აბსტრაქტული სახელებისა და საწყისების მართლწერა
04.09.2018



შუქები, შიშები, კენჭისყრები, წნევები, მუსიკები, გამორთვები - მედიასივრცეში ეს და სხვა აბსტრაქტული სახელები და საწყისები მრავლობითის ფორმით ხშირად მოგხვდებათ თვალში.

სწორია თუ არა მოქმედების გამომხატველი სახელებისა და აბსტრაქტული სახელების მრავლობითში ჩასმა?

წესის თანახმად, გრამატიკული რიცხვის გაგება სახელთაგან მხოლოდ ისეთს ახლავს, რომელიც აღნიშნავს საგანს, რომელიც დაითვლება. ისეთ საგნებს კი, რომლებიც ბევრიდან ერთ ცალ საგნად არ გამოიყოფიან, მრავლობითი რიცხვი არ ეწარმოება.

წესი მარტივია და სახელმძღვანელოებში მოყვანილი მაგალითებიც მარტივად ადასტურებს ნათქვამს. მაგალითად, ქალაქი, მდინარე, თითი, ფანქარი - ისეთი საგნებია, რომელთა დათვლაც შესაძლებელია და მათ მრავლობითი რიცხვი ფუძეზე შესაბამისი მაწარმოებლების დართვით ეწარმოებათ. ჰაერი, ნაცარი, ხილი, რძე და სხვა მსგავსი სახელები არსებითად ურიცხვო სახელებია, რადგან ერთ ცალ საგნად არ განიყოფიან და ამიტომ მათ „მხოლობითის ფორმას“ არ ახლავს „ერთის გაგების შინაარსი“.

შედარებით რთულადაა საქმე მოქმედების გამომხატველი სახელებისა და აბსტრაქტული სახელების გამოყენების დროს. მართალია, ძნელი წარმოსადგენია ისეთი სიტყვების მრავლობითში გამოყენება, როგორებიცაა სიცილი, ძილი, კეთება, ხატვა, სიარული, სიხარული და ა.შ., თუმცა პირველივე სტრიქონში დასახელებული სიტყვების გამოყენებისას ვითარება სხვაგვარია - ზეპირ თუ წერილობით მეტყველებაში ამ სახელების მრავლობითი ფორმებია დამკვიდრებული, რაც შეცდომაა.

აბსტრაქტულ სახელებს და მოქმედების სახელებს, ანუ საწყისებს (მასდარებს) მრავლობითი ფორმა არ ეწარმოებათ.

შესაბამისად, მცდარია:

  • შიშები
  • კენჭიყრები
  • წნევები
  • შუქები

ენის სპეციალისტები აბსტრაქტული სახელების მრავლობითის ფორმების ამგვარი ხმარების მიზეზად, ერთი მხრივ, ეკონომიური მეტყველებისკენ მიდრეკილებას ასახელებენ. მეორე მხრივ, ფსიქოლოგიური მოტივაციაც იკვეთება - „შიშების“, „წნევების“ და ა.შ. შემთხვევაში მთქმელი მოქმედების მრავალჯერად განმეორებას, მრავალგზისობასა და სიხშირე-რეგულარობას უსვამს ხაზს, აძლიერებს ემოციას.

ცალკე უნდა აღინიშნოს სამეცნიერო ლიტერატურაში ტერმინოლოგიური ფუნქციით გამოყენებული მრავლობითის ფორმები. მაგალითად, მედიცინაში - დაავადებები, ჩივილები და ა.შ. მიღებული, დამკვიდრებული და დასაშვები ტერმინებია.

ავტორი : ნინო ლომიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ