"2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ აუცილებელია შენარჩუნდეს ქართული მედიალანდშაფტის პლურალიზმი და შემცირდეს მედიის მფლობელებისა და პოლიტიკური პარტიების გავლენა სარედაქციო პოლიტიკაზე", - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" "რუსთავი 2-ის" ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ გაავრცელა.
"გასულ კვირას ოპოზიციური ტელეკომპანიის "რუსთავი 2-ის" ყოფილი
მფლობელისთვის დაბრუნების შემდეგ, საქართველოში მედია პლურალიზმის
მომავალთან დაკავშირებული შეშფოთებების ფონზე "რეპორტიორები საზღვრებს
გარეშე" მოუწოდებს პატივი სცენ არხის სარედაქციო დამოუკიდებლობას,
ტელევიზიის მფლობელებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ნაკლები გავლენა
იქონიონ წამყვან მედიაზე", - წერია განცხადებაში.
აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიაში "რეპორტიორები საზღვრებს
გარეშეს" ხელმძღვანელი იოჰან ბირი წინასაარჩევნოდ მედია პლურალიზმის
აუცილებლობას უსვამს ხაზს.
“რუსთავი 2-ის სარედაქციო დამოუკიდებლობა და ეკონომიკური გადარჩენა
გარანტირებული უნდა იყოს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ
აუცილებელია შენარჩუნდეს ქართული მედიალანდშაფტის პლურალიზმი და
შემცირდეს მედიის მფლობელებისა და პოლიტიკური პარტიების გავლენა
სარედაქციო პოლიტიკაზე", - აცხადებს იოჰან ბირი.
ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ "რუსთავი 2-ზე" მთავრობები
წლების განმავლობაში ცდილობდნენ კონტროლის მოპოვებას.
"საქართველოში პოლიტიკური პარტიის მიერ მედია ორგანიზაციის პირდაპირ
ფლობა კანონით იკრძალება, თუმცა წამყვანი მედიები, როგორც წესი,
თავიანთი მფლობელების ბიზნესსა და პოლიტიკურ ინტერესებზე არიან
დამოკიდებული. საქართველო მსოფლიო პრესის ინდექსში 2019 წელს 180
ქვეყანას შორის მე-60 ადგილზეა", - წერია განცხადებაში.
18 ივლისს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა
სასამართლომ, „რუსთავი 2-ის" საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპული
კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა.
კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს
დიდმა პალატამ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ადრინდელ მესაკუთრეს ქიბარ
ხალვაშს მიაკუთვნა. რის შემდეგაც "რუსთავი 2-მა" სტრასბურგის
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა, რომლის საფუძველზე,
სტრასბურგის სასამართლომ 2017 წლის 3 მარტს უზენაესი სასამართლოს
გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. ერთი კვირის წინ კი სწორედ ამ
აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.