ევრონიუსი ქართულენოვან მაუწყებლობას იწყებს
25.07.2019
ევრონიუსი საქართველოში შემოსვლას გეგმავს და ქართულენოვანი ადგილობრივი გადაცემების წარმოებასაც აპირებს. ამის შესახებ 27 ივლისს გახდა ცნობილი, როდესაც სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილმა და ევრონიუსის აღმასრულებელი დირექტორმა მიშელ პეტერსმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. მათ “ევრონიუს საქართველოს” შექმნა დაანონსეს და თქვეს, რომ არხი არ იქნება მხოლოდ ევრონიუსის მიერ წარმოებული საერთაშორისო ამბების ქართულენოვანი ტრანსლირება.

როგორც მიშელ პეტერსმა თქვა, გადაცემების ნაწილი ადგილზე შეიქმნება, რისთვისაც ადგილობრივ ჟურნალისტებს დაიქირავებენ. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია ვინ უხელმძღვანელებს კადრების შერჩევის პროცესს, როდიდან დაიწყება და რა კრიტერიუმებით დაკომპლექტდება გუნდი. ასევე არ დაუკონკრეტებიათ საერთო სამაუწყებლო ბადის რა პროცენტი იქნება ადგილზე ნაწარმოები კონტენტი. როგორც პრესკონფერენციისას ითქვა, 2020 წელს არხი მზად იქნება არჩევნების გასაშუქებლად.

გიორგი რამიშვილმა, ისევე როგორც მიშელ პეტერსმა, არაეთხელ გაუსვეს ხაზი, რომ ეს პროექტი “უფრო მეტია, ვიდრე ბიზნესი”. ისაუბრეს ჟურნალისტურ ღირებულებებსა და სტანდარტებზე, რომელთა განვითარებაშიც, მათი განცხადებით, ევრონიუსი საქართველო დიდ წვლილს შეიტანს. თქვეს, რომ შეიქმნება სარედაქციო საბჭო, რომელიც სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავს. ამ დროისთვის, სხვა დეტალებთან ერთად უცნობია როგორც საბჭოს წევრთა, ისე არხის მთავარი რედაქტორის ვინაობა.

ევრონიუსი 1993 წელს საფრანგეთში, ქალაქ ლიონში დაარსდა და დაარსების დღიდან მსოფლიოს 160 ქვეყანაში 400 მილიონამდე ოჯახს აწვდის ინფორმაციას. სილქნეტის ცნობით, 2017 წლიდან ევრონიუსის პარტნიორი გახდა კომპანია NBC News, რომელმაც არხის 25%- იანი წილი შეიძინა და განახორციელა მნიშვნელოვანი ფინანსური ინვესტიცია, რაც ემსახურებოდა ევრონიუსის მაუწყებლობის გაფართოებას და ახალი პროგრამების შექმნას. თავად სილქნეტი კი საქართველოში მოქმედი მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიაა, რომელიც მომხმარებელს სხვა სერვისებთან ერთად სთავაზობს ინტერნეტ ტელევიზიას.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ