„სამართალი მზია ამაღლობელს“ - Amnesty International-ი კამპანიას იწყებს
15.04.2025
კატეგორია - საქართველო


Amnesty International-ი მზია ამაღლობელის საქმეში სამართლიანობის მოთხოვნით კამპანიას იწყებს. ადამიანის უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელისთვის, კოკა კაციტაძისთვის გაგზავნილ წერილს ავრცელებს და ყველას მოქმედებისკენ მოუწოდებს, მიმართონ კაციტაძეს თავიანთი სიტყვებით ან გამოიყენონ წერილის შაბლონი. 


Amnesty International-ის წერილი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს:

________________________________

კოკა კაციტაძეს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს
მისამართი: მ. ასათიანის №09, თბილისი, საქართველო

ბატონო კოკა,

წინამდებარე წერილით მოვითხოვ სამართალს პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელისათვის. ასევე მოვითხოვ, რომ სამართლებრივად აგონ პასუხი პოლიციის იმ თანამშრომლებმა, რომლებმაც 2025 წლის 11-12 იანვრის ღამეს ძალადობას და სხვა სამართალდარღვევებს მიმართეს ბათუმში მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. კერძოდ, პასუხი აგოს ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ და ასევე იმ პირებმა, ვინც დაკავებულთა მიმართ წამებასა და არასათანადო მოპყრობაში არიან ეჭვმიტანილნი.

როგორც კარგად მოგეხსენებათ, მზია ამაღლობელი სასამართლოს წინაშე წარდგა ირაკლი დგებუაძეზე თავდასხმის ბრალდებით და მას პატიმრობა ემუქრება დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში.

არსებობს ვიდეომტკიცებულება, სადაც ჩანს, რომ ამაღლობელი დგებუაძეს სახეში სილას აწნავს, თუმცა ამას წინ უძღოდა პოლიციის მხრიდან ბათუმის ქუჩებში მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობა და მზია ამაღლობელის იმ ღამით პირველი, სრულიად დაუსაბუთებელი დაკავება. არსებობს ვიდეომასალა, სადაც ირაკლი დგებუაძე აგინებს და შეურაცხყოფას აყენებს ჟურნალისტს. ასევე მრავლად არის ინფორმაცია, რომ იგი ძალადობდა ან ჰქონდა ძალადობრივი მეთოდების გამოყენების მცდელობა დაკავებულ მომიტინგეების წინააღმდეგ, მათ შორის მზია ამაღლობელთან მიმართებით პოლიციის განყოფილებაში.

შემაშფოთებელია, რომ მზია ამაღლობელი წინასწარ პატიმრობაში აიყვანეს მოსამართლის სწრაფი გადაწყვეტილებით, როდესაც მან გაიზიარა პროკურატურის მტკიცება, თითქოს ამაღლობელს შეეძლო მიმალვა, დანაშაულის განმეორებით ჩადენა და გამოძიებაზე ზეგავლენის მოხდენა, თუ საპატიმროს გარეთ იქნებოდა. მას არ ჰქონია საშუალება, რომ მიეღო ადეკვატური სამედიცინო სერვისები და მკურნალობა იმ დაზიანებებზე, რომლებიც, მისი თქმით, პოლიციამ დაკავებისას მიაყენა. მისი სასამართლო პროცესისას, ადვოკატების თითქმის 50-მდე შუამდგომლობიდან მოსამართლემ არ გაიზიარა არცერთი. დაცვის მხრიდან დაიკითხა მხოლოდ სამი მოწმე. სასამართლომ უარი თქვა, რომ ჯვარედინი დაკითხვისთვის დაებარებინა პოლიციელები, რომელთა ჩვენებებსაც ბრალდება ეყრდნობა. იმავენაირად მოიქცა სააპელაციო სასამართლო, თუმცა საქმეში მტკიცებულებად დაუშვა გავრცელებული ვიდეომასალა, რომელიც მზია ამაღლობელის მონაწილეობას ასახავს 11 იანვრის აქციაზე.

არც პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს და არც სხვა პოლიციელებს არ შესჩერებიათ უფლებამოსილება, მიუხედავად მტკიცებულებებისა და ბრალდებებისა მათ წინააღმდეგ.  სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ნომინალურად აღძრა საქმე ამ ბრალდებების გათვალისწინებით და არ გამოუვლენია არცერთი ეჭვმიტანილი, დაზარალებულად არ უცნია არცერთი მომჩივანი. საჯაროდ არ გაუკეთებია არანაირი განცხადება გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. ეს არა მხოლოდ აყოვნებს ან აჩერებს სამართლებრივ რეაგირებას პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობრივ ქმედებებზე, არამედ სრულიად საპირისპირო პროცესია, რაც მზია ამაღლობელთან მიმართებით მიმდინარეობს. ის, თუ როგორ წარიმართება მზია ამაღლობელის საქმე, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული პროცესია, რომლის მიზანიც მზია ამაღლობელის სამაგალითო დასჯაა, რომ მან წინააღმდეგობა გაუწია პოლიციის მხრიდან ძალადობრივ ქმედებებს, და ასევე კონკრეტული სიგნალია სხვა დემონსტრანტებისთვის.

მოგიწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ შეუჩერდეს უფლებამოსილება ირაკლი დგებუაძესა და ყველა იმ პოლიციელს, რომელიც მშვიდობიანი მომიტინგეების უსაფუძვლო დაკავებასა და მათ მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობაში მონაწილეობდნენ, სანამ მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები არ იქნება სწრაფად, მიუკერძოებლად და ეფექტიანად გამოძიებული. ეს ეხება 11-12 იანვრის ღამის მონაწილე პოლიციელებს და არამარტო მათ. ამასთან, შესაბამისი დისციპლინური, ადმინისტრაციული თუ კრიმინალური სამართალწარმოება უნდა ითვალისწინებდეს მათ უფლებას სამართლიან სასამართლოზე.

მოვითხოვ, რომ დაცული იქნას ადამიანის უფლებები მზია ამაღლობელისა და ყველა ქართველი დემონსტრანტის შემთხვევაში, მათ შორის მათი უფლებები სამართლიან სასამართლოზე, გამოხატვის თავისუფლებასა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებაზე. [წერილის თარგმანი ეკუთვნის „ბათუმელებს“]

 
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ