24.05.2019
- თორნიკე
მჟავანაძე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საარჩევნო კომისიის (უსკო) წევრი. მისი სახელი აჭარის ტელევიზიასთან
დაკავშირებით ჯერ კიდევ მაშინ გაჟღერდა, ვიდრე მოქმედ დირექტორს,
ნათია კაპანაძეს მრჩეველთა საბჭო თანამდებობიდან გადააყენებდა. მაშინ
"ბათუმელები" წერდა, რომ სწორედ
თორნიკე მჟავანაძის არჩევა იგეგმება. ის კანდიდატად მართლაც
დარეგისტრირდა.
- ნათია ზოიძე - ის ასრულებს ამჟამად აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობას, რადგანაც ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადებმდე ცოტა ხნით ადრე სწორედ ის დაინიშნა დირექტორის მოადგილედ. მანამდე ნათია ზოიძე "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ბათუმის ოფისში მუშაობდა.
- გიორგი კოხრეიძე - იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი. ამ პოზიციაზე ის სწორედ აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტით იყო წარდგენილი.
- ირმა ზოიძე - ბათუმში მოქმედი საგამოძიებო სტუდია "REC-ის" ჟურნალისტი
- მერაბ წულუკიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტი აჭარის რეგიონში
- ბაჩო გურაბანიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა "დილის ტალღის" ხელმძღვანელი
- გიორგი წულაია - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი თანამშრომელი
- ბაჩუკი ჩხეიძე - იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის მრჩეველი, თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ კი "ქართულ ოცნებას" შეუერთდა. 2018 წელს ის მონაწილეობდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის კონკურსშიც.ამჟამად საზოგადოება "ბათუმელის" წევრია.
- დავით ჩხარტიშვილი - ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს თანამშრომელი
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მრჩეველთა საბჭომ მოქმედი დირექტორი იმპიჩმენტის წესით გაუშვა უფლებამოსილების ვადის ამოწყრვამდე 6 თვით ადრე. სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ საბჭოს გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და შეფასდა როგორც ამ მაუწყებლის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ვინაიდან ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშში დადებით კონტექსტში მოხვდა. ნათია კაპანაძის მხარდამჭერი განცხადებები გააკეტეს ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ეუთოს წარმომადგენლებმა. მიუხედავად ამისა, მრჩეველთა საბჭომ უნდობლობა მას მაინც გამოუცხადა. ნათია კაპანაძემ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და მისი იმპიჩმენტის შემდეგ გამოცხადებული კონკურსის შეჩერება ითხოვა. თუმცა, სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა. შედეგად ახალი დირექტორის შესარჩევი კონკურსი გაგრძელდა და 24 მაისს ამოიწურა განაცხადების მიღების ვადა.
სამი დღის ვადაში მრჩეველთა საბჭო გაეცნობა კანდიდატთა დოკუმენტაციას, რის შემდეგაც დაინიშნება გასაუბრება თითოეულ მათგანთან. მრჩეველთა საბჭო ამის შემდეგ გააკეთებს არჩევანს და ახალ დირექტორს დანიშნავს.
=> ასევე იხილეთ: ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის
სურვილი