GNCC : "პოლიტიკური შინაარსის რეკლამები არაწინასაარჩევნო პერიოდშიც უნდა დარეგულირდეს"
22.02.2016
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიაჩნია, რომ არაწინასაარჩევნო პერიოდში გასული პოლიტიკური შინაარსის რეკლამები უნდა რეგულირდებოდეს, რაც “საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების განხორციელებას მოითხოვს”. პოლიტიკური რეკლამა დღეისათვის მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში რეგულირდება. ეს განმარტება კომისიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც მედიაჩეკერმა არაწინასაარჩევნო პერიოდში “რუსთავი 2-ის” ეთერში გასული პოლიტიკური შინაარსის რეკლამებთან დაკავშირებით შეკითხვებით მიმართა. მედიაჩეკერმა ამ თემაზე სტატია უკვე მოამზადა. მასალაში ტელეკომპანიის გაყიდვების განყოფილების უფროსი აღნიშნავდა, რომ რგოლები ეთერში კომერციული რეკლამის სტატუსით გავიდა.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, გარდა იმისა, რომ პოლიტიკურ რეკლამას უნდა ეწეროს კონკრეტულად რომელი პოლიტიკური პარტიის რეკლამაა, ამასთანავე, “პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოს წარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა“ ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა“. ასეთ რეკლამას უნდა ჰქონდეს სურდოთარგმანი, რომლის უზრუნველყოფაც რეკლამის წარმდგენი საარჩევნო სუბიექტის ვალდებულებაა”. ზემოხსენებულ რეკლამებში ეს მოთხოვნები დაცული არ იყო.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში განგვიმარტეს, რომ საარჩევნო კოდექსში გაწერილი მოთხოვნები წინასაარჩევნო პერიოდში გასულ რეკლამებს ეხება, „რუსთავი 2-ის“ ეთერში კი, ზემოხსენებული რეკლამები არაწინასაარჩევნო პერიოდში გავიდა, შესაბამისად, მათზე მარეგულირებელი ნორმები არ გავრცელდება.

„ამასთან, კომისიას მიაჩნია, რომ ასეთი ტიპის რეკლამა უნდა ექვემდებარებოდეს გარკვეულ რეგულაციას, რაც საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების განხორციელებას მოითხოვს“ - აღნიშნულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მედიაჩეკერისთვის გამოგზავნილ ოფიციალურ წერილში.

მედიაჩეკერზე გამოქვეყნებულ სტატიაში “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელი ლევან ნატროშვილიც აღნიშნავდა, რომ ეს საკანონმდებლო ხარვეზია და აუცილებელია აღნიშნული საკითხის დარეგულირება: “პირველ რიგში ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ამომრჩეველმა იცოდეს, ინფორმირებული იყოს რა სახის კლიპს უყურებს. კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ პოლიტიკური პარტიები ამ ხვრელს იყენებენ იმისთვის, რომ პოლიტიკური შინაარსის რეკლამას კომერციული რეკლამის ფასად უშვებენ ეთერში მაშინ, როცა პოლიტიკური რეკლამის ფასს კანონი ცალკე ადგენს და შესაძლოა ეს თანხა კომერციული რეკლამის ფასს აღემატებოდეს”.

თეგები : არჩევნები;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ