12.04.2019
გაგა ჩხარტიშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, ირაკლი დარცმელიძე კი „ქართული ოცნების“ კვოტით არის არჩეული საბჭოში. ხუთწევრიანი(ნატა იმედაიშვილი, ირაკლი დარცმელიძე, გიგა ჩხარტიშვილი, ბეჟან გობაძე, გიორგი ირემაძე) საბჭოდან სამი წევრი მაინც თუ მისცემს ხმას ნათია კაპანაძის წინააღმდეგ, იგი თანამდებობას დატოვებს.
იმპიჩმენტის საფუძველი
საზოგადოებრისთვის არ გასაჯაროვებულა იმპიჩმენტის ინიციატორთა მიერ მომზადებული წერილი, სადაც აღწერილია თუ რა საფუძვლით ითხოვენ ისინი დირექტორის გათავისუფლებას.
მედიასთან კომენტარში მრჩეველთა საბჭოს წევრი გიგა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ მისი პრეტენზიები უკავშირდება ძირითადად რეიტინგის ვარდნას, სამაუწყებლო პრიორიტეტების შეუსრულებლობას, საბჭოსთან კომუნიკაციის ნაკლებობას და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ და დაუსაბუთებელ ხარჯვას.
„მე მინდა რომ ამ პროცესით გავემიჯნო იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ნათია კაპანაძე იღებდა და ღებულობს. მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას ამ ადამიანის გადაწყვეტილებებზე და მეტიც, ამ ადამიანის დამოკიდებულება მრჩეველთა საბჭოს მიმართ ძალიან კარგად გამოჩნდა მრჩეველთა საბჭოს 2019 წლის 15 მარტის სხდომაზე. დამოკიდებულება არ მომეწონა, როდესაც დირექტორმა დაასრულა თავისი პრეზენტაცია, და მრჩეველთა საბჭოს მოწოდებას რომ დაბრუნებულიყო და სხვა საკითხები გაევლო, უთხრა, რომ მომწერეთ თუ რამე გაინტერესებთო და დატოვა სხდომა,“ - თქვა გიგა ჩხარტიშვილმა ტვ პირველის ეთერში 12 აპრილს.
დაუჭერენ თუ არა საბჭოს სხვა წევრები იმპიჩმენტს მხარს, ჯერ არ ამბობენ. ამ კითხვაზე უარყოფით პასუხი მხოლოდ ბეჟან გობაძეს აქვს. გიორგი ირემაძე და თავმჯდომარე ნატა იმედაშვილი ამბობენ, რომ კითხვები აქვთ როგორც იმპიჩმენტის ინიციატორების, ისე ნათია კაპანაძის მიმართ.
მაუწყებლობის შესახებ კანონში დაკონკრეტებული არ არის თუ რა საფუძვლით შეუძლია საბჭოს დირექტორისთვის უნდობლობის გამოცხადება. ერთადერთი რაც კანონში წერია ისაა, რომ მრჩეველთა საბჭო ვალდებულია უნდობლობის გამოცხადების შესახებ წინადადება განიხილოს და მას კენჭი უყაროს წინადადების წარდგენიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. დირექტორი უფლებამოსილია დაესწროს საკითხის განხილვას და წარადგინოს თავისი მოსაზრება. თუ მრჩეველთა საბჭომ უნდობლობა არ გამოუცხადა დირექტორს, დაუშვებელია მისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხის დასმა მომდევნო 2 თვის განმავლობაში.
12 აპრილს საბჭომ სამუშაო შეხვედრის ჩატარება ვერ შეძლო, რადგან სხვა წევრებმა მისვლა ვერ მოახერხეს.
“სარედაქციო დამოუკიდებლობის წინააღმდეგ”
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის იმპიჩმენტის ინიციტივა თავად მაუწყებელმა სარედაქციო დამოუკიდებლობის საპირისპირო ნაბიჯად შეაფასა. მათ ვებსაიტზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ
“მიმდინარე პროცესები უპირისპირდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სარედაქციო დამოუკიდებლობას. მთლიანად საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას. იმედს ვიტოვებთ, რომ მრჩეველთა საბჭო სიფრთხილით მოეკიდება ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს, რადგან საქმე სიტყვის თავისუფლებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დამოუკიდებლობას ეხება.”
სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის საფრთხის შექმნაზე ისაუბრა ნათია კაპანაძემაც "ტვ პირველის" ეთერში თავის გამოსვლაში და თქვა, რომ “დღეისათვის ყველა პრიორიტეტს და მაუწყებლობის შესახებ კანონით დაკისრებულ პასუხისმგებლობებს მაუწყებელი ასრულებს იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც შეიძლება ჰქონდეს გუნდს. მე ვფიქრობ, მთავარი ამოცანები და გამოწვევები, რომლებიც გუნდს გადაცემებთან დაკავშირებით ჰქონდა, დაძლეულია. “
ნათია კაპანაძის თქმით, მაუწყებელს რეიტინგი ფილმების ხარჯზე ჰქონდა. ახლა კი აჭარის მაუწყებელი მრავალფეროვან პროდუქტს სთავაზობს მაყურებელს და გადაცემები მორგებულია იმ ადამიანების საჭიროებებს, რომლებიც ცხოვრობენ აჭარაში და საქართველოს სხვა ტერიტორიაზე.
ამბის გასაჯაროვებისთანავე მკვეთრად უარყოფითი შეფასება მოჰყვა შესაძლო იმპიჩმენტის საკითხს სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში თქვეს, რომ “დირექტორის იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას კარგად უნდა იყოს გათვითცნობიერებული ის ზიანი, რაც მიადგება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მედიის თავისუფლებას."
განცხადებაში იმედი გამოთქვეს, რომ მრჩეველთა საბჭოს სხვა წევრები გამოიჩენენ კეთილგონიერებას და დაიცავენ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას.
12 აპრილს ნათია კაპანაძის გადაყენების მოთხოვნის საკითხზე ექვსმა პოლიტიკურმა პარტიამაც („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „რესპუბლიკური პარტია“, „ახალი საქართველო“, „ემსახურე საქართველოს“ „შენების პარტია“) გააკეთა განცხადება. „ხელისუფლებას არ აწყობს დაბალანსებული ტელევიზია და გადაწყვიტა მის საქმიანობაში ჩარევა. ამ გეგმის ნაწილია ტელევიზიის დირექტორის გადაყენება“ - აცხადებენ პარტიები და მრჩეველთა საბჭოს მოუწოდებენ, რომ ხელისუფლებას ტელევიზიის საქმიანობაში ჩარევის საშუალება არ მისცენ.
აჭარის ტელევიზია და რადიო ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში
ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად 2016 წლის ოქტომბერში სამწლიანი ვადით აირჩიეს. უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მას დაახლოებით 6 თვე აქვს დარჩენილი.
ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში აჭარის ტელევიზიის ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის მიერ დახურული რადიო „თავისუფლების“ პროექტები, "წითელი ზონა" და "ინტერVIEW" გავიდა. აღნიშნული ფაქტი დადებითად არის შეფასებული „Human Rights Watch“-ის მიერ 2018 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს თბილისში ბაზირებული საზოგადოებრივი მაუწყებლისგან განსხვავებით დადებითად არის შეფასებული ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ გამოქვეყნებულ წინასაარჩევნო მედიამონიტორინგის 2016-2018 ანგარიშში, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2016 წელთან შედარებით, 2017‐2018 წლებში აჭარის ტელევიზია მიუკერძოებელ მაუწყებლად ჩამოყალიბდა.
„ამ პოლარიზებულ გარემოში შედარებით დაბალანსებულად და მიუკერძოებლად გამოიყურებოდა აჭარის ტელევიზია. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, თბილისში ბაზირებული საზოგადოებრივი მაუწყებლისგან განსხვავებით, ამ სამი წლის განმავლობაში პროგრესს აჩვენებდა.“
დაახლობით ამასვე იმეორებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიში, სადაც აჭარის ტელევიზია ნეიტრალურ და მიუკერძოებელ მაუწყებლად არის შეფასებული: „აჭარის ტელევიზია მეტწილად ფოკუსირებული იყო ადგილობრივი, რეგიონული მოვლენების გაშუქებით და ლიმიტირებული, თუმცა დაბალანსებული სივრცე დაუთმო საარჩევნო კამპანიის აქტივობებს. ეს იყო ერთადერთი ტელესადგური, რომელმაც შესთავაზა მაყურებელს არჩევნებში მონაწილეთა ზოგადი შედარება“ - აღნიშნულია ეუთოს ანგარიშში.
მას შემდეგ რაც აჭარის ტელევიზია სახელმწიფო არხიდან საზოგადოებრივ მაუწყებლად ჩამოყალიბდა, ნათია კაპანაძე მეორე დირექტორია. უნდობლობის გამოცხადება მრჩეველთა საბჭოს რამდენიმე წევრს პირველი დირექტორის, სოსო სტურუასთვისაც უნდოდა. მაშინ სოსო სტურუას იმპიჩმენტის მომხრე ირაკლი დარცმელიძესთან ერთად ბეჟან გობაძეც იყო, თუმცა საბჭოს სხვა წევრებმა მხარი არ დაუჭირეს . რა პოზიციას დაიკავებენ ახლა ნატა იმედაიშვილი, ბეჟან გობაძე და გიორგი ირემაძე და მოუწევს თუ არა ნათია კაპანაძეს ვადაზე ადრე თანამდებობის დატოვება უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.