19.07.2023
შესაძლებელია, ჟურნალისტებმა შეინარჩუნონ ობიექტურობა საკუთარ ქვეყანაში ომის გაშუქებისას? რა ეთიკურ და მორალურ დილემებს აწყდება უკრაინული მედია, უკრაინაში რუსეთის ომის გაშუქებისას — "The Kyiv Independent"-ის ერთ-ერთ დამფუძნებელთან, ჟურნალისტ ანნა მირონიუკთან ინტერვიუში ვისაუბრეთ.
მოკლედ ანნა მირონიუკზე:
- ანნა მირონიუკი უკრაინული გამოცემა, "The Kyiv Independent"-ის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელია.
- სტატიებს წერს ისეთი გავლენიანი გამოცემებისთვის, როგორიცაა New York Times, Washington Post, OCCRP და სხვა.
- მისი ჟურნალისტური გამოძიება მოიცავს ისეთ თემებს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ჯანდაცვასა და კორუფცია.
- 2023 წელს, ევროპის პრესის პრიზის გამარჯვებული გახდა სტატიისთვის, რომელიც საერთაშორისო ლეგიონში ხელმძღვანელების მხრიდან მებრძოლთა შეურაცხყოფასა და მუქარას შეეხებოდა.
- 2023 წლის ივნისში, ამბის თხრობის ფესტივალის ფარგლებში (*ZEG), USAID მედია პროგრამის მხარდაჭერით, ანნა მირონიუკი თბილისში ქართველ კოლეგებს შეხვდა და გამოცდილება გაუზიარა.
- "ომის დროს არ გაქვს უფლება, რომ უბრალოდ, სხვა ამბავზე "გადაერთო".
- "ობიექტურობა ნიშნავს, რომ აუდიტორიას მიაწოდო საჭირო კონტექსტი და სრული სურათი, რათა თავად მიიღონ გადაწყვეტილება."
- "ვფიქრობ, "The Kyiv Independent"-ი თავისი გაშუქებით ადასტურებს, რომ ჩვენ არ ვართ ხელისუფლების პრეს-სამსახური."
- "პრეზიდენტი ზელენსკი არ მიიჩნევს, რომ მედია შუამავლად ესაჭიროება, მას შეუძლია, პირდაპირ მიმართოს საზოგადოებას და "კუთხეში მომწყვდეულს" არ მოუწიოს ჟურნალისტების კრიტიკულ კითხვებზე პასუხის გაცემა."
- "იმოქმედეთ ეთიკურად და მიჰყევით ფაქტებს, სწორედ ეს არის
ჟურნალისტიკის ფუნდამენტი, სხვა შემთხვევაში ხდები პიარი ან
პროპაგანდისტი."
ანნა მირონიუკი: ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა უსაფრთხოებაა, რადგან ჩვენი გამოცემა კიევში მდებარეობს. უკრაინის დედაქალაქი კი, პირველი სამიზნეა რუსული სამხედრო ძალებისთვის.
დამატებით, ჩვენი რეპორტიორები უკრაინის სხვადასხვა ტერიტორიებიდან, ომის ცხელი წერილებიდან მუშაობენ - სადაც მათი სიცოცხლე საფრთხეშია. 2022 წლის 24 თებერვლიდან უკრაინაში მოქმედებს საომარი მდგომარეობა, რაც თავისთავად ზღუდავს გამოცემების სიტყვის თავისუფლებას.
ამასთანავე, ჟურნალისტების მენტალური მდგომარეობა და "გადაწვა" მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგან ისინი რუსეთის ომს უკრაინაში 2014 წლიდან აშუქებენ. თუმცა, ახლანდელი სრულმასშტაბიანი ომი განსაკუთრებით აისახება მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.
ომის დროს ყოველ წამს ამ ამბავში ხარ, არ გაქვს უფლება, რომ რაიმე სხვაზე გადაერთო. ისმენ ადამიანების ისტორიებს და ეს აუდიტორიამდე მიგაქვს, ცხადია, რომ ამას შენზე აქვს გავლენა.
მედიაჩეკერი: როდესაც საკუთარი ქვეყნის ომს აშუქებ, ობიექტურობის შენარჩუნება შესაძლებელია?
ანნა მირონიუკი: ვფიქრობ, ობიექტურობა ნამდვილად შესაძლებელია. ზოგიერთი ჟურნალისტი ფიქრობს, რომ ეს ორი მხარისთვის საუბრის შესაძლებლობას ნიშნავს, რაც ასე არ არის. "იმან თქვა ის, ამან თქვა ეს", სრულ კონტექსტს უნდა მოარგო და ისე მიაწოდო საზოგადოებას.
ჩემთვის, ობიექტურობა აუდიტორიისთვის სრული სურათის წარმოდგენაა, რათა შემდეგ, მიღებული ინფორმაციით, თავად შეძლონ გადაწყვეტილების მიღება.
ვფიქრობ, "The Kyiv Independent"-ი თავისი გაშუქებით ადასტურებს, რომ ჩვენ არ ვართ ხელისუფლების პრეს-სამსახური. კრიტიკა, მიუკერძოებლობა და გულწრფელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელია.
მედიაჩეკერი: ომის დაწყების შემდეგ, გაიზარდა ცენზურა? ანუ უკრაინის ხელისუფლება უფრო სენსიტიური გახდა კრიტიკული მასალების მიმართ?
ანნა მირონიუკი: საომარი მდგომარეობა ხელისუფლებას აძლევს საშუალებას, რომ გააკონტროლოს ქვეყანაში გამოქვეყნებული მასალები. გართულდა საჯარო ინფორმაციაზე წვდომა, რადგან გვპასუხობენ, რომ გამოთხოვილი ინფორმაცია ახლა სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს.
თუმცა, გართულებულ პირობებშიც კი, არსებობს უკრაინული გამოცემები, რომლებიც დამოუკიდებლად მუშაობას აგრძელებენ.
მედიაჩეკერი: რუსეთის უკრაინაში ომის დროს, პრეზიდენტ ზელენსკის ფიგურა რომანტიზებულია, მათ შორის, ქართველი ჟურნალისტების ნაწილშიც. ომამდე, ზელენსკი ხშირად არ ჩნდებოდა კამერებსა და ჟურნალისტებთან. შეიცვალა მისი ეს დამოკიდებულება?
ანნა მირონიუკი: ვერ ვიტყოდი, რომ კამერების წინ დგომა არ უყვარს, პირიქით, უბრალოდ, მას ჟურნალისტები არ მოსწონს. ის კამერასთან საკმაოდ კომფორტულადაა და ყოველდღიურ ვიდეოებსაც წერს, თუმცა, მას არ სჭირდება ჟურნალისტი, როგორც საზოგადოებასთან "შუამავალი".
ეს, ვფიქრობ, მისი მხრიდან პოპულისტური ნაბიჯია, რადგან ღიაობის ილუზიას ქმნის და მე, როგორც ჟურნალისტს, შანსს არ მაძლევს, საზოგადოებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი კითხვები დავუსვა. ის ინტერვიუს არ აძლევს უკრაინულ მედიას, ესაუბრება უცხოურ გამოცემებს, თუმცა, ეს სხვა რამ არის.
რამდენჯერმე იყო "off the record" (*ჩანაწერის გარეშე) შეხვედრა - "ფავორიტი ჟურნალისტების" შეკრებები, თუმცა, სხვა არის, როდესაც სრულ ინტერვიუში პასუხობ კრიტიკულ გამოცემას.
ვფიქრობ, მისი დამოკიდებულება არ შეცვლილა, რადგან პირველად საპრეზიდენტო არჩევნებისასაც სწორედ ასე ფიქრობდა, რომ მედია არ სჭირდება, როგორც შუამავალი. მას შეუძლია პირდაპირ საზოგადოებას მიმართოს, თუმცა, ფაქტია, კრიტიკული კითხვებით "კუთხეში მომწყვდევა" არ მოსწონს.
მედიაჩეკერი: ადამიანები იღლებიან ნეგატიური ამბებით. 2022 წლის თებერვლიდან-აპრილამდე, Google Trends-ის მიხედვით, "რუსეთის ომი უკრაინაში" ყველაზე ხშირად მოძიებული ფრაზა იყო, თუმცა, 2023 წლის იმავე პერიოდში ეს რიცხვი მკვეთრად შემცირდა.
ცხადია, უკრაინელებისთვის ომს შეწირულთა რაოდენობა სტატისტიკა არასდროს გახდება, თუმცა, რას ხედავს მსოფლიო? როგორ ფიქრობთ, აკლია უკრაინულ მედიას ადამიანური ისტორიები?
ანნა მირონიუკი: მე არ ვიცი რას ხედავს მსოფლიო. უკრაინელი ჟურნალისტი ვარ და კიევში ვცხოვრობ, ამიტომ ჩემთვის თითოეულ დაღუპულს თავისი სახელი, ოჯახი და ტრაგედია აქვს და არ არის მხოლოდ ერთი რიცხვი.
არ ვფიქრობ, რომ უკრაინული გამოცემები მხოლოდ მშრალი სტატისტიკებით წერენ. ბევრი სიღრმისეული სტატია ქვეყნდება დაზარალებულ ოჯახებსა და იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც ქვეყნისთვის ბრძოლას სიცოცხლე შესწირეს.
მედიაჩეკერი: "The Kyiv Independent"-ს ვებგვერდზე დაემატა ახალი ველი "ვხსნით უკრაინას" (Explaining Ukraine), ასევე, გამოეცით წიგნი "უკრაინელების გამძლეობის ომის დღიურები." რას უყვებით მსოფლიოს?
ანნა მირონიუკი: ჩვენმა გამოცემამ დიდი რესურსი ჩადო მრავალფეროვნებაში, ცალკე გავხსენით დეპარტამენტი, რომელიც ომის დანაშაულზე მუშაობს.
ასევე, დავიწყეთ დოკუმენტურ ფილმებზე მუშაობა და გამოვეცით წიგნი - ეს ძირითადად, ჩვენი გაშუქებული მასალების შედარება და შეჯამებაა ომის დაწყებიდან - წიგნის გამოცემამდე.
რაც შეეხება, "ვხსნით უკრაინას", ადამიანებს ვუხსნით უკრაინის კულტურასა და ტრადიციებს, ვსაუბრობთ ჩვენს ქვეყანაზე დამკვიდრებულ სტერეოტიპებსა და სტიგმებზე.
მედიაჩეკერი: რას ურჩევდით საგამოძიებო მასალებზე მომუშავე ჟურნალისტებს, განსაკუთრებით, ომის დროს?
ანნა მირონიუკი: მტკიცე და დაუღალავი უნდა იყო, იმიტომ, რომ ხშირად გულდასაწყვეტია და დემოტივაციას იწვევს, რომ "დაკაკუნებისას კარს არ გიღებენ". ბევრჯერ გიწევს თავიდან სცადო, რომ მიიღო სასურველი ინფორმაცია, თუმცა, იყავით კრეატიული, მრავალი სხვა გზაც არსებობს.
მედიაჩეკერი: როგორ შეიძლება შეეწინააღმდეგო რუსულ პროპაგანდას და მიიჩნევთ, რომ რაღაც ეტაპზე, ომში ყოფნისას, თქვენც პროპაგანდისტი ხდებით?
ანნა მირონიუკი: ჩემი მიდგომა განსხვავებულია. არ მიმაჩნია, რომ რუსულ პროპაგანდას აუცილებლად უკრაინული პროპაგანდა უნდა დავუპირისპიროთ. ერთადერთი სწორი გზა, პროპაგანდასთან საბრძოლველად არის, რომ თქვა სიმართლე, რადგან ის ანგრევს და ანადგურებს ნებისმიერ პროპაგანდას.
უბრალოდ იმოქმედეთ ეთიკურად და მიჰყევით ფაქტებს. სწორედ ეს არის ჟურნალისტიკის ფუნდამენტი, სხვა შემთხვევაში ხდები პიარი ან პროპაგანდისტი.