გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის გაუარესება საფრთხეს შეუქმნის დემოკრატიას - მედიაკოალიცია
13.01.2019

"ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დღეს არსებულ სტანდარტს გააუარესებს, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას", - აცხადებენ "კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის" წევრები ცილისწამების შესახებ კანონი მიღების საჭიროებაზე საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებების პასუხად.

კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის, რომელშიც მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები არიან გაერთიანებული, დღეს, 13 იანვარს, ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 2019 წლის დასაწყისში მაღალი თანამდებობის პირებმა არა ერთი განცხადება გააკეთეს ცილისწამებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საჭიროა ისეთი კანონმდებლობა, რომელიც ადამიანის ღირსების მეტ დაცულობასაც უზრუნველყოფს და სიტყვის თავისუფლებასაც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ უნდა დაიწყოს მსჯელობა არა მხოლოდ ცილისწამების, არამედ მძიმე შეურაცხყოფისა და გახშირებული ბილწისტყვაობის პრობლემის მოგვარებაზე.

კოალიციის წევრები აცხადებენ, რომ მოქმედი კანონი ,,სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ უკვე მრავალი წელია ითვალისწინებს სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობას როგორც კერძო, ისე საჯარო პირის ცილისწამებისთვის. შესაბამისად, პატივისა და ღირსების შელახვის გამო ნებისმიერ პირს დღესაც შეუძლია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს შელახული უფლებების სასამართლო წესით დაცვა. კოალიციის წევრები ფიქრობენ, რომ საზოგადოებამ უნდა მიიღოს მკაფიო განმარტებები იმის შესახებ, თუ რა იგულისხმებოდა საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებებში.

"ჩვენი საზოგადოების მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგია ის, რომ მოქმედი კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტს აწესებს და ეს ყოველთვის მიიჩნეოდა ქართული დემოკრატიის დიდ მონაპოვრად. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დღეს არსებულ სტანდარტს გააუარესებს, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლების მხრიდან რამდენჯერმე გაჟღერდა ინიციატივა ცილისწამების კუთხით არსებული კანონმდებლობის გამკაცრების აუცილებლობის შესახებ. 2019 წელს, ეს მესიჯი პირველად საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისგან მოვისმინეთ საშობაო მილოცვის ტექსტში. მოგვაინებით კი, ამავე თემაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ისაუბრა.

         ⇒ იხილეთ ამ თემაზე: საზოგადოების ცილისწამებისგან დაცვა თუ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა?

        ⇒⇒ ასევე: რას გულისხმობს პრეზიდენტის მიერ ნახსენები საფრანგეთის კანონი ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ


კოალიციის წევრი ორგანიზაციები:

1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
2. მედიაკლუბი
3. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
4. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
5. ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“
6. რეგიონულ მაუწყებელელთა ალიანსი
7. ლიბერალური აკადემია თბილისი
8. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
9. სატელევიზიო ქსელი
10. საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ