აჭარის ტელევიზიის დირექტორი ვერ აირჩიეს - კონკურსი ხელახლა გამოცხადდება
31.05.2019

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის დირექტორი ვერ აირჩია.  კენჭისყრა დღეს 31 მაისს, ორ ტურად შედგა, თუმცა, დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე რვა კანდიდატიდან  დირექტორობისთვის საკმარისი 3 ხმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა. 

კონკურსში მონაწილე რვა კანდიდატიდან დღეს, 31 მაისს, პირველ ტურში ოთხი კანდიდატი გადავიდა:

  • მერაბ წულუკიძე - 2 ხმა;
  • ბაჩო გურაბანიძე - 1 ხმა;
  • ირმა ზოიძე - 1 ხმა;
  • ნათია ზოიძე - 1 ხმა;

იგივენაირად გადანაწილდა ხმები მეორე ტურშიც.

დებულების თანახმად, კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა.  განმეორებითი კონკურსის გამოცხადების მიზნით სამეურვეო საბჭომ რიგგარეშე სხდომა 3 ივნისს ჩანიშნა. 

როგორც სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ნატა იმედაიშვილმა აჭარის ტელევიზიის გადაცემა "ჰეშთეგში"  განაცხადა, კონკურსში მონაწილეობა იგივე კანდიდატებსაც შეუძლიათ. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი მას შემდეგ გამოცხადდა, რაც მრჩეველთა საბჭომ, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე, მოქმედ დირექტორს ნათია კაპანაძეს იმპიჩმენტი მოუწყო.

სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ საბჭოს გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და შეფასდა როგორც ამ მაუწყებლის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ვინაიდან ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშში დადებით კონტექსტში მოხვდა.


ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ვაკანტური ადგილის დაკავება ცხრა კანდიდატს სურდა. მათგან ერთი დოკუმენტებში არსებული ხარვეზების გამო, კონკურსს გამოეთიშა. სამეურვეო საბჭოსთან გასაუბრება რვა კანდიდატმა გაიარა. 

აჭარის ტელევიზიის დირექტორობის კანდიდატები იყვნენ:

  • მერაბ წულუკიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტი;
  • დავით ჩხარტიშვილი, ბათუმის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს მთავარი სპეციალისტი;
  • გიორგი კოხრეიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი;
  • ბაჩო გურაბანიძე, აჭარის ტელევიზიის გადაცემა „დილის ტალღის“ ხელმძღვანელი;
  • ნათია ზოიძე, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;
  • ირმა ზოიძე, საგამოძიებო სტუდია REC -ის დამფუძნებელი;
  • ნუგზარ ბაჩუკი ჩხეიძე, საზოგადოება „ბათუმელის“ დამფუძნებელი;
  • თორნიკე მჟავანაძე, უსკოს წევრი.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ, რომლის წევრები არიან:  ნატა იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე, ბეჟან გობაძე, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე, ახალი დირექტორი სამი წლის ვადით უნდა აირჩიოს.

ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ