუ არა მედია თავისუფლებად პროფესიულმა თემმა უნდა გადაწყვიტოს.

ვფიქრობ, რომ ამგვარი "თავისუფლება" დააზიანებს ზოგადად მედიას, მის ღირებულებებს და ვერ შეასრულებს საზოგადოებისთვის მთავარ მიზანს - ინფორმირებას.

პროფესიულ წრეში უნდა დაისვას ეს შეკითხვები სად გადის ზღვარი "თავისუფლებასა" და დამაზიანებელ მედიაპროპაგანდას შორის.

როგორია მედიის როლი და შეიცვალა თუ არა გაშუქების სტანდარტი 2018 წლიდან დღემდე?

მედიას დღეს, პრაქტიკულად, გადამწყვეტი როლი აქვს იმაში, თუ როგორ წავა საზოგადოებრივი განვითარების ხაზი. მას შეუძლია დრამატული ზიანი მიაყენოს ამ განვითარებას და ამავდროულად, შეუძლია, დადებითი თვალსაზრისით, ყველაზე სწრაფი ცვლილებაც კი გამოიწვიოს.

ამას, რა თქმა უნდა, დახვეწილი ეთიკური და დაბალანსებული შინაარსით აკეთებს, ამიტომ, მე, მედიას ერთ-ერთ მთავარ აქტორად მივიჩნევ ადამიანის უფლებებში, ჩვენ მათ გარეშე გაგვიჭირდებოდა იმ საქმეების გაკეთება, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ადამიანებისთვის სასიკეთო შედეგი მოაქვთ.

ჩვენთვის, ყოველთვის ძალიან მტკივნეულია, როდესაც მედიას რაღაც არასწორად ესმის, განსაკუთრებით თუ განზრახვა აქვს, რომ რაღაც "გააფუჭოს" ამას აქვს ძალიან დიდი, დამაზიანებელი შედეგი, მაგალითად, შალვა რამიშვილის კონკრეტულ გადაცემებს სადაც უშუალოდ მონაწილეობს და კიდევ რამდენიმეს სადაც თავად არ მონაწილეობს მაგრამ მისი სარედაქციო პოლიტიკა არის წამყვანი.

ვცდილობთ, ხოლმე რომ მედიასთან ჩვენი თანამშრომლობა იყოს პროფესიონალური და ურთიერთმხარდაჭერითი. ინდივიდის პერსპექტივიდან, რომ შევხედოთ ვერცერთი ქალი ვერ გააგონებდა ხმას ვერავის რომ არა მედიის მხარდაჭერა თათიას დროსაც და ახლაც.

დღეს მედია უფრო ეთიკურად აშუქებს და ნაკლებ შეცდომას უშვებს, ამიტომაც სწორად ჩანს პრობლემა. თუმცა, აქაც არის გამოწვევები, საერთო ინტერესია, რომ მედიის სტანდარტები დაიხვეწოს, მაგალითად იმისთვისაც, რომ არ დაიკარგოს საზღვარი რა არის სწორი სტანდარტი? "პოს ტვს" კონკრეტული გადაცემები თუ სხვა ეთიკური მედიის, რომლებიც დროს და ენერგიას არ იშურებენ, რომ უკეთ გააშუქონ.

პათეტიკის გარეშე, სრულიად თანაბარმნისშველოვანია ნაწილია დემოკრატიისა და მშვიდობის შენების - ასე ვხედავთ ჩვენ მედიის როლს.

ხშირად, მედია თავად ავრცელებს სტერეოტიპებს, რა გზები არსებობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად?

ამ თემაზე უამრავი კვლევა არსებობს და უკვე შეფასებულია, რომ როდესაც არ ხარ მზად და რისკები გააზრებული არ გაქვს, შენ ნებით თუ უნებლიედ, შეიძლება, სტერეოტიპები გაატარო ან კვლავ აწარმოო ანუ ის გააცოცხლო, რომლებიც მილევის რეჟიმშია.

რა თქმა უნდა, სხვადასხვა გზა არსებობს, იმისა თუ როგორ შეიძლება მსგავსი შეცდომები თავიდან ავიცილოთ:
  • პირველ რიგში, პროფესიული კრიტიკა, "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას" ვგულისხმობ, სადაც ამ თემაზე ორიენტირებული პროფესიონალების ზრდა აწევდა გაშუქების ხარისხს.
  • არსებობს პრაქტიკა, რომ მედიასაშუალებებში ჰყავთ ე.წ "მრჩევლები", კონკრეტული ადამიანები, რომლებიც კრიტიკული თვალით უყურებენ კონტენტს დაგეგმვის დროს, ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით სენსიტიური საკითხების გაშუქებისას, რადგან არ ვართ სპეციალიზებულები და შეიძლება აქ მეტად დავუშვათ შეცდომა.
  • არის მიდგომა, რომ ჟურნალისტები პერიოდულად გადიოდნენ გარკვეულ ტრენინგებსა და გადამზადებებს.
  • ახლოს ყოფნა თემის წევრებთან, საიდანაც ყველაზე სწორად გაიგებს რა უნდა გაშუქდეს ან რამ შეიძლება რომ არასწორი ინტერპრეტაციები გამოიწვიოს.
  • საზოგადოებრივი კრიტიკა, ხალხი მუდმივად უნდა იყოს კრიტიკული მედიის მიმართ და ითანამშრომლონ პროფესიულ წრეებთან, მაგალითად ჩვენ ("პარტნიორობა ადამიანთა უფლებებისთვის") "ვმეგობრობთ" ყველა მედიასთან, მაგრამ "საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში" თითქმის ყველა მათგანის წინააღმდეგ შეგვიტანია განცხადება, თუმცა ამას არ შეუქმნია ჩვენს შორის "მტრული გარემო". ეს არის პროფესიული გზა, რომლითაც ერთმანეთს განვითარებაში ვეხმარებით.
ბოლო პერიოდის თემებს რომ შევეხოთ, პროფესიული წრეები დუმან. მაგალითად, დღემდე არ გვაქვს განცხადება ეთიკის ქარტიისგან, "პოს ტვს" ბოლოდროინდელი ქმედებების პროფესიული შეფასებაზე, რაც დაგვიანებულია, დამაზიანებელია ჩვენთვისაც და ეს ხელს უწყობს არაეთიკური მედიის ქცევის გაგრძელებას.

სამართლებრივად რაზე შეიძლება ვედაოთ რამიშვილს, იმიტომ, რომ ის ამავდროულად ჟურნალისტია - ამაზე პასუხი მე პროფესიულმა თემმა უნდა მითხრას.

ავტორი : თამარ თოიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ