როგორ შეიცვალა მედიაგარემო საქართველოში ბოლო ათ წელიწადში
24.05.2018
ხელისუფლებისგან კონტროლირებადი მედია, სამთავრობო გავლენის ქვეშ მყოფი ეროვნული მარეგულირებელი კომისია, ფიზიკური ზეწოლა ჟურნალისტებზე, მედიამფლობელების გამჭვირვალობა, ციფრული მაუწყებლობა, ბრძოლა ტელევიზიებზე გავლენის მოსაპოვებლად, - Freedom House-ის ანგარიშების მიხედვით, ეს ის ფაქტორებია, რაც ბოლო ათ წელიწადში საქართველოს მედიაგარემოზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდა. ეს მაჩვენებლები განსაზღვრავდა ქვეყანაში მედიის დამოუკიდებლობის ხარისხსაც.

Freedom House საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც ყოველწლიურად აკვირდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს და სამოქალაქო თავისუფლების ხარისხს სხვადასხვა ინდიკატორებით ზომავს. ერთ-ერთი ფოკუსი მედიის თავისუფლებაა. საქართველო ამ მხრივ “ნაწილობრივ თავისუფალი” ქვეყნების ჩამონათვალში შედის.

ორგანიზაციის ბოლო ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის მაჩვენებელი 0, 25-ერთეულით შემცირდა, რის გამოც ქვეყანა 9 წლის წინანდელ, 2009 წლის მდგომარეობას დაუბრუნდა.



2008-2010 წლები - კონტროლირებადი მედია, მარეგულირებელი კომისია სამთავრობო გავლენის ქვეშ და ზეწოლა ჟურნალისტებზე


ვარდების რევოლუციის მომდევნო წლებში საქართველო უცნაურ ვითარებაში აღმოჩნდა, ერთის მხრივ ქვეყანა რეგიონში „დემოკრატიის შუქურად“ მოიაზრებოდა, რომელზეც დასავლეთი დიდ იმედებს ამყარებდა, მეორეს მხრივ კი, მთელი რიგი შიდა პროცესები სულ უფრო შორდებოდა დემოკრატიას. რევოლუციური მთავრობა ფასეულობების ერთგული ვერ აღმოჩნდა. ამის ერთ-ერთი მაგალითი მედია იყო. ქვეყნის მთავარი, სრული დაფარვის მქონე მაუწყებლები, მმართველი პარტიის მიერ კონტროლდებოდა, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებელიც, რომელიც კანონის თანახმად ყველაზე მიუკერძოებელი და ყველა მხარის ინტერესების ამსახველი უნდა ყოფილიყო. გამონაკლისს მხოლოდ ტელეკომპანია „იმედი“ წარმოადგენდა, რომელიც ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილს ეკუთვნოდა. თუმცა, 2007 წელს ტელეკომპანიაში სპეცრაზმის შეჭრისა და „იმედისთვის“ გადატრიალების მცდელობის ბრალის წაყენებით ეს არხიც მთავრობის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

2008 წლიდან ეს გავლენები კიდევ უფრო გაიზარდა. ცალკეული დამოუკიდებელი, მცირებიუჯეტიანი გამოცემების თუ მაუწყებლების გარდა, რომლებიც საზოგადოებრივ აზრზე გავლენას დიდად ვერ ახდენდნენ, მედიის დისკურსს პრაქტიკულად „ნაციონალური მოძრაობა“ განსაზღვრავდა. სწორედ ეს სახელდება Freedom House-ის 2009 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში (რომელიც 2008 წელს ეხება) მთავარ პრობლემად.

10 წლის წინ ორგანიზაცია საქართველოს მედიაგარემოს მთავარ პრობლემად სრული დაფარვის მქონე მაუწყებლების მმართველი პარტიისგან კონტროლზე საუბრობდა. ამ პერიოდში ასევე სამთავრობო გავლენის ქვეშ იყო კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომელმაც ტელეკომპანია “მაესტროს“ უარი უთხრა პოლიტიკური პროგრამების გაგრძელებისთვის საჭირო საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის გაცემაზე. Freedom House-ის იმ პერიოდის ანგარიშში საუბარია საქართველოს მთავრობის მცდელობებზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ხელი შეეშალა სამაუწყებლო მედიაში მისთვის არასასურველი ინფორმაციის გავრცელებისთვის. 2008 წელს იყო ჟურნალისტების ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტებიც. წლის ყველაზე გახმაურებული ამბავი გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტის მიმართ სასიკვდილო მუქარები იყო, რომელსაც რედაქცია მეილზე იღებდა.

მედიის კონტროლი და მარეგულირებელი კომისიის მიკერძოება პრობლემად რჩება 2009 წელსაც. კვლავ ხდება ჟურნალისტებზე ზეწოლა და საქმიანობაში ხელის შეშლა. ტელეკომპანია „მაესტროს“ გუნდის წევრებს დემონსტრაციის გადაღებისას აპარატურა წაართვეს და გადაღებული მასალა წაუშალეს. პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა გაზაფხულზე გამართულ საპროტესტო აქციებზეც. გამომძიებელი ჟურნალისტი ვახტანგ კომახიძე კი, როგორც თავად აცხადებდა, დოკუმენტური ფილმის გადაღების შემდეგ ხელისუფლებისგან სასიკვდილო მუქარებს იღებდა. ფილმი 2008 წლის კონფლიქტს ეძღვნებოდა და ომის დროს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებების კრიტიკული ანალიზი იყო წარმოდგენილი.

Freedom House-ის 2010 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2009 წელს ტელეკომპანია „იმედზე“ სამთავრობო გავლენა გაიზარდა. მარტში აქ თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი, ნანა ინწკირველი დაინიშნა დირექტორად, რამაც ტელევიზიის თანამშრომლების ნაწილის პროტესტი გამოიწვია. ორი მათგანი სამსახურიდან გაათავისუფლეს, ოთხმა კი პროტესტის ნიშნად ტელევიზია დატოვა. ივლისში ტელევიზიის დირექტორად ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი არველაძე დაინიშნა, რამაც ხელისუფლების გავლენა კიდევ უფრო პირდაპირი და აშკარა გახადა.

2010 წლიდან შედარებით მცირდება ჟურნალისტების სამართლებრივი და ფიზიკური დევნა. მაისში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წინა წლებთან შედარებით უფრო სამართლიანად გააშუქა. თუმცა, სახელისუფლებო გავლენა მსხვილ მედიაკომპანიებზე ისევ საგრძნობია. იგივე ვითარებაა მარეგულირებელ კომისიაშიც, რომლის დირექტორი გიორგი გეგეშიძე „რუსთავი2 -ის“ მფლობელი იყო.

ადგილობრივმა მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქტიურად დაიწყეს საუბარი მედია მფლობელების გამჭვირვალობის შესახებ, რაც 2000-იანი წლების მეორე ნახევარში თავისუფალი მედიის ერთ-ერთი მთავარ გამოწვევად რჩებოდა. ორი მსხვილი მაუწყებლის, „რუსთავი 2-სა“ და „იმედის“ მფლობელების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ იყო, მათი ფიქტიური მეპატრონეები კი ოფშორულ ზონებში იყვნენ დარეგისტრირებული.

ამ პერიოდში ქვეყანაში უკვე არსებობდა რამდენიმე ახალი დამოუკიდებელი ბეჭდური თუ ონლაინ მედია გამოცემა, თუმცა, მცირე ბიუჯეტისა და დაბალი ტირაჟების გამო მათი გავლენის არეალი ძალიან მცირე იყო.

2011 - 2012 წლები - გაძლიერებული ზეწოლა ჟურნალისტებზე და მედიასაშუალებების მფლობელების გამჭვირვალობის პირველი ნიშნები


ჟურნალისტებზე ზეწოლისა და საქმიანობაში ხელის შეშლის მხრივ არსებული ერთწლიანი შედარებით მშვიდი გარემოს შემდეგ, 2011 წელს საქართველო ამ მხრივ განსაკუთრებით „დაწინაურდა“. 26 მაისს ოპოზიციის მიერ გამართულ საპროტესტო დემონსტრაციის დაშლისას პოლიციამ არაერთ ჟურნალისტს მიაყენა ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა. მათ ნაწილს აპარატურაც დაუზიანეს და ჩამოართვეს. ზოგიერთი პოლიციის განყოფილებაშიც კი მოხვდა.

Freedom House-ის მიერ 2012 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში ფოტოგრაფების გახმაურებულ საქმესაც ეხმიანება. 2011 წლის ივლისში 4 ფოტოგრაფი, მათ შორის პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი შპიონაჟის ბრალდებით დააკავეს. მათ სამშობლოს ღალატის მუხლით წარუდგინეს ბრალი და საქმეს გრიფი “საიდუმლო” დაადეს. თუმცა, არაერთი საპროტესტო აქციისა და საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებების შემდეგ, ისინი საპროცესო შეთანხმებით გაათავისუფლეს. აღსანიშნავია, რომ ამ ბრალდებით ჟურნალისტების დაკავების პირველი შემთხვევა იყო საქართველოში.

ერთადერთი, რაც 2011 წელს Freedom House-ის ანგარიშში მედიაში პოზიტიურ ცვლილებად არის დასახელებული, მედია მფლობელების გამჭვირვალობის საკითხის ნაწილობრივი მოგვარებაა. აპრილში პარლამენტი მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებებს იღებს, რაც მაუწყებლებს დამფუძნებლების და დაფინანსების წყაროების შესახებ შესახებ სრული ინფორმაციის გამოქვეყნებას ავალდებულებს 2012 წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ მედიის როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ამიტომ ხელისუფლება მის ხელში არსებულ ბერკეტებს მაქსიმალურად იყენებს.

თუმცა, ამის საპირწონედ აპრილის ბოლოს მედია ბაზარზე ახალი ძლიერი მოთამაშე - ტელეკომპანია „ მე-9 არხი“ შემოდის. ტელევიზიას ზურგს უმაგრებს ხელისუფლებას დაპირისპირებული გავლენიანი მილიარდერი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამავდროულად მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერიცაა. კარგი დაფინანსებისა და სოლიდური რეიტინგის მიუხედავად, შეფერხება დაფარვის მხრივ „მე-9 არხსაც“ ექმნება, რადგან სამაუწყებლო სიხშირეების მისაღებად ლიცენზიების გაცემა ჯერ კიდევ პრობლემურია.

არჩევნების წინა პერიოდში ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და შეურაცხყოფის ფაქტებიც გაიზარდა. ფიზიკური თავდასხმები, შანტაჟი, საქმიანობაში ხელის შეშლა და აქტიური ჩარევა - ეს ყველაფერი არაერთხელ გამოსცადეს ზაფხულის განმავლობაში ოპოზიციურად განწყობილი მედიების ჟურნალისტებმა.

სიტუაცია არც სარეკლამო კუთხით იცვლება. Freedom House 2013 წლის ანგარიშში აღნიშნავს, რომ რეკლამის დამკვეთები უპირატესობას ისევ სამთავრობო მედიებს ანიჭებენ, რაც კომპანიებს არათანაბარ პირობებში აყენებს და ფინანსურად და პოლიტიკურად დამოუკიდებელი მედიის განვითარებას უშლის ხელს.

2012 წლის საპარალამენტო არჩევნებამდე 2 კვირით ადრე, 18 სექტემბერს ტელეკომპანიებმა - „მაესტრო“ და „ტვ-9“ ეთერში, მათი განცხადებით, თბილისის ციხეებში გადაღებული ფიზიკური და სექსუალური ძალადობის კადრები გაუშვეს, რამაც საყოველთაო აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია. იმ დროს მმართველი პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერმა მედიამ ეს სკანდალი მთავრობისადმი კრიტიკული დისკურსის და შეკითხვების გარეშე გააშუქა. „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ და კი თავდაპირველად საერთოდ უარი თქვა თემის გაშუქებაზე.

მედიის თავისუფლების შეზღუდვის კიდევ ერთ მაჩვენებლად Freedom House-ს საპარლამენტო არჩევნებამდე 5 დღით ადრე ცესკოს მიერ დაწესებული რეგულაცია მოჰყავს, რაც ჟურნალისტებს საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეო გადაღებას უზღუდავს. ამ ამბავს მედიის წარმომადგენლების მხრიდან საპროტესტო განცხადებები და აქცია მოჰყვა. თუმცა, ცესკოს გადაწყვეტილება არ შეუცვლია.

2013-2014 წლები - ცვლილებები მაუწყებლებში


საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების მიუხედავად 2012 წლის ბოლოს და 2013 წლის პირველ თვეებში „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ აკონტროლებს 2 მთავარ მაუწყებელს : „რუსთავი 2 -სა“ და „საზოგადოებრივ მაუწყებელს“. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ბორდი პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ არის დამტკიცებული და მისი სარედაქციო პოლიტიკა კვლავ მიკერძოებულია.

არჩევნებიდან ორი კვირის შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ პირველი მფლობელის, გარდაცვლილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს უბრუნდება, რომელსაც ტელევიზია სააკაშვილის მთავრობამ 2007 წელს საეჭვო გარემოებაში ჩამოართვა. ამის შემდეგ ტელევიზია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ პოზიციას იკავებს.

არჩევნებიდან ერთ წელიწადში, პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა ტელეკომპანია „მე-9 არხი“ დახურა. საბოლოოდ, ტელევიზიის სიხშირე ახალმა არხმა, GDS-მა დაიკავა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის შვილს, ბერა ივანიშვილს ეკუთვნოდა და გასართობ გადაცემებზე უნდა ყოფილიყო ორიენტირებული.

ახლადარჩეული მთავრობა ინფორმაციის თავისუფლების საკითხს უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდა. 2013 წლის აგვისტოში ივანიშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც დაიხვეწა რეგულაციები ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით და სამთავრობო უწყებების ნაწილს დაევალა, პროაქტიულად ონლაინ გამოექვეყნებინათ სხვადასხვა დოკუმენტები და ოფიციალურად მიეღოთ ელექტრონული მოთხოვნები ინფორმაციაზე.

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას საერთაშორისო მედია მონიტორებმა აღნიშნეს, რომ ორი მთავარი კერძო მაუწყებელს, „რუსთავი2 -სა“ და „იმედის“ ეთერში აღარ იგრძნობოდა პოლიტიკური პარტიების თუ ფიგურების აშკარა გავლენა. ამჯერად ეს კომპანიები უფრო კონკურენტუნარიანი სარედაქციო მასალების შექმნაზე იყვნენ ორიენტირებული. თუმცა, კრიტიკული დისკურსის ნაკლებობა მაინც შესამჩნევი იყო.

სამთავრობო ცვლილებების მიუხედავად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური გავლენები 2013 წელსაც არ კარგავს აქტუალობას. 2012 წლიდან მაუწყებელი „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ძალაუფლებისთვის ბრძოლის პოლიგონად იქცა, რამაც 2013 წელს მმართველობის კრიზისამდე მიიყვანა საქმე. მარტში დირექტორი გაათავისუფლეს, 15-კაციან ბორდში კი 8 ვაკანტური ადგილი დარჩა.

2014-2017 წლები - ბრძოლა ტელევიზიებზე გავლენის მოსაპოვებლად

2014 წელი ქართული მედიისთვის გარდამავალი და შეიძლება ითქვას, ბოლო ათწლეულში ყველაზე თავისუფალი და თვითრეგულირებადი პერიოდი იყო. აღარ ვხვდებით ჟურნალისტებზე პირდაპირი ზეწოლის და პროფესიულ საქმიანობაში უხეში ჩარევის ფაქტებს, მედია უფრო მრავალფეროვანი და პოლარიზებულია. ხელისუფლებას და ოპოზიციას თითქმის ერთნაირი წვდომა აქვთ საზოგადოებასთან მთელი ქვეყნის მასშტაბით. მფლობელების გამჭვირვალობის საკითხიც მეტ-ნაკლებად მოგვარებულია და საერთაშორისო ორგანიზაციები აღარც სარეკლამო დამკვეთების პოლიტიკურ მოტივაციებზე საუბრობენ. თუმცა, პოლიტიკური გავლენები კულისებს მიღმა მაინც არ კარგავს აქტუალობას.

შედარებით მშვიდი და დაბალანსებული სიტუაციის მიუხედავად ცხელი ამბების გარეშე არც 2014 წელი გადის. ივლისში „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებელსა და ყოფილ დირექტორს, ეროსი კიწმარიშვილს საკუთარ ფარეხში, მანქანაში გარდაცვლილს პოულობენ. მას თავის არეში ტყვია აქვს მოხვედრილი. მართალია, გამოძიებამ ჯერაც ვერ დაადგინა, რას უკავშირდებოდა ეს მკვლელობა, მაგრამ ეჭვები კიწმარიშვილის მედიაზე გავლენებსა და მის იდუმალებით მოცულ სიკვდილს შორის მაშინვე გაჩნდა.

ვითარება წლის ბოლოსაც იძაბება, როდესაც დეკემბერში ტელეკომპანია მაესტროდან პოპულარული ტელეწამყვანი და გადაცემის ავტორი, ნინო ჟიჟილაშვილი გაათავისუფლეს, რის შემდეგაც „მაესტრო“ პროტესტის ნიშნად ჟურნალისტების ნაწილმაც დატოვა. ისინი ამ ამბავს სამთავრობო პოლიტიკური ფიგურების ტელეკომპანიის საქმიანობაზე გავლენას უკავშირებდნენ.

2015 წლის ივლისიდან საქართველო ოფიციალურად გადადის ციფრულ მაუწყებლობაზე, რაც ციფრული ტელემაუწყებლებისთვის ლიცენზიების გაცემას აღარ საჭიროებს. წლის პირველი ნახევარში ქვეყანაში შედარებით სტაბილური და თავისუფალი მედია გარემო ისევ შენარჩუნებულია. ირიბი გავლენები კვლავ პრობლემურია, თუმცა, წინა წლებთან შედარებით სიტუაცია მაინც გაუმჯობესებულია.

ეს დროებითი სიმშვიდე ზაფხულის ბოლოდან ირღვევა, როდესაც სატელევიზიო მედიაში რამდენიმე გავლენიანი საზოგადოებრივ- პოლიტიკური გადაცემის დახურვის გამო სამთავრობო ზეწოლის ეჭვები ჩნდება. ამის შესახებ მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი წარმომადგენელი საუბრობს. ტოქშოუები დაუხურეს პოპულარულ ტელეწამყვანებსა და ჟურნალისტებს, ინგა გრიგოლიას და ეკა მიშველაძეს.

ეჭვები ჩნდება ასევე სასამართლოს მიუკერძოებლობის შესახებ, რის მიზეზიც „რუსთავი2-ის“ მფლობელობის საკითხზე სასამართლო დავის წარმართვის ბუნდოვანი პროცესია. 2016 წლიდან ხელისუფლების მხრიდან მედიაზე პოლიტიკური გავლენის მოპოვების მცდელობა თანდათან უფრო თვალშისაცემი ხდება. იმ ფონზე, როდესაც ონლაინ გამოცემების პოპულარობა სულ უფრო იზრდება და მედია ბაზარიც უფრო პლურალისტური და თავისუფალი ხდება, სახელმწიფო ცდილობს, ყველაზე რეიტინგულ ტელეარხები მაინც მოაქციოს გავლენის სფეროში.

ამის ყველაზე ნათელ მაგალითად Freedom House ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გარშემო მიმდინარე დავას ასახელებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, შეჩერდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, ამის მტკიცებულებად მიიჩნევს. სამთავრობო გავლენებზეა საუბარი ტელეკომპანია „მაესტროს“ შემთხვევაშიც. მიუხედავად არსებული პრობლემებისა, მედიაგარემო 2017 წლამდე მაინც ინარჩუნებს გარკვეულ სტაბილურობას. თუმცა, გასულ წელს რამდენიმე ფაქტორმა ეს მაჩვენებელი თითქმის იმ დონემდე დაიყვანა, რაც საქართველოს 2009-2013 წლებში ჰქონდა.

Feedom House-ის შეფასებით, 2017 წელს საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის ინდექსმა 0,25-ით დაიკლო 4,25 ქულა შეადგინა. ამის ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიზებული სარედაქციო პოლიტიკა გახდა. იანვარში მაუწყებლის ახალ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს, რომელიც მანამდე „მეცხრე არხსა“ და ტელეკომპანია GDS-ში მუშაობდა პოლიტიკურ გადაცემებზე. ორივე არხის მფლობელი ბიძინა ივანიშვილი იყო, რამაც მაღლაფერიძის პოლიტიკური ნეიტრალურობის შესახებ კითხვები გააჩინა. ამას ისიც დაემატა, რომ ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების გუნდის მნიშვნელოვანი ნაწილი მან GDS-ის ყოფილი თანამშრომლებით დააკომპლექტა. მაუწყებელზე მისი ინიციატივით დაიხურა რამდენიმე გადაცემა, რომელიც მთავრობის მიმართ კრიტიკული იყო. ნეგატიური შეფასება მოჰყვა ასევე „რუსთავის 2-ის“ მფლობელობასთან დაკავშირებულ დავასაც და სამი პროსამთავრობო კერძო ტელეკომპანიის გაერთიანებას ( იმედი, მაესტრო და GDS ).

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 2017 წელი მედიის თავისუფლების მხრივ ყველაზე პრობლემური აღმოჩნდა. გაართმევს თუ არა თავს ამ გამოწვევას საქართველო და იქნება თუ არა გასული წელი გარდამტეხი 4 -წლიანი შედარებითი სტაბილურობის შემდეგ, ამას საბოლოოდ მიმდინარე წელს დავინახავთ. ისევ Freedom House-ს თუ დავესესხებით, საქართველოს საკანონმდებლო სივრცე გამოხატვის თავისუფლებას და სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. მედია გარემოც მეტნაკლებად პლურალური და კონკურენტუნარიანია, ანუ, სასტარტო პირობები არსებობს. თუმცა, შეძლებს თუ არა საქართველო რეგიონის „დემოკრატიის შუქურის“ სტატუსს გასცდეს და მართლაც პროგრესულ და თავისუფალ ქვეყანად ჩამოყალიბდეს, ეს დიდწილად ხელისუფლების ნებასა და მედიის შიდა სამზარეულოსგან მაქსიმალურად თავის შორს დაჭერაზეა დამოკიდებული.

ავტორი : ნინო ჩიმაკაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ