13.09.2018
ინფორმაციის ნაკლებობის ერთ-ერთი მიზეზი სავარაუდოდ ადგილობრივი მედიის სიმწირეა. რაჭის ორ რაიონში ამ ეტაპზე მხოლოდ ერთ გაზეთი, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფინანსებული ყოველთვიური გამოცემა „ამბროლაურის მოამბე“ ფუნქციონირებს. დამოუკიდებელ გამოცემას, ტელევიზიას ან რადიოს აქ ვერ ნახავთ. ონი კი, ალბათ ერთ-ერთი იშვიათი რაიონია დღეს საქართველოში, სადაც ადგილობრივი მედიასაშუალება საერთოდ არ არსებობს, შესაბამისად, ადგილობრივების ხმაც თითქმის არასოდეს ისმის.

1991 წელს, რაჭაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის დროს, ონის სტამბა დაინგრა. განადგურდა საბეჭდი დანადგარი, რომელიც თავის დროზე გერმანიიდან იყო ჩამოტანილი და ელექტროენერგიის გარეშეც მუშაობდა. ამის შემდეგ რაიონში საგამომცემლო საქმიანობა შეწყდა.

„რა თქმა უნდა, მესმის, რომ მთავრობის მიერ დაფინანსებული გამოცემა ვერ იქნება ბოლომდე თავისუფალი და ეს არ არის საუკეთესო გამოსავალი. მაგრამ რაიონში, სადაც არანაირი მედიასაშუალება არ არსებობს, ეს გაზეთი მაინც ძალიან მნიშვნელოვანი იყო“, - ამბობს ინგა მეტრეველი. გაზეთში უმეტესად ტენდერებზე, კულტურულ ღონისძიებებზე და პოლიტიკური თუ სხვა ტიპის ვიზიტებზე ქვეყნდებოდა ინფორმაცია, მაგრამ ინგა იხსენებს, რომ ხანდახან პრობლემებზე წერასაც ახერხებდა. “ონი ნიუსი” 50 თეთრი ღირდა და ქალაქშიც ვრცელდებოდა და სოფლებშიც, - „ძირითადად მე ვწერდი, რედაქცია არ გვქონდა, სახლიდან ვმუშაობდი. თუმცა, ერთფეროვანი რომ არ ყოფილიყო სტილი, თუ ვინმეს უნდოდა და შეეძლო, ვცდილობდი ისიც ჩამერთო. რამდენიმე ახალგაზრდასთანაც ვითანამშრომლეთ”.
2016 წლის ბოლოს გაზეთის გამოცემა შეწყდა. მუნიციპალიტეტმა დაფინსება აღარ გააგრძელა, კერძო დონორი არ გამოჩნდა და ონი მედიის გარეშე დარჩა.

ახლა ონის რაიონში ადგილობრივი ინფორმაციის მიღების ერთადერთი წყარო საკრებულოს ფეისბუკის გვერდია. მუნიციპალიტეტს ვებგვერდიც აქვს, მაგრამ ფეისბუკი უფრო ხშირად ახლდება. თუმცა აქ ძირითადად მხოლოდ ისეთი ტიპის ინფორმაცია ქვეყნდება, როგორიცაა: ტენდერები, ვიზიტები, ახალი პროექტები და ა.შ. ამასთანავე, ამ ეტაპზე ონის რაიონის 6000-მდე მოსახლიდან, მაქსნეტის მონაცემებით, ინტერნეტი მხოლოდ 300-მდე აბონენტს აქვს.
ინგა ამბობს, რომ გაზეთის დახურვით განსაკუთრებით უფროსი თაობა დაზარალდა: „მთელი წლის განმავლობაში მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, საიდან გავიგოთ ახლა ინფორმაციაო“.
ნაზი გავაშელი ონის სკოლაში ბიოლოგიას ასწავლის: “იმდენი პრობლემაა რაიონში, აუცილებელი ამაზე იწერებოდეს“.

იზოლდა ლობჯანიძე კერძო მეწარმეა. ყველა გამოცემას აქტიურად კითხულობდა, რაც ათეული წლების განმავლობაში გამოდიოდა ონში: „ტელევიზორში კი ვუყურებ ინფორმაციას, მაგრამ რაიონის ამბები დიდად არაფერი ვიცი, ჩვენ ინტერნეტი და ეგეთები არ გვაქვს სახლში. კარგი იქნება ადგილობრივი ტელევიზია, რადიო ან გაზეთი იყოს“.
ინტერნეტთან წვდომის მიუხედავად, ინფორმაციის ნაკლებობას ახალგაზარდებიც უჩივიან. მაცაცო რეხვიაშვილი ონის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში ინგლისურის მასწავლებელია. საკრებულოს ფეისბუკის გვერდს ხშირად ამოწმებს, მაგრამ, ამბობს, რომ ეს ის არაა, რაც ხალხს უნდა, ადგილობრივების ხმა ცენტრამდე მაინც არ მიდის: „რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ სხვა რეგიონების და რაიონების მსგავსად, აქაც იყოს ადგილობრივი ტელევიზია, ონლაინ გამოცემა თუ გაზეთი, საიდანაც სანდო ინფორმაციას მიიღებდნენ ადამიანები. ახლა სახელმწიფო უწყებების გარდა, ინფორმაციას ერთმანეთისგან თუ გავიგებთ, გადმოცემით, როგორც ძველად ხდებოდა ხოლმე. ასეთ დროს კი, ზოგჯერ სიმართლე გზაში იკარგება და საბოლოოდ ბევრ ადამიანამდე არასწორი ინფორმაცია მიდის”.

ინგა მეტრეველი ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია „რაჭის სიძველეთა შესწავლის დაცვის ფონდში“ მუშაობს. გასულ წელს პროექტი დაწერა და გრანტიც მოიგო. კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს ადგილობრივი მედიის თემაზეც მოამზადოს პროექტი და დამოუკიდებელ ფონდებში შეიტანოს, მპასუხობს, რომ ამისთვის გუნდი და გამოცდილებაა საჭირო, ასე ერთ ადამიანს ფულს არავინ მისცემს, ამიტომ, იდეა ამ ეტაპზე უპერსპექტივოდ ეჩვენება.