ფოტო : მინდია გაბაძე
თბილისის საქალაქო სასამართლომ „პუბლიკის“ იმ რეპორტიორის
ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც გასული წლის ნოემბრის ბოლოს
პარლამენტთან მიმდინარე აქციის გაშუქებისას დააკავეს და სცემეს, 25
თებერვალს იმსჯელა. სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება კი მოსამართლე
ნინო ენუქიძემ 17 მარტამდე გადადო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსანდრე ქეშელაშვილის წინააღმდეგ სასამართლოს 12 თებერვალს მიმართა. უწყება მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავება, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
„პუბლიკის“ რეპორტიორი, ალექსანდრე ქეშელაშვილი 2024 წლის 28-29 ნოემბრის ღამეს, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქებისას დააკავეს, სახისა და თავის არეში სცემეს და სამუშაო აპარატურა წაართვეს.
პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული. ქეშელაშვილს საავადმყოფოში გადაყვანა და ქირურგიული ოპერაციაც დასჭირდა.
გასული წლის იმავე ღამეს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის დარბევისას 40-მდე ჟურნალისტი დაშავდა. შსს-ის ძალები მედიის წარმომადგენლების მიმართ მიზანმიმართული აგრესიით გამოირჩეოდნენ, ჟურნალისტების ნაწილს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, რომელსაც
ძალადობრივი დანაშაულების და არასათანადო მოპყრობის ფაქტების
გამოძიება ევალება, ალექსანდრე ქეშელაშვილის საქმეზე გამოძიება
სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 154-ე მუხლებით დაიწყო, რაც
უფლებამოსილების გადამეტებასა და ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ
ხელის შეშლას გულისხმობს. ქეშელაშვილს დაზარალებულის სტატუსი მალევე
მიანიჭეს, თუმცა ამ დრომდე დასჯილი არავინ არ არის.
რა წერია ქეშელაშვილის დაკავების ოქმში და რა თქვეს ბრალდების მხარის მოწმეებმა
ალექსანდრე ქეშელაშვილისთვის შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, „2024 წლის 29 ნოემბერს ქალაქ თბილისში პარლამენტის მიმდებარედ ჭიჭინაძის ქუჩაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ალექსანდრე ქეშელაშვილი არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს, იგინებოდა და ილანძღებოდა უმისამართოდ. არღვევდა პოლიციის კორდონს და არ ემორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას შეეწყვიტა აღნიშნული ქმედება, რის გამოც დაკავდა ადმინისტრაციული წესით“.
25 თებერვალს გამართულ სასამართლო პროცესზე, ოქმში აღწერილი გარემოება ბრალდების მხარის მიერ პროცესზე გამოძახებულმა მოწმე პოლიციელებმა: თამაზ თავაძემ და გიგი ბობოხიძემ გაიმეორეს.
ალექსანდრე ქეშელაშვილის დაკავების ოქმის შემდგენი და ამავდროულად, მოწმე პოლიციელის, თამაზ თავაძის თქმით, „პუბლიკას“ რეპორტიორი იგინებოდა და ილანძღებოდა უმისამართოდ, რაც „[საპატრულო პოლიციის] კორდონის წინ მასობრივი შეძახილების დროს აყოლაში“ გამოიხატებოდა. როგორც თავაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მასსა და კორდონს შორის აქციის მონაწილეების რამდენიმე რიგი იდგა, მან მასობრივ შეძახილებში ქეშელაშვილის ხმა გაარჩია და მის სახეს, პერიოდულობით, გარკვევით ხედავდა.
ჟურნალისტის ერთ-ერთი ადვოკატის, მარიამ პატარიძის კითხვის - „პერიოდულად როცა ხედავდით ალექსანდრეს, მაშინ თუ შენიშნეთ, რომ მას ჰქონდა რაიმე განმასხვავებელი ნიშანი“ საპასუხოდ, თავაძემ თქვა: „არ დავკვირვებივარ მაგას, უბრალოდ მახსოვს, რომ სახეს ხშირად ვხედავდი“.
იმავე შინაარსის ისტორია მოჰყვა მეორე მოწმე პოლიციელმაც, გიგი ბობოხიძემ: „დაახლოებით ვიდექი, სადაც კორდონი იყო პოლიციის გაკეთებული, მარცხენა კუთხეში, დაახლოებით კედელთან, სადაც დაიწყო აქციის მონაწილეების მხრიდან კვერცხების დაშენა, პიროტექნიკის გამოყენება, ქვების სროლა და უმისამართოდ ლანძღვა-გინება, სადაც ბატონი ალექსანდრე იმყოფებოდა წინა მხარეს. ისინი, ცდილობდნენ კორდონის გარღვევას… პოლიცია წინ იდგა, სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები, რომლებმაც არაერთხელ მოუწოდეს მათ, უკან დაეხიათ“.
ბობოხიძემ აღნიშნა ისიც, რომ ხალხი როგორც იგინებოდა, ქეშელაშვილიც „ისე ჰყვებოდა“ და ჟურნალისტის ხმაც და პირის მოძრაობაც კარგად ჩანდა.
მოსამართლის კითხვაზე, დაახლოებით რამდენი ხნის სავალ მანძილზე ხედავდა ქეშელაშვილს, ბობოხიძემ უპასუხა, რომ დაახლოებით 10 წუთის მანძილზე ხედავდა და „ვინაიდან ჟურნალისტია, ყოველთვის წინა მხარეს ცდილობდა, რომ ყოფილიყო“.
ნინო ენუქიძის დამაზუსტებელ შეკითხვაზე კი, თუ საიდან იცოდა, რომ ქეშელაშვილი ჟურნალისტი იყო, მოწმე პოლიციელმა უპასუხა: „ვინაიდან აქციებზე ხშირად ვარ და ჟურნალისტების სახეები მარტივი ისაა… თუმცა, იმ პერიოდში არა, მერე რომ გავიგე, იქიდან გამომდინარე გეუბნებით. იმ მომენტში, ზუსტად ყველა პიროვნება არ იყო ისეთი აღქმადი, ვინაიდან სიბნელე იყო, აღქმადი არ იყო კარგად, ჟურნალისტი იყო თუ არა“. თამაზ თავაძის განმარტებით კი, ალექსანდრე ქეშელაშვილი ჟურნალისტი რომ იყო და აქციას აშუქებდა, არაფერმა მიანიშნა.
ბრალდების მხარის მეორე მოწმემ, გიგი ბობოხიძემ, აღნიშნა ისიც, რომ ხედავდა, ქეშელაშვილი კორდონს რომ არღვევდა, მაგრამ სამართალდამცავებმა მისი ფიზიკური შებოჭვა (დაკავება) რომ დაიწყეს, ეს ვეღარ დაინახა.
„შეიძლება სხვას ვაკვირდებოდი. იმ მომენტში სხვადასხვა პიროვნებებს ვაქცევდი უფრო ყურადღებას… მაგ შემთხვევაში ჩემი თვალთახედვის არეში არ ყოფილა. არ მიმიქცევია იმ მომენტში ყურადღება, როცა ის გამოაცილეს აქტივისტებს“.
ერთმანეთს არ დაემთხვა სამხრე კამერებთან დაკავშირებით, შსს-ს განმარტება და პოლიციელების მიერ სასამართლო პროცესზე მიცემული ჩვენებებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოსთვის ვიდეო მტკიცებულებები არ წარუდგენია. უწყების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ალექსანდრე ქეშელაშვილის დაკავების მომენტში სამხრე კამერები დამჯდარი იყო. მოწმე პოლიციელებმა კი მოსამართლეს განუცხადეს, რომ ჟურნალისტის დაკავების დროს კამერები არ ეკეთათ.
„სამხრე კამერები არ მეკეთა, იმიტომ რომ ანუ ყოველთვის ესეთი ჯიკაობა რადგან გვიწევდა, რისკია ხოლმე იმის, რომ ან დავკარგოთ, ან რაღაც“, - თქვა ბობოხიძემ.
ურთიერთგამომრიცხავი აღმოჩნდა შსს-ს მოწმეების ნათქვამი და ჟურნალისტის დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ალექსანდრე ქეშელაშვილის ეკიპირებასთან დაკავშირებითაც.
ერთ-ერთმა მოწმე პოლიციელმა, თამაზ თავაძემ თქვა, რომ არ ახსოვდა, როგორ გამოიყურებოდა ჟურნალისტი, თუმცა აღნიშნა, რომ წვერი ჰქონდა. ბრალდების მხარის მეორე მოწმემ, გიგი ბობოხიძემ კი თქვა, რომ ტუჩების მოძრაობით მიხვდა, „პუბლიკის“ რეპორტიორი რომ იგინებოდა.
ალექსანდრე ქეშელაშვილის დაცვის მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებებში კი ნათლად ჩანს, რომ „პუბლიკის“ რეპორტიორს დაკავების მომენტში პრესის ბარათთან და მხრებზე გადაკიდებულ კამერებთან ერთად, ჩაფხუტი და აირწინაღი უკეთია და სახე არ უჩანს.
იმის საჩვენებლად, რომ აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტის ხმის გაგება შეუძლებელი იქნებოდა, ალექსანდრე ქეშელაშვილმა სასამართლო პროცესზე აირწინაღი მოირგო და ლაპარაკი ისე დაიწყო. აღჭურვილობის გამო საუბრის შინაარსის გაგება სასამართლოს დარბაზში მსხდომებისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა.
„ვიდეო მტკიცებულებაშიც ჩანდა, რომ იქ ხმაური იყო და შესაბამისად, ის რომ ვინმე გაიგონებდა ან აირწინაღის ქვეშ დაინახავდა რაიმეს, არ შეესაბამება სიმართლეს…ამ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ მე ვიყავი მსხვერპლი. მე არა მარტო ხელი შემიშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში, რომელსაც იქ ისე, გვერდიდან, წყნარად, მშვიდად ვაშუქებდი, არამედ მცემეს, რის გამოც დამჭირდა ცხვირის ოპერაცია. დღემდე მაქვს სუნთქვის საკმაოდ სერიოზული პრობლემები და კიდევ მჭირდება ერთი ოპერაცია. შესაბამისად, მომავალშიც, კიდევ ერთხელ შემეშლება ხელი პროფესიულ საქმიანობაში, რადგან მომიწევს გარკვეული პერიოდით ჩემს პროფესიულ საქმიანობას ჩამოვშორდე.
ასევე, გამძარცვეს, კამერები დღემდე გამქრალია და შსს უარს ამბობს მათ მოძიებაზე… მხოლოდ მეორე დღეს აღმოვაჩინე, რომ მხოლოდ იმ ღამეს 25-მდე ჟურნალისტს დაესხნენ თავს, მათ შორის იყო გურამ როგავა, რომელმაც მძიმე დაზიანებები მიიღო. ბევრ ჟურნალისტს წაართვეს ტექნიკა, ბევრი დაზარალდა. მხოლოდ ამის შემდეგ მივხვდი, რომ ეს არ იყო ერთეული შემთხვევა, არამედ ეს იყო სისტემური დავალება. როგორც ადვოკატებმა აღნიშნეს, მე ვიყავი პირველი ჟურნალისტი, რომელსაც თავს დაესხნენ და ხელი შეუშალეს, თუმცა ჩემი საქმე, ამ ყველაფრის მიუხედავად, არ ვფიქრობ, რომ არის ყველაზე მძიმე, როცა უსაფუძვლო მუხლებით დაკავებულია მზია ამაღლობელი. როცა ის დღემდე ციხეშია, ეს არის თვალსაჩინო მაგალითი იმის, როგორ ისჯება დღეს მედია“, - განაცხადა ჟურნალისტმა ნიღბის მოხსნის შემდეგ.
დასკვნით სიტყვაში შსს-ს იურისტმა მარიამ დოლიძემ ალექსანდრე ქეშელაშვილისთვის სიტყვიერი შენიშვნის მიცემა მოითხოვა.
„პუბლიკის“ რეპორტიორის ერთ-ერთი ადვოკატის, ჯანო ჭკადუას თქმით, უმეტეს შემთხვევაში, სამართალდარღვევის საქმეების განხილვის დროს, პოლიციის თანამშრომლები სასამართლოს ცრუ ინფორმაციას აწვდიან.
„აღმოჩნდა, რომ პოლიციელების მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია და ვიდეოჩანაწერზე ასახული ინფორმაცია არსებითად განსხვავდება ერთმანეთისაგან. ჩვენ პოლიციელებმა გვითხრეს, ჩვენების მიცემის დროს, რომ თითქოს მათ დაინახეს, როგორ იგინებოდა [ალექსანდრე ქეშელაშვილი], ხმაც კი ესმოდათ, თუმცა აღმოჩნდა, რომ რეალობაში ქეშელაშვილს ეკეთა აირწინაღი, ჩაფხუტი და ხმას, რომელიც პოლიციელებმა თქვეს, ვერ გაიგებდნენ… ყველაზე მეტად, საინტერესო იყო ის, რომ პოლიციელებს, რომლებიც დღეს ჩვენ გამოვკითხეთ, არცერთს არ მიუღია გადაწყვეტილება ქეშელაშვილის ადმინისტრაციული წესით დაკავებაზე. ანუ სასამართლოსთვის უცნობი დარჩა, ვინ გადაწყვიტა კონკრეტულ მომენტში, რომ ის ჩადიოდა სამართალდარღვევას და აუცილებელი იყო მისი დაკავება“.
ალექსანდრე ქეშელაშვილის მეორე ადვოკატის, მარიამ პატარიძის შეფასებით კი, ეს პროცესი იმით გამოირჩეოდა, რომ შსს-ს კარგად აპრობირებული შაბლონის გაჟღერება „არ გამოუვიდა“.
„შსს-ს წარმომადგენელი ამბობდა, რომ სასამართლო
პროცესზე მოვისმენდით დამკავებელი პოლიციელის ჩვენებას.
მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე აღმოჩნდა, რომ დამკავებელი არ იყო
დამკავებელი და ეს შსს-ს წარმომადგენელმა გამოასწორა იმით, რომ თითქოს
ის იყო გადაწყვეტილების მიმღები. შესაბამისად, დამკავებელი პროცესის
მიმდინარეობისას გახდა გადაწყვეტილების მიმღები და როდესაც უკვე
მისგან მოვისმინეთ ინფორმაცია, მან თქვა, რომ არც დამკავებელი იყო,
არც გადაწყვეტილების მიმღები და იყო უბრალოდ მოწმე…სასამართლოზე
გამოკვლეული მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებდა იმას, რომ ამ
ადამიანებს უბრალოდ მოუწიათ, რომ კანონის ფარგლებში მოექციათ ის
დანაშაული, რაც ალექსანდრეს მიმართ მოხდა“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 10 თებერვალს სიტყვიერი შენიშვნა უკვე გამოუცხადა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს, სერგი ბარამიძეს, რომელიც პოლიციამ პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ძალის გამოყენებით გასული წლის 19 ნოემბერს დააკავა. შსს სერგი ბარამიძესაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.