'თითოეულ სახელმწიფოსა და ერს ინფორმაცია, დებატები და მოსაზრებების გაცვლა აძლიერებს' - მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე
03.05.2019
„მედია დემოკრატიისთვის:  ჟურნალისტიკა და არჩევნები დეზინფორმაციის პირობებში“ - ეს პრესის თავისუფლების 26-ე საიუბილეო წლის თემაა.

ყოველი წლის 3 მაისს, თავისუფალი პრესის დასაფასებლად, მედიის შეტევებისგან დასაცავად და იმ ადამიანების გასახსენებლად, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე ჟურნალისტურ საქმიანობას შესწირეს, მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს აღნიშნავს. მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე 1993 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, იუნესკოს 1991 წლის რეკომენდაციის საფუძველზე დაარსდა.

ეს დღე მსოფლიოსთვის იმის შეხსენებას ემსახურება, რომ ჯერ კიდევ აქვს ადგილი თავისუფალ პრესაზე, ჟურნალისტებზე და რედაქტორებზე თავდასხმას, ასევე ცენზურას, სხვადასხვა გამოცემების დახურვას, უფრო მეტიც, ჟურნალისტების მკვლელობასაც კი. ამასთან ამ დღის აღნიშვნა მსოფლიო მასშტაბით თავისუფალი პრესის განვითარების წახალისებასაც ისახავს მიზნად.

ასევე, 3 მაისი ხელისუფალთათვის თავისუფალი მედიის არსებობისთვის მათ მიერ აღებული ვალდებულებების ერთგვარი შეხსენებაც არის. ამასთან, ეს დღე ჟურნალისტური წრეების, პროფესორებისა და ანალიტიკოსებისთვის მედიის თავისუფლებისა და პროფესიული ეთიკის კუთხით არსებულ გამოწვევებზე მსჯელობის კიდევ ერთი საბაბია.

და ბოლოს, 3 მაისი იმ მედიების მხარდაჭერის დღეა, რომლებსაც პრესის თავისუფლების კუთხით რაიმე ფორმით შეზღუდვა ან საერთოდ გაუქმება ემუქრებათ. ეს იმ ჟურნალისტების გახსნების დღეა, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე ამბის კვალდაკვალ მიყოლას შესწირეს.

„პრესის თავისუფლება დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია. თითოეულ სახელმწიფოსა და ერს ინფორმაცია, დებატები და მოსაზრებების ურთიერთგაცვლა აძლიერებს. პრესისა და ჟურნალისტიკის მიმართ მზარდი უნდობლობის დისკურსისა და დელეგიტიმაციის პირობებში კი, მოსაზრებებისა და იდეების, ასევე ფაქტობრივ სიზუსტეზე დაფუძნებული ინფორმაციის თავისუფლების გარანტიის უზრუნველყოფა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - ამბობს ოდრი აზულაი, იუნესკოს გენერალური დირექტორი, პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით.

წყარო: en.unesco.org

ავტორი : ნატალია ვახტანგაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ