28.04.2019
ზმნა აღდგა არის ერთპირიანი, ეწყობა მესამე სუბიექტური პირი და შესაბამისი სუბიექტური პირის ნიშანი -ა ზმნაში უკვე ასახულია. აქედან გამომდინარე, დამატებით რაიმე თანხმოვნის ჩართვა ზმნაში გაუმართლებელია და ზმნისწინის შემდეგ ჩასმული ს თავსართი ზედმეტია.
ს-ს შესახებ
- ს- ან მეორე სუბიექტური პირის ნიშანია, ან მესამე ობიექტური პირისა.
- აღდგა, როგორც ითქვა, ერთპირიანი ზმნაა. ობიექტურ პირს ის საერთოდ არ შეიცავს.
რატომ გახდა საკამათო გრამატიკული წესი და რა არგუმენტებით ცდილობენ ზედმეტი თანხმოვნის „გამართლებას“ ისინი, ვინც „აღსდგა“ ფორმას უჭერს მხარს?
- ძველ ქართულ ტექსტებში სანიანი ფორმა არაერთხელ დასტურდება;
- ქრისტეს აღდგომა უნიკალური, საკრალური მოვლენაა და სავსებით მისაღები უნდა იყოს ამ მოვლენის უნიკალური ენობრივი ფორმულით გადმოცემა. აღსდგა მხოლოდ ქრისტეს აღდგომასთან მიმართებით უნდა გამოვიყენოთ ;
- სამეტყველო ენაში გრამატიკულად არასწორი ფორმა უკვე დამკვიდრებულია და ენის ხალხურობის პრინციპის თანახმად, ამ ფორმას არსებობის უფლება აქვს, ხალხის ცოცხალ მეტყველებაში სწორედ მას ენიჭება უპირატესობა.