აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობა 12 კანდიდატს სურს
03.07.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად 12 კანდიდატი დარეგისტრირდა. 

  1. ციალა ქათამაძე - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თანამშრომელი, იყო სახალხო დამცველის წარმომადგენელი აჭარაში
  2. თინათინ ცისკარიძე - ჟურნალისტი, “დოიჩე ველეს აკადემიის” ტრენერი;
  3. ფირუზ ბოლქვაძე - აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი;
  4. დავით დიასამიძე - შპს "მი-ფა-სის" მფლობელი, მონაწილოებდა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსში 2016 წელს;
  5. შოთა ზოიძე -  ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში იყო "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი შუახევში;
  6. გიორგი კოხრეიძე - იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი. ამ პოზიციაზე ის სწორედ აჭარის უმაღლესი საბჭოს კვოტით იყო წარდგენილი;
  7. გიორგი წულაია - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი თანამშრომელი;
  8. ირმა ზოიძე - ბათუმში მოქმედი საგამოძიებო სტუდია "REC-ის" ჟურნალისტი;
  9. ბაჩო გურაბანიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა "დილის ტალღის" ხელმძღვანელი;
  10. ბაჩუკი ჩხეიძე - იყო აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ლევან ვარშალომიძის მრჩეველი, თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ კი "ქართულ ოცნებას" შეუერთდა. 2018 წელს ის მონაწილეობდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის კონკურსშიც.ამჟამად საზოგადოება "ბათუმელის" წევრია;
  11. მერაბ წულუკიძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტი აჭარის რეგიონში;
  12. დავით ჩხარტიშვილი - ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს თანამშრომელი.

 

ამ 12-დან მხოლოდ 5-ია ისეთი კანდიდატი, რომელიც წინა, ჩაშლილ კონკურსში არ მონაწილეობდა - ციალა ქათამაძე, თინათინ ცისკარიძე, ფირუზ ბოლქვაძე, დავით დიასამიძე, შოთა ზოიძე. 

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი მას შემდეგ გამოცხადდა რაც მრჩეველთა საბჭომ ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე იმპიჩმენტის წესით გადაირჩია. პირველ მცდელობაზე, 31 მაისს, კონკურსი ჩავარდა, რადგან დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე რვა კანდიდატიდან დირექტორობისთვის საკმარისი 3 ხმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა.

აჭარის ტელევიზიისა და რადიო-ს დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის (არჩევის) წესის მიხედვით, კანდიდატების განაცხადები მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ მომდევნო სამი დღის განმავლობაში უნდა განიხილოს. შემდგომი ეტაპი კანდიდატებთან გასაუბრებაა. ამის შემდეგ კი საბჭო, ფარული კენბჭისყრით, ხმათა უმრავლესობით ახალ დირექტორს აირჩევს.

აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში 5 წევრია. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას წევრების უმეტესობა ესწრება.

მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან: ნატა იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე, ბეჟან გობაძე, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე. საბჭომ ახალი დირექტორი სამი წლის ვადით უნდა აირჩიოს.

ამ თემებზე:

აჭარის ტელევიზიის დირექტორი იმპიჩმენტის წესით გადაირჩიეს

აჭარის ტელევიზიის დირექტორი ვერ აირჩიეს - კონკურსი ხელახლა გამოცხადდება

ყოფილ დირექტორს ნათია კაპანაძეს უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 6 თვე ჰქონდა დარჩენილი. მის იმპიჩმენტს სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ საბჭოს გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი და შეფასდა როგორც ამ მაუწყებლის დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი, ვინაიდან ნათია კაპანაძის დირექტორობის პერიოდში აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშში დადებით კონტექსტში მოხვდა.

ნათია კაპანაძის მხარდამჭერი განცხადებები გააკეტეს ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ეუთოს წარმომადგენლებმა. მიუხედავად ამისა, მრჩეველთა საბჭომ უნდობლობა მას მაინც გამოუცხადა. ნათია კაპანაძემ ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა და მისი იმპიჩმენტის შემდეგ გამოცხადებული კონკურსის შეჩერება ითხოვა. თუმცა, სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა.

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ