რას უყურებენ, ვის ენდობიან და რას ფიქრობენ დეზინფორმაციის გავრცელებაზე - NDI-ს კვლევა
28.01.2019

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის ნახევარზე მეტი იმედსა და რუსთავი 2-ს უყურებს; თუმცა, ასეთივე მაღალი არ არის ამ არხებისადმი ნდობის მაჩვენებელი. ასევე გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ფიქრობს, რომ ტელეარხები ხშირად დეზინფორმაციას ავრცელებენ.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის 2018 წლის დეკემბრის  შედეგები დღეს, 28 იანვარს გამოქვეყნდა. კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი ყურებადობა ორ არხს აქვს - ტელეკომპანია “იმედსა” - 66% და “რუსთავი 2-ს” - 61%. 39%-ით მესამე ადგილზე „TV პირველია”. რაც შეეხება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს, მას გამოკითხულთა 34% უყურებს.


alt


რაც შეეხება ტელეარხებისადმი ნდობას, კვლევის მიხედვით, მიმდინარე მოვლენებისა და ახალი ამბების გაშუქების კუთხით, „იმედს“ გამოკითხულთა 26% ენდობა, 20% კი - არა. „რუსთავი 2-ის” შემთხვევაში, 20% აცხადებს, რომ ენდობა და 27% ამბობს, რომ არ ენდობა. 12% ენდობა, 13% კი არა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს. „TV პირველს“ კი ენდობა 15% და არ ენდობა 11%.


alt

ამავე კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 64% ფიქრობს, რომ ქართული ტელევიზიები ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციებს. საზოგადოების 25% მიიჩნევს, რომ დეზინფორმაციას მეტწილად „რუსთავი 2“ ავრცელებს, 10%-ის აზრით კი - „იმედი“.

alt


NDI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 54% ინტერნეტს ყოველდღიურად იყენებს, 29% კი არასდროს.  ბოლო 5 წელიწადში 22%-ით გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ინტერნეტს კვირაში ერთხელ მაინც მოიხმარენ და დაახლოებით ამდენივეთი (23%) შემცირდა მათი რიცხვი, ვინც ინტერნეტს არასდროს იყენებს.

alt

NDI-ის 2018 წლის დეკემბრის კვლევის შედეგები 28 იანვარს გამოქვეყნდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC - ს საზოგადოებრივი აზრის კვლევა 6 - 20 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე, 2,205 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევაში მინიმალური ცდომილების ზღვარი 2.1%-ია.


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ