ტელეკომპანია "იბერიის" საქმე - მოკლედ
23.10.2018
ერთი კვირაა ტელეკომპანია "იბერიაზე" აღარ გადის საინფორმაციო გამოშვებები და გადაცემები. ტელევიზიის ეთერში არის ტიტრი - "ხელისუფლებამ დახურა იბერია" და წარწერა, რომ “არჩევნებამდე სარეკლამო ვალდებულებათა შესასრულებლად ეთერი დაეთმობა საარქივო გადაცემებს”.

რა მოხდა იბერიაში - ქრონოლოგია, მოკლედ

“იბერიამ” გადაცემები შეაჩერა



ტელეკომპანია “იბერიამ” გადაცემები 16 ოქტომბერს შეაჩერა. იმ დღეს ეთერში არ გავიდა არხის მთავარი საინფორმაციო გამოშვება და მთავარი ტოქშოუ. მოგვიანებით ეკრანზე გაჩნდა წარწერათ - “ხელისუფლებამ დახურა იბერია!!!” არხის მენეჯმენტის განცხადებით, მაუწყებლობა არხზე არსებული ფინანასური პრობლემების გამო შეჩერდა.

“იბერიის” საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მათი მუშაობის შესაჩერებლად ყველაფერი გააკეთა და ამ ეტაპისთვის მათ ეს წარმატებით მოახერხეს. ღიად არ უსაუბრიათ, რატომ გაჩერდა მოულოდნელად არხი, რატომ არ გავიდა ეთერში მომზადებული გადაცემები. მაუწყებლობის გაჩერების შესახებ აუდიტორიამ ჯერ ხუზმიაშვილის ფეისბუკ სტატუსით გაიგო, შემდეგ კი ეკრანზე გამოტანილი წარწერით. საკუთარი აუდიტორია არ შეუმზადებიათ და არ აუხსნიათ არაფერი.

მაუწყებლობის შეჩერებიდან ორ დღეში, ტელეკომპანიის თანამშრომლების ნაწილმა საქართველოს პროფესიული კავშირების ხელმძღვანელთან ერთად ბრიფინგი გამართა, საკუთარი უფლებების დაცვაზე ისაუბრა, მენეჯმენტისგან კუთვნილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურება მოითხოვა და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.

როგორ დაიწყო “იბერიის” საქმე

ტელეკომპანია “იბერიაში” ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე და არხის მთავარი დამფინანსებელი კომპანიისთვის, “ომეგა ჯგუფისთვის” ფინანსური პრობლემების ხელოვნურად შექმნაზე ჯერ კიდევ 2018 წლის თებერვლის ბოლოს ალაპარაკდნენ. ტელევიზიის თანამშრომლები ამბობდნენ, რომ ხელისუფლება ტელევიზიის მფლობელის ბიზნესზე ზეწოლით, არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობდა. თუმცა, ტელეკომპანიის თანამშრომლებს ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლის კონკრეტულ მაგალითებზე არ უსაუბრიათ და ფაქტი საზოგადოებისთვის ბუნდოვანი დარჩა. მაშინ არხის ერთ-ერთი ყოფილი მფლობელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე ხელისუფლების მხრიდან რაიმე სახის ზეწოლას კატეგორიულად გამორიცხვდა. მიუხედავად იმისა, რომ კანონით პარლამენტის წევრს ეკრძალება მაუწყებლის ფლობა, აღმოჩნდა, რომ ნატო ჩხეიძეს ტელეკომპანიის წილები ფორმალურად აქვს გადაფორმებული საკუთარ შვილებზე, რადგან მიმდინარე პროცესებში ის, როგორც ტელეკომპანიის დამფუძნებელი, ისე ფიგურირებდა.

2018 წლის სექტემბრის დასაწყისში, ტელევიზიის თანამშრომლებმა მთავრობის მხრიდან ზეწოლის შესახებ კიდევ ერთხელ განაცხადეს. ამის შემდეგ ტელეკომპანია “იბერია” უკვე მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ტელევიზიის თანამშრომლები ამბობდნენ, რომ „ომეგა ჯგუფისთვის“ ყადაღის დადების შედეგად გამოწვეული ფინანსური „პრობლემები“ ტელევიზიის „დახურვას“ გამოიწვევდა.

“იბერიის” თანამშრომლებმა 10 სექტემბერს პროტესტის ნიშნად რამდენიმე საათით მაწუყებლობაც შეწყვიტეს და ტელეკომპანიის ოფისიდან მთავრობის კანცენლარიის შენობამდე მსვლელობა მოაწყეს. მთავრობის კანცელარიასთან შეკრებილ თანამშრომლებს ხელში ტრანსფარანტები ეჭირათ წარწერით - “იბერიას ვერ წაგვართმევთ”, “ვერ გაგვაჩუმებთ”, “ხელები შორს იბერიისგან და ა.შ.

ფარული აუდიოჩანაწერები

ტელეკომპანია “იბერიის” მიერ ხელისუფლების ზეწოლაში დადანაშაულებიდან მალევე “რუსთავი 2-ზე” ფარული აუდიოჩანაწერების სერია გაჩნდა. ჩანაწერებში „ომეგა ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი, სავარაუდოდ, ხელისუფლების მაღალჩინოსნებს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს, ბიზნესის რეკეტსა და თანხის გამოძალვაში ადანაშაულებს. ასევე “იბერიის” ნაცვლად “რუსთავი 2-თან” ინტერვიუში გაამხილა ზაზა ოქრუაშვილმა ბევრი ფაქტი, რაც აძლიერებდა ეჭვებს შესაძლო კორუფციის შესახებ.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე განცხადება მხოლოდ 5 ოქტომბერს გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჩანაწერები დამონტაჟებული იყო. საგამოძიებო უწყებამ იქვე განმარტა, რომ ფარულ აუდიოჩანაწერებზე გამოძიება მიმდინარე წლის 12 სექტემბერს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით დაიწყო, რაც „სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს“.

პოლიტიკური შეფასებები

“ომეგა ჯგუფისა” და “იბერიას” ბრალდებებს თავდაპირველად ფინანსთა სამინისტრო ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა. უწყებაში განმარტეს, რომ “ომეგა ჯგუფის” ბალანსზე არსებული თითქმის 52 მილიონ ლარიანი დავალიანების გადაუხდელობის გამო კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძლებითი ღონისძიებები და დადებულია ინკასო.

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ “ომეგა ჯგუფის” ანგარიშების დაყადაღებას მედიასთან კავშირი არ ჰქონდა და ეს “ომეგა ჯგუფისა” და ტელეკომპანიის მფლობელების მხრიდან “სრული სპეკულაცია” იყო.

„სრულიად მიუღებელი და სამარცხვინოა მედიას ამოფარებული ზოგიერთი ბიზნესი როდესაც თავიანთ მედიას იყენებს შანტაჟის იარაღად და ცდილობს, რომ გადასახადისგან თავი აირიდოს. სახელმწიფოს ვერავინ ვერ დაელაპარაკება შანტაჟის ენით, ეს არის ხალხის ფული და კეთილი ინებონ და გადაიხადონ ბიუჯეტში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

იგივე პოზიცია ჰქონდათ მმართველ გუნდში. ოპოზიციამ კი, “ტელეკომპანიას” სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და ქართული ოცნების ხელისფლება თავისუფალი მედიისა და კრიტიკული აზრის შევიწროებაში დაადანაშაულა.

არასამთავრობოების გამოხმაურება

“იბერიის” ირგვლივ განვითარებული მოვლენები არასამთავრობო ორგანიზაციების ყურადღების ქვეშ მოექცა. “ჟურნალისტური ეთიკის ქარტია,” “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, მთლიანად კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის ავრცელებდნენ განცხადებებს, სადაც საუბრობდნენ არაჯანსაღ მედიაგარემოზე, კონკრეტული მიზნებისთვის მედიის გამოყენებაზე, აქცენტს აკეთებდნენ ჟურნალისტების უფლებების დაცვაზე, სთავაზობდნენ მათ დახმარებას, ხელისუფლებას კი არსებული კითხვებისა და სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად გამოძიების დროულად და გამჭვირვალედ წარმართვისკენ მოუწოდებდნენ.

"იბერიის" ისტორია



ტელეკომპანია “იბერია” 2000 წელს დაარსდა. მისი მფლობელი და დამფინანსებელი კომპანია “ომეგა ჯგუფი” იყო. ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2004 წელს, სამართალდამცველებმა “ომეგას” სიგარეტის იმპორტის უკანონო ბიზნესში მონაწილეობის მოტივით, “იბერიას” ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს. მოგვიანებით, ტელეკომპანია “იბერია” დაიხურა.

არხმა მაუწყებლობის ლიცენზია 2013 წელს დაიბრუნა. მაუწყებლობა კი 2015 წელს განაახლა. მისი დამფუძნებელი შპს ბენმონტი-BENMONT-ია, რომლის მფლობელები ნატო ჩხეიძე და ზაზა ოქუაშვილი იყვნენ. 2016 წლის არჩევნებში ნატო ჩხეიძე და ზაზა ოქუაშვილი "პატრიოტთა ალიანსის" სახელით მონაწილეობდნენ. ნატო ჩხეიძე პარლამენტის წევრი, ზაზა ოქუაშვილი კი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახდა. იმის გამო, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონით პოლიტიკური პარტიის წევრს ეკრძალება მაუწყებლის ფლობა, მათ საკუთარი წილები გადააფორმეს შვილებზე - რატი და გიორგი ოქუაშვილებზე, რომლებიც “იბერიის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში არ გამოჩენილან. კვლავაც ნატო ჩხეიძე და ზაზა ოქუაშვილი ფიგურირებდნენ, როგორც არამხოლოდ “ომეგა ჯგუფის” ,არამედ “იბერიის” წარმომადგენლებიც.

ნატო ჩხეიძემ “პატიორტთა ალიანსი” “ომეგა ჯგუფისა” და “იბერიას” გარშემო განვითარებულ მოვლენებზე თანაგუნდელების მხრიდან არასათანადო თანადგომის გამო ოფიციალურად დატოვა და პარლამენტში დამოუკიდბელი დეპუტატის სტატუსით დარჩა. ზაზა ოქუაშვილს კი პარტიის დატოვების შესახებ არ განუცხადებია.

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ