„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ „მაუწყებლობის შესახებ“
კანონში შესატან ცვლილებებს ეხმაურება და მედიის პროფესიულ
სტანდარტებზე საკანონმდებლო ზედამხედველობის დაწესებას არ
ეთანხმება.
ქარტიის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ლიდერები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების აუცილებლობას მედიის თვითრეგულირების არსებული მექანიზმების სისუსტითა და არაეფექტურობით ასაბუთებენ. დაინიცირებული ცვლილებების მიღების შემთხვევაში კი, პროფესიულ სტანდარტებთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკვანძო საკითხებს მაუწყებელთა ქცევის კოდექსის ნაცვლად მაუწყებლობის შესახებ კანონი დაარეგულირებს.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არ იზიარებს მოსაზრებას, რომ საქართველოში მედიის მომხმარებლებს ამჟამად არ აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი ინტერესი თვითრეგულირების ორგანოში დაიცვან. ქარტიამ არსებობის 15 წლის განმავლობაში ამა თუ იმ მედია საშუალების თუ ცალკეული ჟურნალისტის მხრიდან პროფესიული სტანდარტის დარღვევის დასადგენად 800-მდე განცხადება განიხილა ობიექტურად და მიუკერძოებლად, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ქარტია ამაყობს წლების განმავლობაში გაწეული შრომით და მის მიერ დადგენილი პრაქტიკით“.
„ქართული ოცნების“ მიერ დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიის წინააღმდეგ ფართო ფრონტით წარმოებული შეტევის ფონზე, ქარტიას ეჭვი ეპარება „ქართული ოცნების“ ლიდერების განზრახვის კეთილსინდისიერებაში და მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებებს „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელი და კრიტიკული მედიისთვის სამოქმედო არეალის კიდევ უფრო შესაზღუდად, სამუშაო პირობების გასაუარესებლად, კრიტიკული ხმების ჩასახშობად და მედიის დასამორჩილებლად აინიიცირებს .
ქარტიის თქმით, შინაარსობრივი საკითხების რეგულირება აჩენს თვითცენზურისა და ცენზურის საფრთხეს. ხოლო, ცვლილებების შინაარსი სცდება თვითრეგულირების საკითხებს და შემზღუდავ ნორმებს პროფესიულ სტანდარტად წარმოადგენს.
ასევე, „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“აღნიშნავს, რომ შემოთავაზებული ცვლილებები იმგვარად შემბოჭავია, რომ ჟურნალისტებს პროფესიული სტანდარტების დაცვით მუშაობის შესაძლებლობას ართმევს.
„შემოთავაზებული ცვლილებები კიდევ უფრო მიუწვდომელს ხდის ჟურნალისტებისთვის თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებს და ართულებს მათგან კომენტარის მოპოვებას. საჯარო ინფორმაციაზე წვდომისა და საჯარო პირებთან კომუნიკაციის ნაკლებობა ზრდის ჟურნალისტების მხრიდან შეცდომების დაშვების საფრთხეს, რომლებსაც ინფორმაციის მოსაპოვებლად ალტერნატიული წყაროების გამოყენება მოუწევთ“.
ქარტია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, შემოთავაზებული ცვლილებები გაიწვიოს და რეპრესიული მექანიზმების შემოღების ნაცვლად, თვითრეგულირების მექანიზმების გაძლიერებასა და ხელშეწყობაზე იზრუნოს.
ვრცლად, რა წერია და როგორ აფასებენ მედიის წარმომადგენლები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, იხილეთ „მედიაჩეკერის მასალა - „იერიში კრიტიკულ მედიაზე“- რა ცვლილებებს იღებს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში „ქართული ოცნება“