წამყვანი მაუწყებლები პოლიტიკური ძალების ინტერესებს ატარებენ: TI
10.04.2019

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ (TI) 8 აპრილს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი გამოაქვეყნა, რომელიც საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე საზოგადოების განწყობებს ასახავს.

რესპონდენტებს კითხვა ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოსთან დაკავშირებითაც დაუსვეს. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 36% ინფორმირებულია, რომ ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად Facebook-ზე სპეციალური გვერდებია შექმნილი.

 

alt


მათგან 15% ფიქრობს, რომ სოციალურ ქსელებში ყალბი ინფორმაციის გასავრცელებლად სპეციალურად შექმნილი გვერდების უკან მთავრობა/ხელისუფლება დგას, 10%-ის მოსაზრებით კი ოპოზიცია.


alt



კვლევის მიხედვით გამოიკვეთა, რომ გამოკითხული მოსახლეობის დიდი ნაწილი ტელეკომპანია “იმედს” და “რუსთავი 2-ს” უყურებს. მათი 55% ფიქრობს, რომ ტელეკომპანია „იმედი“ მთავრობის ინტერესებს ატარებს, 18% იმავეს ასახელებს საზოგადოებრივ მაუწყებელის პირველ არხზეც. ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ მიმართებით, რესპონდენტების 63% მიიჩნევს, რომ ის ოპოზიციის ინტერესების მატარებელია.

alt
კვლევამ აჩვენა, რომ რესპონდენტების 43% საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველ არხს” საერთოდ არ უყურებს, 57% არ უყურებს “ობიექტივს”, 55% - ტელეკომპანია “პირველს”, 67% - “აჭარას”, 63% - “კავკასიას”, ხოლო 78% - ონლაინტელევიზია “POSTTV-ს”.

რესპონდენტებს ასევე ჰკითხეს მათი აზრით, „ერევა თუ არა ხელისუფლება მედიის საქმიანობაში?“ - გამოკითხულების 8% მიიჩნევს, რომ არასდროს ერევა, 31% ამბობს, რომ ყოველთვის ერევა, 43%-ის მოსაზრებით კი, ხანდახან ერევა.

alt

კვლევა „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დაკვეთით 20 თებერვლიდან 5 მარტის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC) ჩაატარა. კვლევის ავტორების განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით 2 087 ადამიანი გამოიკითხა. ცდობილების საშუალო ზღვარი +/- 2.3 %-ია.


ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ