სარედაქციო გუნდმა “ლიბერალი” დატოვა - რა მოხდა გამოცემაში
25.06.2019
6-წლიანი მუშაობის შემდეგ, გამოცემა “ლიბერალის” გუნდმა, 3-მა რედაქტორმა და 6 ჟურნალისტმა, გამოცემა დატოვა და ახალი მედიის დაარსება დააანონსა. მათი სპეციალური განცხადებიდან, რომელიც 23 ივნისს გამოქვეყნდა, იკითხება, რომ გუნდს შეუთანხმებლობა აქვს გამოცემის მფლობელთან შორენა შავერდაშვილთან მედიასაშუალების მომავალთან დაკავშირებით. ასევე, არსებობს განსხვავება ხედვებს შორის და “ლიბერალში” ამ გუნდის დარჩენის შესაძლებლობა ამოიწურა. “ლიბერალის” მფლობელი ამ ეტაპზე საჯარო განმარტებებისგან თავს იკავებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული საპასუხო წერილიდან ჩანს, რომ მას არ მოსწონდა გამოცემის მუშაობა და “ლიბერალი” ახალი გუნდით გააგრძელებს მუშაობას”. ახალ გუნდს და საჯარო განცხადებას კი, როგორც შორენა შავერდაშვილმა “მედიაჩეკერს” განუცხადა, მიმდინარე კვირაში უნდა ველოდოთ.

წერილებმა, რომლებიც გამოცემის გუნდმა და მფობელმა გამოაქვეყნეს, საზოგადოებაში არაერთი კითხვის ნიშანი გააჩინა. რა მოხდა “ლიბერალში”, რა ტიპის შეუთანხმებლობა არსებობს მფლობელსა და უკვე ყოფილ სარედაქციო გუნდს შორის - “მედიაჩეკერი” შეეცადა მომხდართან დაკავშირებით მეტი დეტალი მოეძია.

“ლიბერალის” რედაქტორებისა და ჟურნალისტების წერილი
 
altგამოცემის გუნდის განცხადების თანახმად (რომელიც, 25 ივნისს ვებგვერდზე ჯერ წაიშალა, დაახლოებით ერთ საათში კი ისევ გამოჩნდა), ჟურნალისტებსა და რედაქტორებს “ლიბერალი” 2019 წლის 7 ივლისს უნდა დაეტოვებინათ, - 30 კალენდარული დღიდან მას შემდეგ, რაც მფლობელს რედაქციის დატოვების შესახებ აცნობეს. თუმცა, შორენა შავერდაშვილის მოთხოვნით, მათ რედაქცია ვადაზე ადრე, 24 ივნისს დატოვეს.

როგორც განცხადებიდან ირკვევა, გუნდს, რომელიც გამოცემაში 2013 წლიდან მუშაობდა და კარგად აცნობიერებდა დამოუკიდებელი მედიის როლს, “ლიბერალის” მდგრადი განვითარებისთვის მისი გადაცემა ან შესყიდვა სურდა, თუმცა მფლობელისგან უარი მიიღო.

“განგვიცხადა, რომ მას არ მოსწონს „ლიბერალის“ პოზიციონირება, დაგვიანონსა საკადრო ცვლილებები, მისი ნდობით აღჭურვილი მმართველის დანიშვნა და ახალი სარედაქციო ხედვის ჩამოყალიბება. რადგან ჩვენთვის ისედაც ცნობილია კომპანიის მფლობელისა და ჩვენს სარედაქციო და მენეჯმენტთან დაკავშირებულ ხედვებს შორის არსებული განსხვავების შესახებ, მიგვაჩნია, რომ მის მიერ შემოთავაზებული/დაანონსებული ცვლილებების გათვალისწინებით, „ლიბერალში“ ჩვენი დარჩენის შესაძლებლობა ამოიწურა”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

რატომ გადაწყვიტა “ლიბერალის” გუნდმა შეესყიდა მედია
 
“ლიბერალის” უკვე ყოფილი რედაქტორი  ლიკა ზაკაშვილი ფიქრობს, რომ შორენა შავერდაშვილს ბოლო წლებში “ლიბერალი” აღარ აინტერესებდა და ეს შთაბეჭდილება რჩებოდა მისი განცხადებებიდან.  ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რომ მისთვის წილის მიყიდვა შეეთავაზებინათ.

alt„ლიბერალის“ მფლობელი და კომპანიის დირექტორი ყველგან და ყოველთვის ამბობდა, რომ მედია აღარ აინტერესებს. ამის თაობაზე არსებობს მისი საჯარო პოსტები. ასევე, პირად საუბრებშიც ამბობდა, რომ “ლიბერალი” და ის ცალ-ცალკე აგრძელებენ ცხოვრებას. კომპანიაში არ ჩანდა,  ამიტომ მივედით და შევთავაზეთ რას ფიქრობდა ამ წინადადებაზე", - ამბობს ლიკა ზაკაშვილი და ამატებს, რომ კომპანიას მართავდნენ ადამიანები, რომელთაც ჟურნალისტური საქმიანობის გარდა კიდევ ბევრი ძალისხმევის გაწევა უწევდათ, ამიტომ, “ძალიან ლოგიკური, გასაგები და ბუნებრივია, რომ გაგვიჩნდა სურვილი ასეთი წინადადებით მიგვემართა”. 

ლიკა ზაკაშვილის თქმით, ისინი პასუხად ელოდნენ “კის” ან “არას”, თუმცა, არა მოვლენების ამგვარ განვითარებას. ყოფილი რედაქტორი ფიქრობს, რომ სავარაუდოდ, მფლობელი გაბრაზდა და მათი დასჯა გადაწყვიტა.

“ამ წინადადების შეთავაზების შემდგომ, ერთი თვის თავზე, მფლობელმა დაგვიანონსა საკადრო ცვლილებები, სარედაქციო ხედვის შეცვლა, ახალი ნდობით აღჭურვილი პირის მოყვანა. ვფიქრობ, ჩვენი შეთავაზებული წინადადება არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მან მოინდომა „ლიბერალში“ ცვლილებები. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ სხვა მიზეზებიც, სხვა ფაქტორებიც არსებობდეს”, - ამბობს ლიკა ზაკაშვილი და კითხვაზე - რას გულისხმობს სხვა ფაქტორებში, გვპასუხობს, რომ პასუხი არ აქვს, მაგრამ არაფერს გამორიცხავს.

ლიკა ზაკაშვილი ამბობს, რომ, კომუნიკაცია მფლობელსა და გუნდს შორის, ამით არ დასრულებულა. მას შემდეგ, რაც პირველი წერილი მიიღეს, მისწერეს პასუხი, რომელშიც უსაბუთებდნენ “ლიბერალის” მიღწევებს და სთავაზობდნენ შეხვედრას: “თუმცა გვითხრა, რომ არ აპირებდა ჩვენთან  შეხვედრას და ისევ ძალაში რჩებოდა მისი გეგმა ცვლილებებზე. ამის მერე კიდევ ერთხელ შევთავაზეთ , იმიტომ, რომ არ შეიძლებოდა ჟურნალისტების და “ლიბერალის” ბედის ასე ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტა. ვთხოვდით, რომ ეს ყველაფერი გადასულიყო კონსტრუქციულ რეჟიმში და ამისთვის აუცილებელი იყო “ლიბერალის" კოლექტივთან შეხვედრა. თუმცა, შეხვედრა ვერ შედგა.“

კითხვაზე რას გულისხმობენ სარედაქციო წერილში დასახელებულ ხედვებს შორის არსებულ განსხვავებებში, იყო თუ არა სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხე, - ლიკა ზაკაშვილი გვპასუხობს: „გადაჭრით ამის თქმა არ შემიძლია და წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, სანამ არ ვნახავ, როგორ განვითარდება „ლიბერალის“ მომავალი. რაც შეეხება იმას, იყო თუ არა მისი მხრიდან რომელიმე პოლიტიკური ან ფინანსური ჯგუფის სასარგებლოდ იძულება ან მინიშნება, რომ გარკვეული საკითხები სხვაგვარად გაგვეშუქებინა - მსგავსი რამ არ ყოფილა და რომ ყოფილიყო, ამაზე ჩვენ ღიად ვისაუბრებდით“.

"ლიბერალის" მფლობელი საჯარო განცხადებისთვის ემზადება
 
alt
 
“ლიბერალის” დირექტორი და მფლობელი შორენა შავერდაშვილი მომხდარს ამ დრომდე მხოლოდ ერთი, მოკლე საჯარო განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც დეტალებზე არ უსაუბრია.

alt"ლიბერალი" და ჩემს მფლობელობაში არსებული მედია გამოცემები, რაც კი ბოლო 15 წლის მანძილზე გვიკეთებია, ყოველთვის იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სხვადასხვა ტიპის კონიუნქტურული გავლენებისგან. ამაში იყო ჩვენი უნიკალურობაც და სირთულეც. სწორედ ასე პოზიციონირდა "ლიბერალი" 10 წლის წინ მედია ბაზარზე და სწორედ ამ პოზიციონირების შენარჩუნება გვინდა.

ამ პრინციპეპზე დაყრდნობით ვაგრძელებ "ლიბერალის" გამოცემას და ახალი გუნდის ფორმირებას და ვეცდებით, "ლიბერალს" ჰქონდეს უფრო ფართო თემატური მრავალფეროვნება, ჰყავდეს უფრო მეტი ახალი და საინტერესო ავტორი და ბლოგერი, ჰქონდეს უფრო მეტი ანალიტიკური სტატია და რეპორტაჟი და მოვლენების უფრო სიღრმისეული ხედვა”, - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც შორენა შავერდაშვილმა“ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა .

ამავე წერილში გამოცემის მფლობელი წერს, რომ “მოდის ძალიან საინტერესო ახალგაზრდა თაობა და აპირებს მათ დაუთმოს “ლიბერალის” უკვე 10-წლიანი პლატფორმა და ასპარეზიც”.

“მედიაჩეკერთან” სატელეფონო საუბარში, პოზიცია - არ გააკეთოს ამ ეტაპზე საჯარო განცხადება, შორენა შავერდაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა. შესაბამისად, პასუხი კითხვაზე, რა არ მოსწონდა “ლიბერალის” პოზიციონირებაში და რას გულისხმობდა სხვადასხვა გავლენებისგან დამოუკიდებლობაში, ვერ მივიღეთ. გამოცემის მფლობელმა განაცხადა, რომ სამომავლო გეგმებზე, საჯაროდ, ამ კვირაში, უკვე ახალ გუნდთან ერთად ისაუბრებს: “გვინდა, რომ ჩამოყალიბებულად, ახალ გუნდთან ერთად გავაკეთოთ ერთიანი განცხადება, ცოტა ხანს თავს ვიკავებ საჯარო კომენტარებისგან. ამ კვირაში აუცილებლად გავაკეთებ განცხადებას”.

“ლიბერალის” ისტორია
 

საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა გამოცემა “ლიბერალმა” მუშობა 2009 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად იგი ჟურნალის სახით გამოდიოდა, 2010 წლიდან ამუშავდა პლატფორმა liberali.ge, რომელიც, 2013 წლიდან გუნდმა სრულიად განაახლა და მობილური აპლიკაციაც დაამატა.   

“ლიბერალი” ცდილობს მიუკერძოებლად და ობიექტურად გააშუქოს როგორც პოლიტიკური მოვლენები, ასევე ის თემები, რომელიც ქართულ მედიაში, როგორც წესი, მარგინალიზებულია - განათლება, ჯანდაცვა, გარემო, სამართალი, ადამიანის უფლებები, ეკონომიკური გარემო და ბიზნესი,ურბანისტიკა, რეგიონები და სხვა”, - ნათქვამია გამოცემის “ჩვენ შესახებ” განყოფილებაში.

წლების განმავლობაში გამოცემას არაერთი პრესტიჟული ჟურნალისტური ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის, "ლიბერალი" სამჯერ გახდა ევროკავშირის პრიზის მფლობელი, მიღებული აქვს GIPA - ფრიდმანი და ასევე რამდენჯერმე გახდა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზის მფლობელი. 

alt

ამ დროისთვის „ლიბერალის“ 100%-იანი წილის მფლობელი შორენა შავერდაშვილია. “ლიბერალის” გარდა შორენა შავერდშვილი ფლობს სტამბასა და გამომცემლობას - შპს “სეზან ფაბლიშინგი” (100%-იანი წილი), შპს “ემ ფაბლიშინგი” (50%-იანი წილი). ბოლო ტენდერი, რომელიც მაგალითად, შპს “სეზან ფაბლიშინგს” აქვს მოგებული, არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტენდერი, 2019 წლის აპრილში, 78 117 ლარით.

2013 წლიდან 2015 წლამდე პერიოდში „ლიბერალის“ თანამესაკუთრეები და 20-20%-იანი წილის მფლობელები გამოცემის ვებ-რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი და რედაქტორი ზურა ვარდიაშვილიც იყვნენ. თუმცა, როგორც ლიკა იხსენებს, მაშინაც მფლობელს არ მოეწონა რედაქტორების გარკვეული გადაწყვეტილებები და წილების დათმობა მოუხდათ: “იმის გამო, რომ განსხვავებულად გადავჭერით კომპანიის მართვასთან დაკავშირებით არსებული გარკვეული საკითხი (მიუხედავად მისი დეკლარირებული პოზიციისა, რომ აღარ სურდა კომპანიის საქმიანობაში მონაწილეობა და სარედაქციო გადაწყვეტილებების მიღება) და ის არ ჩავაყენეთ საქმის კურსში, გადაწყვიტა რომ წაერთმია ჩვენთვის წილები. ესეც რაღაც ერთგვარ დასჯის მექანიზმად აღვიქვით მაშინ”.

“ლიბერალის” ყოფილი გუნდის გეგმები
 
3 რედაქტორისა და 8 ჟურნალისტისგან შემდგარი “ლიბერალის” გუნდი დაშლას არ აპირებს.  

“რადგან ჩვენს მომავალს მხოლოდ დამოუკიდებელი მედიის სამსახურში ვხედავთ, რადგან დაგვიგროვდა უნიკალური გამოცდილება, სულ მალე ერთმანეთს ისევ მედიასივრცეში, ოღონდ ახალ პლატფორმაზე შევხვდებით”, - დაწერეს მათ განცხადებაში.

ლიკა ზაკაშვილი ამბობს, რომ “ლიბერალის“ გამოცდილი ჟურნალისტებისგან დაკომპლექტებული გუნდი ახალ მედიაპლატფორმას რაც შეიძლება მალე შექმნის და უფრო საინტერესო პროდუქტს შესთავაზებს მკითხველს.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ