2018 წლის მთავარი მედიამოვლენები
27.12.2018

2018 წელს ქართულ მედიაში რამდენიმე მოვლენა მოხდა, რამაც გავლენა მოახდინა ადგილობრივი მედიასაშუალებების მუშაობასა თუ ზოგადად მედიალანდშაფტზე. მიუხედავად იმისა, რომ მედიაბაზარზე არსებითი ცვლილებები არ მომხდარა, მსხვილი მედიასაშუალებები კვლავაც პოლიტიკური ნიშნით პოლარიზებულნი არიან, არ გამოჩენილან ახალი მედიასაშუალებები, რომელთა მუშაობაც მნიშვნელოვნად შეცვლიდა სფეროში არსებულ რეალობას, მაინც შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე მოვლენა, რასაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

⇒  1. ახალი მენეჯმენტი რადიო თავისუფლების ქართულ ბიუროში

2018 წლის იანვარში, ამერიკულმა ვებ-გვერდმა BBG Watch-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც საუბარი იყო რადიო თავისუფლების ამერიკულ მენეჯმენტსა და ქართული ბიუროს შორის არსებულ დაპირისპირებაზე. ვებ-გვერდზე, სადაც ინფორმაცია გავრცელდა, აშშ-ის გადამხდელებისაგან დაფინანსებული მედიასაშუალებების რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის შესახებ ჟურნალისტები მოხალისეობრივად წერენ სტატიებს.

BBG Watch-ის მტკიცებით, დაპირისპირების მიზეზი მათ შორის რადიოს ამერიკელი ვიცე-პრეზიდენტის ნენად პეიჩის მოთხოვნა გახდა, რომ ქართულ ბიუროს ტელეკომპანია რუსთავი 2-თან ეთანამშრომლა. როგორც სტატიიდან ხდებოდა ცნობილი, ამგვარი თანამშრომლობის წინააღმდეგი იყო რადიოს ქართული სამსახური და მისი უფროსი დავით კაკაბაძე. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ წინააღმდეგობით უკმაყოფილო მენეჯმენტი კაკაბაძის გათავისუფლებას აპირებდა.

რამდენიმე დღეში უთანხმოების შესახებ განცხადება გაავრცელა რადიოს ქართულმა ბიურომ, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ დაპირისპირება მას შემდეგ წარმოიშვა, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან მოხსნილი გადაცემების „წითელი ზონისა“ და „ინტერტview”-ს სხვა ტელეკომპანიების, მათ შორის რუსთავი 2-ის, ეთერში გასვლის საკითხი დადგა.

განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის თანამშრომლები უდასტურებენ პატივისცემას თავიანთ კოლეგებს და გადაჭრით ემხრობიან იმას, რომ საქართველოს მედიასივრცეში არსებობდეს პლურალიზმი და ხელისუფლების გავლენისგან თავისუფალი საინფორმაციო საშუალებები. მაგრამ როცა საქმე პარტნიორობაზე მიდგება, ქართული სამსახურის ერთსულოვანი პოზიციაა, რომ უნდა ვითანამშრომლოთ ყველა პოლიტიკური ძალისგან მაქსიმალურად დისტანცირებულ ტელეარხებთან.“

რადიო თავისუფლების ქართული ბიუროს მხარდასაჭერად გავრცელდა პეტიციაც. განცხადებიდან რამდენიმე დღეში ცნობილი გახდა, რომ მედიასაშუალების მენეჯმენტმა მართლაც გაათავისუფლა დავით კაკაბაძე. დავით კაკაბაძის გათავისუფლებიდან მეორე დღეს თანამდებობა დატოვა რადიოს თბილისის ბიუროს ხელმძღვანელმა მარინა ვაშაყმაძემ.

მოგვიანებით დავით კაკაბაძემ მუშაობა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომუნიკაციის მიერ დაარსებულ მედიააკადემიის აღმასრულებელ დირექტორად დაიწყო. მარინა ვაშაყმაძე კი აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონსულტანტად დაინიშნა. დავით კაკაბაძის პოზიციაზე რადიოს ხელმძღვანელობამ რუსთავი 2-ის ყოფილი ჟურნალისტი ნათია ზამბახიძე შეარჩია. რადიოს თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი კი ჟურნალ ინდიგოს ყოფილი რედაქტორი ნინო ჯაფიაშვილი გახდა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა ისიც, რომ რადიო თავისუფლებისა და სტუდია მონიტორის ერთობრილივი საგამოძიებო გადაცემა „თავისუფლების მონიტორი“ რუსთავი 2-ის ეთერში გავიდოდა.

⇒  2. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი წევრები

2018 წლის მარტში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შესარჩევმა კომისიამ 12 კანდიდატი შეარჩია. ამათგან პარლამენტს 4 წევრი უნდა დაემტკიცებინა. საბოლოო ჯამში პარლამენტმა მხარი დაუჭირა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორთან დაახლოებულ და ხელისუფლებისადმი კეთილგანწყობილ კანდიდატს, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს, რომელიც ია მამალაძესთან და მალხაზ ასლამაზიშვილთან ერთად დაასახელა „ქართულმა ოცნებამ“.

შათირიშვილის არჩევას წინ უძღოდა გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური, საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე, მთავრობის პიარის სამსახურის წარმომადგენელი მაკო ბიგვავა და სტუდია „პოსტ TV”-ის დამფუძნებელი ლაშა ნაცვლიშვილი, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ზაზა შათირიშვილის მეურვედ ლობირებისათვის შეიკრიბნენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვე გახდა ბესიკ ლილუაშვილიც, რომელიც მანამდე აჭარის მთავრობაში მუშაობდა და რომელიც პარლამენტს აჭარის უმაღლესმა საბჭომ წარუდგინა.

ომბუდსმენის კვოტით კი არასამთავრობო ორგანიზაცია CiDA-ს დირექტორი ზვიად დევდარინი იქნა წარდგენილი. დევდარიანის წარდგენის შემდეგ, CiDA-ს ხელმძღვანელს სექსუალურ შევიწროვებაში დასდეს ბრალი, რასაც ქალთა მოძრაობის კამპანია მოჰყვა. დევდარიანისადმი ბრალდებების გაჟღერებიდან მალევე, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ, რომელმაც განაცხადა: „მე კონკურსს პირველი გამოვეთიშე სწორედ იმის დასამტკიცებლად, რომ საზმაუს კონკურსი კავშირში არ არის ზვიად დევდარიანის მხილებასთან ქალთა მოძრაობის მიერ. ვერავინ იტყვის, რომ ქალთა მოძრაობამ კონკურენტი ჩამოიშორა, რადგან მე კონკურსში აღარ ვმონაწილეობ და არავის კონკურენტი არა ვარ.“

დევდარიანის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო სექსუალური ადევნების მუხლით. თავის მხრივ დევდარიანმა სასამართლოში უჩივლა 11 პირს, მათ შორის ბაია პატარაიას, იდა ბახტურიძეს, ნინო დანელიას, თამარა კაკაბაძეს, ეკა ონიანსა და თამარ ყურაშვილს, პატივისა და ღირსების შელახვისათვის. ასევე, უჩივლა გამოცემა ტაბულას. საბოლოო ჯამში, ომბუდსმენის კვოტით წარდგენილ კანიდატად საზმაუს სამეურვეო საბჭოში მოხვდა იზაბელა ოსიპოვა.

საინტერესოდ განვითარდა მოვლენები საპარლამენტო უმცირესობის კვოტით წარდგენილი კანდიდატის ნინია კაკაბაძის გარშემო. ნინია კაკაბაძის კანდიდატურას პარლამენტმა ჯერ 23 მარტს უყარა კენჭი და იგი უკვე მეხუთედ არ აირჩიეს სამეურვეო საბჭოში. მან პირველ ჯერზე მხოლოდ 11 ხმა მიიღო. 26 მარტს ნინია კაკაბაძე მეექვსედ დაასახელეს მეურვის კანდიდატად. საბოლოოდ, 4 აპრილს მას მხარი დაუჭირა 55-მა დეპუტატმა და იგი სამეურვეო საბჭოს წევრი გახდა. კაკაბაძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს უმრავლესობის დეპუტატებმაც, რასაც ქართულ ოცნებაში განხეთქილება მოჰყვა. პარლამენტარმა გედევან ფოფხაძემ განცხადება გააკეთა, რომ იგი ქართული ოცნების რიგების დატოვებას აპირებდა და აღნიშნა, რომ „შვიდეულის კვირაში ასეთი რამის გაკეთება ყველა მართლმადიდებლის სულში ჩაფურთხებაა იმიტომ, რომ პატრიარქის მაგინებელი ქალბატონი არ უნდა იღებდეს პარლამენტში ხმებს არასდროს“. მოგვიანებით, ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერისათვის შენდობა ითხოვეს დეპუტატებმა მარიამ ჯაშმა და თამაზ ნავერიანმა.

წლის ბოლოს კი გამოცემა ლიბერალმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამეურვე საბჭოს წევრმა ზაზა შათირიშვილმა საზმაუს სამეურვეო საბჭო დატოვა, ვინაიდან იგი საკუთარი ტელევიზიისა და ჟურნალის გახსნას გეგმავს.

⇒   3. ცვლილებები საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა კონტრაქტებში

2018 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი კიდევ რამდენჯერმე მოხვდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. განსაკუთრებული მითქმა-მოთქმა და თანამშრომელთა პროტესტი გამოიწვია 3 სექტემბერს გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილს არხის მენეჯმენტმა შეცვლილი სამუშაო პირობები შესთავაზა. ცვლილება, რომელიც არხის რამდენიმე ათეულ ტექნიკურ თანამშრომელს შეეხო, ყოველთვიურად ხელფასის აღების ნაცვლად, საათობრივ სამუშაო რეჟიმს და შესაბამის ანაზღაურებას გულისხმობდა. შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში, თანამშრომლებს ორთვიან კომპენსაციასა და სამსახურიდან გათავისუფლებაზე მოუწევდათ დათანხმება. კონტრაქტებში სამუშაო პირობების ცვლილებამ თანამშრომელთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც მათ აქციაც გამართეს ტელეკომპანიის შენობის წინ.

არხის მენეჯმენტის თქმით, ისინი არ აპირებდნენ თანამშრომლების გათავისუფლებას, გარდა რამდენიმე ადამიანისა, რომლებიც სამსახურში ფაქტობრივად არ დადიოდნენ. ხოლო რაც შეეხება სხვა თანამშრომლებს, მენეჯმენტის განცხადებაში მითითებული იყო, რომ ისინი არხის ეფექტურად ფუნქციონირებისათვის 70-მდე თანამშრომლისთვის, ანაზღაურების ნამუშევარი საათების მიხედვით გადახდას აპირებდნენ.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საკონტრაქტო პირობები 42-მდე ადამიანს შეეცვალა. გარდა ამისა, დაიწყო შეხვედრები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსთან. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა საზოგადოების ყურადღების ცენტრში საბჭოს წევრის გია იაკობიშვილის მიერ სხდომის ჩანაწერის წაშლის გამო მოექცა. როგორც სამეურვეო საბჭოს სხვა წევრმა ნინია კაკაბაძემ მედიასთან განაცხადა, გია იაკობიშვილი „ქურდულად და ტყუილით ითხოვს მასალას, ამბობს, რომ უმრავლესობამ გადაწყვიტა ამ ჩანაწერის წაშლა და მას ანადგურებს. აი, ასე ტყუილებით, მიპარვით და რაც მთავარია "უმრავლესობის სახელით" მოქმედებენ უმრავლესობის წარმომადგენლები. საბედნიეროდ არსებობს მიმოწერა ელექტრონული ფოსტით, სადაც მხოლოდ ზაზა შათირიშვილი და გია იაკობაშვილი იზიარებენ ჩანაწერის განადგურების იდეას".

2018 წლის ოქტომბერში „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირებთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, საზოგადეობრივი მაუწყებლის გათავლისუფლებული თანამშრომლების უფლებათა დასაცავად. „სასარჩელო მოთხოვნაა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება“, - ნათქვამი იყო განცხადებაში, რომელიც მედიაში გავრცელდა.

მედიაჩეკერი დაუკავშირდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირების თავმჯდომარეს, რომლის თქმითაც, პროფკავშირის წარმომადგენლები რამდენიმე დღის წინაც შეხვდნენ სამეურვე საბჭოს. შეხვედრას არ ესწრებოდა მენეჯმენტი. შეხვედრაზე, ზაუტაშვილის თქმით, შეთანხმდნენ რომ ახალ წლამდე არავითარი რეაგირება არ იქნება, ვინაიდან ამ ადამიანების გათავისუფლება დარღვევებით მიმდინარეობს. მიიღეს აქტიური თანამშრომლობის დაპირება. მიუხედავად სამეურვეო საბჭოს დაპირებისა, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება არ მოხდებოდა განხილვის გარეშე, მისი ინფორმაციით, მაინც უგზავნიან თანამშრომლებს გარკვეული ტიპის განცხადებებს.

„თავიდან იყო საუბარი 150-მდე თანამშრომელზე, მერე 50-ზე და ახლა 22-მდე ჩამოვიდა ციფრი. ესეც როგორი არასწორი საქციელია მენეჯმენტის მხრიდან“, - ამბობს ნინო ზაუტაშვილი და აღნიშნავს, რომ იმ ადამიანების ნაწილს, რომელზეც თავდაპირველად იყო საუბარი, ახალი კონტრაქტები მისცეს, ნაწილს კი დაუტოვეს ძველი პირობები, -„ველოდებით, რომ სამეურვეო საბჭო განიხილავს ამ საკითხს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი იდეა შეთავაზებული მათთვის და ვფიქრობთ, რომ ამ იდეის საშუალებით თუნდაც რეორგანიზაცია შეიძლება, რაც ტელევიზიაში ახალი, კარგი კადრების მოყვანასთან ერთად, გულისხმობს, რომ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ქართული რადიოს განვითარებაში, იმ ადამიანებისთვისაც გვაქვს მოფიქრებული სპეციალური პროგრამა, რომელიც მათ დაუტოვებს შეგრძნებას, რომ ისინი საჭორები არიან რადიოსთვის.“

⇒   4. ტელეკომპანია იბერია

2019 წელს ქართული ტელებაზარი ერთი არხით ნაკლებით შეხვდება. ტელეკომპანია იბერიამ, რომელიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეთერში 2015 წელს დაბრუნდა, ისევ შეწყვიტა მაუწყებლობა. მაუწყებლობის შეწყვეტამდე კი იყო ცნობილი პოლიტიკური და ბიზნეს სკანდალი, რომელიც იბერიის ფაქტობრივი მფლობელის ზაზა ოქუაშვილის კუთვნილ სხვა ბიზნეს-კომპანიას „ომეგა ჯგუფსა“ და სახელმწიფოს წინაშე არსებულ მის დავალიანებას შეეხებოდა.

საუბარი იბერიას მთავარ დამფინანსებელ კომპანია „ომეგა ჯგუფზე“ მიმდინარე ფინანსურ ზეწოლაზე ჯერ კიდევ 2018 წლის თებერვალში დაიწყო. თუმცა, პროცესები განსაკუთრებით მიმდინარე წლის სექტემბერში გამწვავდა, როდესაც ტელევიზია მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა, რაც ტელეკომპანიის მესვეურთა განცხადებით, განპირობებული იყო „ომეგა ჯგუფისათვის“ ყადაღის დადებით. 10 სექტემბერს, ტელევიზიის თანამშრომლებმა საპროტესტო აქციაც გამართეს მთავრობის კანცელარიასთან, ლოზუნგებით - “იბერიას ვერ წაგვართმევთ”, “ვერ გაგვაჩუმებთ”, “ხელები შორს იბერიისგან და ა.შ.

სიტუაცია იბერიას გარშემო კიდევ უფრო გამწვავდა, მას შემდეგ რაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერით გავრცელდა ზაზა ოქუაშვილის ინტერვიუ და ფარული ჩანაწერების სერია, რომლის მეშვეობითაც, ომეგა ჯგუფის მფლობელი ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნებს ბიზნესის რეკეტში ადანაშაულებდა.

16 ოქტომბერს ტელეკომპანია იბერიამ მაუწყებლობა შეწყვიტა. არხზე შეჩერდა ყველა ტიპის გადაცემა, მათ შორის საინფორმაციო და ანალიტიკური გამოშვებები. მალევე, ტელეკომპანიამ ათობით თანამშრომელს შეუწყვიტა კონტრაქტი ფინანსების არარსებობის მოტივით. თანამშრომელთა გუნდი ორად გაიყო და მათ ცალ-ცალკე დაიწყეს ბრძოლა თავიანთი ანაზღაურების მიღებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ „ომეგა ჯგუფმა“ დავალიანების მცირე ნაწილი გადახდის შემდეგ თამბაქოს ქარხნის ამუშავება შეძლო, კვლავაც გაურკვეველია ტელეკომპანია იბერიას საქმე. 29 ოქტომბერს ტელევიზიის სიხშირეზე განთავსებული წარწერა „ხელისუფლებამ დახურა იბერია“ შეიცვალა წარწერით „არხის რეორგანიზაცია“, 18:00 – 00:00 საათებში კი საარქივო მასალები გადიოდა. 2018 წლის ოქტომბრის ბოლოს, მედიაჩეკერი შეეცადა გაერკვია ტელევიზიის ბედი, თუმცა ვერც დამფუძნებლების და ვერც ტელეკომპანიის სხვა მესვეურებისაგან ვერ მოხერხდა ამ ინფორმაციის მიღება.

⇒ ⇒ ⇒ სევე შეგიძლიათ გაიხსენოთ მედიაჩეკერის არქივიდან:
  
2017 წლის 4 მნიშვნელოვანი მოვლენა მედიაში 


ავტორი : ლაშა ქავთარაძე;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ