20.05.2019
კვლევის მიხედვით, მედიასთან დაკავშირებული სხვა მონაცემები ბოლო წლების განმავლობაში თითქმის უცვლელია. მაგალთად, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციის მისაღებად ყველაზე მნიშვნელოვან წყაროდ 72%-თ კვლავ ტელევიზია რჩება. მცირე ზრდა შეინიშნება იმ მოსახლეობის, ვინც ინფორმაციის მიღების პირველ წყაროდ ინტერნეტს ასახელებს. 2018 წლის მარტის შემდეგ ეს მონაცემი 18-დან 21%-მდე გაიზარდა. სტაბილურად იზრდება ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობაც. გამოკითხულთა 65% ამბობს, რომ ინტერნეტს კვირაში ერთხელ მაინც იყენებს. ეს მაჩვენებელი 2015 წელთან შედარებით 14%-ით არის გაზრდილი.
უცვლელია ტელეკომპანიების მიმართ ნდობა. მოსახლეობა კვლავ ყველაზე მეტად “იმედს” ენდობა. თუმცა, მის მიმართ ნდობის მაჩვენებელი 32 პროცენტს არ აჭარბებს. 2017 წლიდან თითქმის ათი პროცენტით შემცირდა “რუსთავი 2-ის” მიმართ ნდობა და მან მეორე ადგილზე სწორედ ამ პერიოდიდან გადაინაცვლა. მას 2019 წლის აპრილის მონაცემებით 28 პროცენტი ენდობა. მცირედით გაიზარდა და 4 პროცენტს მიაღწია ტვ პირველის მიმართ ნდობამ. საზოგადოებრივილი მაუწყებელი კი მხოლოდ მას შემდეგ მოდის 3 პროცენტიანი მაჩვენებლით. ამავე რაოდენობის ადამიანი ენდობა Az TV-ს. საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ ერთი პროცენტით უსწრებს და მას თითქმის იმდენივე პროცენტი ენდობა, რამდენიც "ობიექტივს" და Armenia TV-ს.
ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კვლევა „საზოგადოების განწყობა საქართველოში“ ჩაატარა 28 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში. კვლევის ფარგლებში, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 2,927 სრულწლოვანი ადამიანი გამოიკითხა . კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3%-ია.