რუსთავი 2-ის თვითრეგულირების ორგანომ საავტორო გადაცემების წამყვანს 2 თვით უფლებამოსილება შეუჩერა
08.07.2019
8 ივლისს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას არხის თვითრეგულირების ორგანომ უფლებამოსილება ორი თვით, სრულად შეუჩერა. რუსთავი 2-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული შეზღუდვა ყველა იმ გადაცემას(„არჩევანი“ და „P.S.“) ეხება, რომელსაც იგი ამზადებს ან/და მიჰყავს. გადაწყვეტილებას მიზეზი გადაცემა P.S.-ში წამყვანის - გიორგი გაბუნიას მონოლოგი გახდა.

7 ივლისს, გაბუნიამ ვლადიმერ პუტინს საავტორო გადაცემის შესავალ ნაწილში, პირდაპირ ეთერში აგინა. წამყვანის არაეთიკურ მიმართვას „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გადაცემა „კვირის აქცენტების“ სპეციალურ გამოშვებაში გამოეხმაურა და თქვა, რომ გაბუნიას ქცევა კატეგორიულად მიუღებელია და არხის სარედაქციო პოლიტიკას და მაღალ სტანდარტს არ შეესაბამება. ჟურნალისტის მონოლოგის გამო არხმა ბოდიში მოიხადა.

გიორგი გაბუნიას მიმართვას იმავე დღეს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გამოეხმაურა. ქარტიის განცხადებით, გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტის მიმართ გაკეთებული არაეთიკური განცხადებები ხელს უწყობს მედიისა და ჟურნალისტების მიმართ ნდობისა და პატივისცემის შემცირებას, სიძულვილის ენის ტირაჟირებას და აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებასა და განვითარებას.

„გადაცემის წამყვანის ამგვარი არაეთიკური და უპასუხისმგებლო განცხადებები აღვივებს მედიის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ ხელისუფლების მისწრაფებებს და ცვლილებებისადმი საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერას, მით უფრო მაშინ, როდესაც ბოლო პერიოდში მაღალი თანამდებობის და სხვა საჯარო პირები თვითრეგულირების შესუსტების ინიციატივებით არაერთხელ გამოვიდნენ”, - აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში.

გიორგი გაბუნიას მიმართვას მალევე, ერთმანეთის მიყოლებით გამოეხმაურნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, მათ შორის ერთ-ერთი პირველები საქართველოს პრემიერ მინისტრი, პრეზიდენტი და პარლამენტის თავმჯდომარე იყვნენ. მათ ჟურნალისტის მონოლოგი დესტაბილიზაციის მცდელობად შეაფასეს. გაბუნიას მიმართვა დაგმო საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომელმაც საერთაშორისო საზოგადოებას და პრესის თავისუფლების საკითხებზე მომუშავე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას მოუწოდა, რომ „სათანადო შეფასება მისცეს ტელეკომპანიის და კონკრეტულად ამ ჟურნალისტის საქციელს, რომელმაც უხეშად უგულებელჰყო საერთაშორისო პროფესიული ნორმები და სტანდარტები“.

ზემოთჩამოთვლილი მოვლენების პარალელურად, „რუსთავი 2“-ის შენობის წინ სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში იკრიბებოდნენ და გიორგი გაბუნიას და ნიკა გვარამიას „გადადგომას“ ითხოვდნენ. აქციის მონაწილეები „რუსთავი“ 2-ის ჟურნალისტების მიმართ აგრესიულობით გამოირჩეოდნენ. 02:20-ზე არხმა დროებით მაუწყებლობის შეწყვიტის გადაწყვეტილება მიიღო.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ