გათავისუფლებულმა ჟურნალისტებმა „იბერიას“ სასამართლოში დავა მოუგეს
11.03.2019


„იბერიიდან“ გათავისუფლებულმა ჟურნალისტებმა  თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანიას დავა მოუგეს. ჟურნალისტები 5 თვეზე მეტია შრომით ანაზღაურებას ითხოვენ.

18 გათავისუფლებული ჟურნალისტის უფლებებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია(საია) იცავდა. საიას მედია მიმართულების იურისტის, მარიამ გოგოსაშვილის თქმით, საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტების ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა:

„საერთო ჯამში სამი მოთხოვნა იყო - ჟურნალისტები ითხოვდნენ ორი თვის კომპენსაციას. ასევე, ერთი კვირის სახელფასო დავალიანების და ამ დავალიანებაზე პირგასამტეხლოს ანაზღაურებას. სამივე დააკმაყოფილა თბილისის საქალაქო სასამართლომ“, - უთხრა “მედიაჩეკერს” მარიამ გოგოსაშვილმა.

ტელეკომპანია „იბერიამ“ მაუწყებლობა 16 ოქტომბერს შეწყვიტა. 19 ოქტომბერს კი „იბერიას“ თანამშრომლების ნაწილს გენერალური დირექტორის მიერ ხელმოწერილი გათავისუფლების ბრძანება ჩაბარდა. ბრძანების საფუძველზე ტელევიზიის ათობით თანამშრომელს 22 ოქტომბრიდან შრომითი ხელშეკრულება ოფიციალურად შეუწყდა. ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა, თანამშრომლების გათავისუფლების მიზეზად ხელისუფლების მიერ „ომეგა ჯგუფისთვის“ შექმნილ ფინანსურ პრობლემებს ასახელებდა.

 

 
 

ხელმძღვანელობას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებისთვის გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ორ კვირიანი ვადა აქვს. თუ ამ პერიოდის განმავლობაში არ გაასაჩივრეს, მაშინ გადაწყვეტილება ძალაში შევა.

ამ ეტაპზე უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა „იბერიის“ ხელმძღვანელობა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. ტელეკომპანიის ადვოკატმა “მედიაჩეკერთან” თქვა რომ ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებს. არხის დამფუძნებელი ნატო ჩხეიძე და დირექტორი მარიამ ჯაფარიძე კი ზარებს არ პასუხობენ. დაახლოებით, ხუთი თვის წინ, მედიაჩეკერთან საუბრისას, კომპენსაციის გადახდასთან დაკავშირებულ კითხვაზე ნატო ჩხეიძემ აღნიშნა, რომ “წესითა და კანონით რაც არის განსაზღვრული, “იბერია” იმას შეასრულებს.“

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ