აშშ-ს ბიუჯეტის პროექტი 2020 წლისთვის რადიო თავისუფლების ქართული სამსახურის დახურვას ითვალისწინებს
19.03.2019
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი აშშ-ს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი, რადიო „თავისუფლების“ სამი სამსახურის დახურვას ითვალისწინებს. მათ შორის, ქართული ბიუროსი. საბოლოო გადაწყვეტილება ბიუჯეტის თაობაზე აშშ-ის კონგრესმა უნდა მიიღოს, რომელსაც ხშირად დოკუმენტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვს.

რადიო თავისუფლების ქართული ბიუროს ინფორმაციით, თეთრი სახლის მიერ კონგრესში გაგზავნილი ბიუჯეტის პირველადი პროექტით, 2020 წელს, რადიო თავისუფლების ბიუჯეტი 124 მილიონიდან 87 მილიონამდე მცირდება. ეს ითვალისწინებს ქართული, თათარ-ბაშკირული და ჩრდილო-კავკასიური სამსახურების დახურვას. გარდა ამისა, პროექტის მიხედვით ბალკანეთის სამსახურში უნდა გაუქმდეს მონტენეგროს და მაკედონიის მიმართულებები.

თეთრი სახლის მიერ კონგრესში გაგზავნილი ბიუჯეტის პირველადი პროექტი აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) გვერდზე 18 მარტს გამოქვეყნდა.

საბოლოო გადაწყვეტილება ბიუჯეტის თაობაზე აშშ-ის კონგრესმა უნდა მიიღოს, რომელსაც ხშირად თეთრი სახლის პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეაქვს. რადიო თავისუფლების ქართული ბიუროს ცნობით, 2019 წელს კონგრესმა რადიო თავისუფლებისთვის 124 მილიონიანი ბიუჯეტი დაამტკიცა, მაშინ როდესაც პრეზიდენტი მხოლოდ 91 მილიონის დამტკიცებას ითხოვდა.

რადიო თავისუფლება 22 ქვეყანაში 26 ენაზე მაუწყებლობს. მისი მისიაა ობიექტური და პროფესიული ახალი ამბებისა და ინფორმაციის მიწოდება ქვეყნებში, სადაც თავისუფალი მედია შეზღუდულია.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ