პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო 180 ქვეყანას შორის მე-60 ადგილს იკავებს
18.04.2019
საერთაშორისო ორგანიზაციის„რეპორტიორების საზღვრებს გარეშე“ 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2018 წლის მდგომარეობას ასახავს, პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს საერთო ქულა გაუარესდა, თუმცა რადგან რეიტინგში საქართველოსთან ახლოს მყოფი სხვა ქვეყნების მდგომარეობაც არ გაუმჯობესებულა, მან ერთი პოზიციით წინ წაიწია და 28.98 ქულით, 180 ქვეყანას შორის მე-60 ადგილი დაიკავა. იგივე ქულა აქვს სომხეთსაც, თუმცა მას 61-ე ადგილი უკავია.

პრესის თავისუფლების ინდექსი ქულებს 1-დან 100-მდე შკალით ითვლის, რაც უფრო მეტია ქულა, ქვეყანაში მედიის მდგომარეობა მით უარესია და პირიქით.

ანგარიშს თითოეული ქვეყნის შესახებ მცირე შეფასებაც ახლავს, რომლის მიხედვითაც „ქართული მედია პლურალისტური, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან პოლარიზებულია“.

რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს განმარტებით, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში განხორციელებულმა რეფორმებმა ქართული მედიის მფლობელობის გამჭირვალობა და სატელიტური ტელევიზიების პლურალიზმი გააუმჯობესა, თუმცა მათივე შეფასებით, ტელევიზიების მფლობელები სარედაქციო პოლიტიკაში კვლავ ერევიან.

ორგანიზაცია ყურადღებას ტელეკომპანია „რუსთავი 2-ზეც“ ამახვილებს და განმარტავს, რომ ტელევიზიის გარშემო მიმდინარე დავის შედეგს „დიდი გავლენა ექნება“. „ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა ნაკლებად ხშირია, თუმცა ხშირად ვრცელდება ინფორმაცია მუქარის შესახებ“, - ნათქვამია ორგანიზაციის შეფასებაში.

მსოფლიო პრესის თავისუფლების ინდექსის 2019 წლის მონაცემების მიხედვით, წამყვან პირველ ადგილს 7.82 ქულით ნორვეგია იკავებს, მას 7.90 ქულით ფინეთი, 8.31 ქულით კი - შვედეთი მოსდევს.

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ