რუბიკონი „რომ“
27.03.2019
„რომ“ კავშირი ბევრისთვის ერთგვარი გრამატიკული რუბიკონია - რთულად გადასალახავი წინაღობა.

„რომ“ კავშირის წინ მძიმის დასმა „განსაკუთრებით საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა“, რადგან უადგილოდ გამოყენების შემთხვევაში შედეგები მეტისმეტად სავალალო და... მძიმეა.

„რომ“ რუბიკონის პირისპირ მდგომს ორი მთავარი დაბრკოლება აქვს დასაძლევი:

მძიმე მანამდე უნდა დაისვას თუ მერე?
მძიმე ყველა „რომ“ კავშირის წინ უნდა დაისვას?

ბლოგში შევეცდებით ამ კითხვებზე გავცეთ ამომწურავი პასუხი.

  • „ადრე, რომ შემოსულიყო შეტყობინება, სამინისტროს აუცილებლად ექნებოდა რეაგირება“.
  • „საორგანიზაციო საკითხები, რომ მოგვარებულიყო, ფესტივალიც დროულად ჩატარდებოდა“.
  • „მოსახლეობისთვის, რომ შეეთავაზებინათ კომპენსაცია, კონფლიქტი მოგვარდებოდა“.
განსახილველად წარმოდგენილ ნიმუშებში „რომ“ კავშირთან დასმული მძიმეები სწორედ ის „მძიმე“ შემთხვევებია, ზევით რომ ვახსენეთ.

დაფიქრდით, რა კანონზომიერება შეიძლება შევნიშნოთ მაგალითებზე დაკვირვებით?

მინიშნება:

არის თუ არა ზმნა „რომ“ კავშირის წინ?

პასუხი სამივე შემთხვევაში უარყოფითია.

ამ დასკვნიდან გამომდინარე წესის შემუშავება და გათვალისწინება რთული აღარ უნდა იყოს.

მარტივად და გრამატიკული წიაღსვლების გარეშე - თუ „რომ“ კავშირის წინ (დავაზუსტებთ - კავშირამდე) ზმნაა, მძიმე სავალდებულოა.

თუ „რომ“კავშირის წინ ზმნა არ გვხვდება, მძიმე საჭირო არ არის.

მეტი დამაჯერებლობისთვის მოვიშველიოთ წესებიც:

„რომ“ კავშირის წინ მძიმე მაშინ დაისმის, როცა ის იწყებს დამოკიდებულ წინადადებას.

გავიხსენოთ რთული ქვეწყობილი წინადადების შედგენილობა - რთული ქვეწყობილი წინადადება შედგება მთავარი და დამოკიდებული წინადადებებისგან. დამოკიდებული წინადადება ან მოსდევს მთავარს, ან უსწრებს, ან - მთავარის შიგნითაა მოქცეული.

წესის თანახმად, თუ დამოკიდებული წინადადება იწყება „ რომ“ კავშირით, მძიმე სავალდებულოა. მძიმე იწერება დამოკიდებული წინადადების დასაწყისში და არა კავშირის წინ. თუ ამ წესს გავითავისებთ, მივხვდებით, რატომ არ ღირს ყველა „რომ“ კავშირის წინ სასვენი ნიშნის დასმა.

დასასრულ, ჩამოვთვლით რთულ წინადადებასთან დაკავშირებულ იმ შემთხვევებსაც, როდესაც მძიმის დასმა სავალდებულოა:

რთულ ქვეწყობილ წინადადებაში მძიმე დაისმის მთავარი წინადადების შემდეგ, როცა მას მოსდევს დამოკიდებული წინადადება:

საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო, როცა სხდომა დაინიშნა.

მძიმე დაისმის დამოკიდებული წინადადების შემდეგ, როცა მას მოსდევს მთავარი წინადადება:

როცა სხდომა დაინიშნა, საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო.

თუ დამოკიდებული წინადადება მოქცეულია მთავარი წინადადების შიგნით, ის ორივე მხრიდან მძიმეებით უნდა გამოვყოთ:

გადაწყვეტილება, რომელსაც დიდხანს ელოდა მოსახლეობა, ჯერჯერობით არ მიუღიათ.

ავტორი : ნინო ლომიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ