მჯერავს, აღვიქვავ, ვარტყავ...
24.07.2019

ონლაინ და ბეჭდური მედია ხშირად უცვლელად სთავაზობს ხოლმე მკითხველს სოციალური ქსელიდან „ნასესხებ“ კომენტარებსა და მოსაზრებებს. მათში საკმაოდ ხშირია ერთი ტიპის შეცდომები - ავ და -ამ თემის აღრევა ან უმართებულო გამოყენება.

ვიცვავ თუ ვიცვამ? აღვიქვავ თუ აღვიქვამ?

დავაკვირდეთ, დასახელებულ ზმნებში ერთმანეთს ენაცვლება -ავ და -ამ სუფიქსები. იმისთვის, რომ გადავწყვიტოთ, რომელია დასახელებულთაგან სწორი ფორმა, გავარკვიოთ, რა ელემენტებია ეს -ავ და -ამ.

ახლანდელი(აწმყო)დროის გამომხატველ ზმნურ ფორმებს ხშირ შემთხვევაში ბოლოში აქვს ელემენტები, რომლებსაც თემის ნიშნებს უწოდებენ.

თემის ნიშნებია:

ი (ვზრდი)
ავ (ვხატავ)
ამ ( ვდგამ)
ებ (ვამზადებ)
ობ ( ვათბობ)
ემ(ვცემ)
ოფ(ვყოფ)

წარსულ დროში იგივე ზმნები თემის ნიშნებს აღარ დაირთავენ ( გავზარდე, დავხატე, დავდგი...).

თემის ნიშანთაგან ორი - ავ და ამ - განსაკუთრებით „საფრთხილო“ და „საკრძალია“. მათი აღრევით ვიღებთ უმართებულო ფორმებს.

შედეგად, საკმაოდ გავრცელებულია:

ვსვავ
ვასხავ
ვაბავ
ვარტყავ
წარმოვთქვავ
აღვიქვავ
ვდგავ
ვიცვავ
ვრეცხამ

იმისთვის, რომ შეცდომა არ დავუშვათ, უნდა დავიმახსოვროთ მარტივი წესი:

თუ ზმნის საწყისი ფორმა ბოლოვდება ვა მარცვალზე, თემის ნიშანი იქნება ავ (ვა=ავ).

თუ საწყისი მა მარცვალზე ბოლოვდება, თემის ნიშანი იქნება ამ ( მა=ამ).

ავიღოთ პირველივე ზმნა შეცდომების ჩამონათვალიდან - ვსვავ.

გავიხსენოთ ზმნის საწყისი - სმა.

გადავხედოთ წესს.

გამოვიტანოთ დასკვნა - სწორი იქნება ვსვამ.

ასევე:

ვასხავ - სხმა - ვასხამ
ვაბავ-ბმა-ვაბამ
ვარტყავ - რტყმა - ვარტყამ
წარმოვთქვავ -წარმოთქმა-წარმოვთქვამ
აღვიქვავ-აღქმა-აღვიქვამ
ვდგავ-დგმა-ვდგამ
ვიცვავ - (ჩა)ცმა-ვიცვამ
ვრეცხამ-რეცხვა - ვრეცხავ

დასასრულ, ჩამოვთვლით რამდენიმე ზმნას, რომლებშიც -ავ თემის ნიშანი „დაუკითხავად“ და უადგილოდ „მოთავსდა“.

დაიმახსოვრეთ, ამ ზმნებში -ავ თემის ნიშანი ზედმეტია!

პირველ რიგში, აღნიშვნის ღირსია ფორმა „მჯერავს“.

ერთადერთი სწორი ფორმაა მჯერა.

სწორია:

კვეთს ( და არა კვეთავს)
კვეცს ( და არა კვეცავს)
ტეხს ( და არა ტეხავს)
ჩეხს (და არა ჩეხავს)
იხვეჭს ( და არა იხვეჭავს)


ავტორი : ნინო ლომიძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

ასევე იხილეთ