„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“
ინფორმაციით, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის
მდგომარეობა შიმშილობის 159-ე დღეს კვლავ სტაბილურად
მძიმეა.
თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი 2024 წლის 21 სექტემბრიდან შიმშილობს. მან 2025 წლის 2 თებერვალს ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ, აბსოლუტური შიმშილობა გამოაცხადა და უარი თქვა წყლის მიღებაზე.
„10 თებერვლამდე ის არ იღებდა წყალს, რის გამოც, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა. ამ მძიმე გამოცდილების შემდეგ, ჟურნალისტმარის კვლავ დაიწყო წყლის მიღება და პერიოდულად თანხმობას აცხადებს ორგანიზმისთვის საჭირო დანამატების მიღებაზე, რომელიც მას გადასხმის მეშვეობით მიეწოდება“.
SJC-ის თქმით, მიუხედავად შიმშილობის რეჟიმის ცვლილებისა, აფგან სადიგოვის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.
„ორგანიზმს უკვე დიდი ხანია, არ მიეწოდება საჭირო რაოდენობის ვიტამინები და მინერალები, რის გამოც მას აღენიშნება ანემიის ნიშნები, რაც სახიფათოა მისი ჯანმრთელობისთვის. ექიმების განმარტებით, ხანგრძლივი შიმშილობის პროცესში მისმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ კრიტიკულ ნიშნულს შეიძლება ნებისმიერ დროს მიაღწიოს“.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თქმით, აფგან სადიგოვს აღენიშნება ასევე შენელებული გულისცემა, რის გამოც ექიმები მას დამატებით აძლევენ წამალს. ის კვლავ უარს აცხადებს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე.
აფგან სადიგოვი, თბილისში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც 4 თვეზე მეტია შიმშილობს, ექსტრადიციის რისკის წინაშე დგას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად კრიტიკულია.
Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი გასული წლის 3 აგვისტოს დააკავეს და მეორე დღეს 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს პატიმრობა მეორედ, კიდევ 3 თვით 2025 წლის 31 იანვარს გაუხანგრძლივა.
15 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საჩივარიც, სადიგოვისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ. ამ დროისთვის საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია სტრასბურგის სასამართლოს მიერ აქვს აკრძალული.