ფაშიზმი და ნაციზმი
18.02.2019

როგორ ფიქრობთ, აკრძალულია თუ არა ჩვენს ქვეყანაში ნაცისტური მისალმების მანერა, სვასტიკა, ნაცისტური დროშის ფრიალი ან ნაცისტური უნიფორმით მანიფესტაციის მოწყობა?

ჰიტლერი ფაშისტი იყო თუ ნაცისტი?

შეგვიძლია თუ არა ერთმანეთის სინონიმებად გამოვიყენოთ სტატიის სათაურში ნახსენები ორი სიტყვა?

ბლოგში შევეცდებით, ამ კითხვებს ვუპასუხოთ:

ჩვენს ქვეყანაში მოქმედი „თავისუფლების ქარტიის“ კანონი კრძალავს კომუნისტურ ტოტალიტარულ და ფაშისტურ სიმბოლიკას.

თავისუფლების ქარტია“ სამ ძირითად პრინციპს ემყარება: ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერება, საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიის აკრძალვა და ნებისმიერი ასოცირებული სიმბოლიკის აღმოფხვრა (იხ.საქართველოს კანონი, თავისუფლების ქარტია, მუხლი 1. კანონის მიზანი).

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში სიმბოლიკის დეტალური ჩამონათვალი არ არის მოცემული, ტერმინოლოგიური უზუსტობის გამო კი გაუგებარი რჩება, აკრძალულია თუ არა, მაგალითად, „ნაცისტური მისალმება“, ნაცისტური სიმბოლიკა, უნიფორმის, ლოზუნგების, დროშების გამოყენება ან, ვთქვათ, ჰოლოკოსტის უარყოფა.

გაუგებრობრობის თავიდან ასაცილებლად, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ტერმინოლოგიური სიზუსტე, ასევე დეტალიზება, თუ რა იგულისხმება კანონში ნახსენებ „ფაშისტურ სიმბოლიკაში“, რადგან ფაშიზმი და ნაციზმი თვისებრივად ერთი და იგივე არ არის.

ფაშისტური გერმანია, ჰიტლერი - ფაშისტების ლიდერი - მსგავსი სიტყვათშეთანხმებები ხშირად გხვდება მედიაშიც. იმისთვის, რომ თავი დავიზღვიოთ შეცდომებისგან, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა განსხვავებაა ფაშიზმსა და ნაციზმს შორის.

ფაშიზმი - პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელიც წარმოიშვა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. იტალიაში ფაშისტური იდეოლოგია განვითარდა და გავრცელდა ბენიტო მუსოლინის მიერ. „მუსოლინი აცხადებდა, რომ ფაშიზმი იყო ძალა, რომელსაც შეეძლო იტალიის გაერთიანება. ფაშიზმს უნდა გადაექცია იტალია ახალ, რომის იმპერიის მსგავს, დიდებულ იმპერიად. ყველა და ყველაფერი უნდა მიძღვნოდა სახელმწიფოს, რაც იტალიელი ხალხის ერთიანობისა და ძალაუფლების განსახიერებას წარმოადგენდა. როგორც ხშირად იმეორებდნენ მუსოლინი და მისი მიმდევრები: „ყველაფერი სახელმწიფოში, არაფერი სახელმწიფოს გარეთ, არაფერი სახელმწიფოს წინააღმდეგ“ (დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი და აქტიური მოქალაქეობა: სატრენინგო მასალები / შემდგ.: მალხაზ ბეგიაშვილი, დავით ბოსტოღანაშვილი, დიანა ლეჟავა და სხვ. - თბ., 2007.).

იტალიური ფაშიზმის დიდი გავლენით ჩამოყალიბდა და განვითარდა ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის იდეოლოგიაც. თუმცა ნაციზმი, ფაშიზმისგან განსხვავებით, მკვეთრად გამოხატული რასისტული და ანტისემიტური განწყობით გამოირჩეოდა.

„ნაცისტურ პარტიას ჰიტლერის ლიდერობით ერთ სახელმწიფოდ უნდა გაეერთიანებინა გერმანულად მოლაპარაკე ყველა ხალხი, რომელიც დიდებულ ახალ იმპერიად, ანუ რაიხად, განვითარდებოდა. აქედან გამომდინარეობს ნაცისტური ლოზუნგი: „Ein Volk, ein Reich, ein Fthrer“ - ერთი ხალხი, ერთი იმპერია, ერთი ლიდერი.

ძირითადი განსხვავება გერმანულ ნაციზმსა და იტალიურ ფაშიზმს შორის რასობრივი ელემენტი იყო. ნაცისტებისათვის ადამიანის განმსაზღვრელ ფუნდამენტურ ფაქტს რასა წარმოადგენდა“ (დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი და აქტიური მოქალაქეობა: სატრენინგო მასალები / შემდგ.: მალხაზ ბეგიაშვილი, დავით ბოსტოღანაშვილი, დიანა ლეჟავა და სხვ. - თბ., 2007.).

შესაბამისად, ფაშიზმსა და ნაციზმს შორის არსებითი განსხვავება ისაა, რომ გერმანელი ნაცისტები ავითარებდნენ ნაციონალისტურ ელიტიზმს, რომელიც, თავის მხრივ, რასიზმს ემყარებოდა, იტალიელი ფაშისტებისთვის კი უზენაესი ღირებულება სახელმწიფო იყო („სახელმწიფოს მიღმა არ არსებობენ არც ინდივიდები, არც ჯგუფები“ - ნათქვამია „ფაშიზმის დოქტრინაში“).


ავტორი : ნინო ლომიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ