25.10.2018
ანგარიშის თანახმად, ტოქშოუების სადისკუსიო თემა არ ყოფილა არჩევნები და დღის წესრიგი შეცვალა გავრცელებულმა ფარულმა ჩანაწერებმა; შეინიშნებოდა სიღრმისეული მოკვლევითი მასალების ნაკლებობაც, რაც ამომრჩეველს ინფრორმირებული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებოდა.

კიდევ ერთი საინტერესო ტენდენცია, რაც ამ მონიტორინგმა აჩვენა, არის ის, რომ გაზრდილია „ევროპული საქართველოს“ გაშუქება და, დათმობილი დროით ის ზოგიერთ არხზე უსწრებს კიდეც „ნაციონალურ მოძრაობას.“
"ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო კომისიის აქტიური გაშუქებით. ამ კომისიის ხელმძღვანელი და წევრების უმრავლესობა სწორედ „ევროპული საქართველოს“ წევრები იყვნენ. ეს თემა კი საინფორმაციო გამოშვებების ყურადღების ქვეშ იყო", - ვკითხულობთ დოკუმენტში.
ანგარიშის მიხედვით, კანდიდატთა მიმართ მიკერძოება და ტენდენციური გაშუქება გამოიხატა არა რომელიმე კანდიდატის პოზიტიურად წარმოჩენაში, არამედ არასასურველი კანდიდატის ნეგატიურ გაშუქებაში. არხების ნაწილის წამყვანები პირდაპირ მოუწოდებდნენ ამომრჩეველს, რომელი კანდიდატი არ უნდა აირჩიონ.

მაგალითად, ანგარიშის მიხედვით, თუ რუსთავი 2-ზე თვალსაჩინო იყო “ქართული ოცნების” მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის საწინააღმდეგო კამპანია, იგივე ტენდენცია ტელეკომპანია იმედზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის, ობიექტივზე კი გრიგოლ ვაშაძისა და “ევროპული საქართველოს” კანდიდატის დავით ბაქრაძის წინააღმდეგ შეიმჩნეოდა;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიში დღეს, 25 ოქტომბერს გამოქვეყნდა. ქარტია მაუწყებლებში საინფორმაციო გამოშვებებსა და ტოქშოუებს ამონიტორინგებდა. ანგარიში აერთიანებს სატელევიზიო მედიაზე ქარტიის დაკვირვების პირველად შედეგებს და მოცემულ პერიოდში (18 ივნისი - 31 აგვისტო) გაშუქების ძირითად ტენდენციებს ასახავს.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგი გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის - „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მედიამონიტორინგი“ - ფარგლებში ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.
იხილეთ ანგარიშები სრულად: