მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ “რუსთავი 2-ზე” სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება თავისუფალ სივრცეს შეამცირებს და ქვეყანაში კვლავ ის პერიოდი დადგება, როდესაც მედია ერთი პოლიტიკური და ბიზნესმმართველობის ქვეშ იყო.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების ინტერესი მხოლოდ “რუსთავი 2-ის” გაკონტროლებით არ შემოიფარგლება: ”ჯერ არ უშლიან ხელს შედარებით დაბალშემოსავლიანი მედიასაშუალებები, მაგრამ ხვალ მათი ჯერიც დადგება… უნდა დაიწყოს საზოგადოებრივი დისკუსია იმაზე, თუ რა ელოდება ქვეყანას, თუ სურვილი ბიძინა ივანიშვილისა, რომ მედია ბოლომდე გააკონტროლოს, აღსრულდება… ცენზურის და კონტროლის მექანიზმები ჩაირთვება ონლაინსივრცეში და ინტერნეტის გაკონტროლების მექანიზმებზე დაიწყებს მალე ხელისუფლება საუბარს”.

ასევე დაგაინტერესებთ: უცხოელი მენეჯერი - სარედაქციო დამოუკიდებლობის ილუზია

“ოდესმე ამ საფრთხეს თუ გადავლახავთ, დადგება დრო, არა ორპოლუსიან, არამედ მაღალკვალიფიციურ, პროფესიულ სტანდარტებზე დაფუძნებულ, დამოუკიდებელ მედიაგარემოზე და მედიაზე სასუბროდ, რომლის მთავარი ფუნქცია მოქალაქეების ინფორმირება იქნება და არა არა რომელიმე პარტიული ჯგუფის მხარდაჭერა”, - ამბობს იგი.

სწორედ ამიტომ მიაჩნია ძალიან მნიშვნელოვნად “რუსთავი 2-ის” სარედაქციო პოლიტიკა დარჩეს კრიტიკული “ჟურნალისტიკის რესურსცენტრის” ხელმძღვანელს ნათია კუპრაშვილს, რომლის თქმით, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ არხთან მიმართებით, დამოუკიდებლობის კუთხით გარკვეული პრობლემები არსებობდა.
“რუსთავი 2” არა ერთადერთი კრიტიკული, არამედ ყველაზე მძლავრი მედიასაშუალება იყო და სწორედ ეს განასხვავებდა მას დანარჩენი ტელევიზიებისგან. ამიტომ, შესაძლოა, ამგვარი გავლენიანი მედიის კრიტიკის შესუსტებამ შეასუსტოს კრიტიკა დანარჩენ მედიებშიც, ან მოიცალონ დანარჩენი მედიებისთვისაც”, - ამბობს ნათია კუპრაშვილი, თუმცა, იგი არც იმას გამორიცხავს, რომ შეიძლება, პირიქითაც მოხდეს და დამოუკიდებელი აქტორების ხმა გაძლიერდეს.
“თუმცა, არ მაქვს ილუზია, რომ ისეთი ტიპის ძლიერი მოთამაშე, როგორიც “რუსთავი 2” იყო და იყო კრიტიკულად განწყობილი ხელისუფლების მიმართ, აღარ იარსებებს, ან მათთვის ვერ მოიცლის ხელისუფლება თუ მიდრეკილი იქნება ერთხმიან მედიაზე, ან დაანებებს მათ ასე ვთქვათ დამოუკიდებელ არსებობას. ამიტომ, აქ სკეპტიციზმი გამაჩნია, რადგან არ ვიცით საბოლოო ჯამში როგორი იქნება ხელისუფლების პოლიტიკური ნება”, - განმარტავს კუპრაშვილი.
წაიკითხეთ: "გუნდი შეკრულია და არსად გადასვლა არ განიხილება"

ბიგანიშვილი მიიჩნევს, რომ თუკი ხელისუფლება ასეთი მძლავრი და გავლენიანი მედიასაშუალების დამორჩილებას და მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას მოახერხებს, ეს ზოგადად, კრიტიკული მედიის არსებობაზე ცხადია უარყოფითად იმოქმედებს, თუმცა ის მაინც მიიჩნევს, რომ დღევანდელი მოცემულობის პირობებში, როდესაც თავად ტელევიზიის გუნდი და სამოქალაქო საზოგადოება უფრო ძლიერია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ, ამის მიღწევა არც თუ ისე იოლი იქნება.
“კონტექსტი უნდა გავითვალისწინოთ, ახლა რაც ხდება, იმიტომ, რომ ერთი თუ დაიხურება და მეორესაც დახურავს, რაღაც პლატფორმა მაინც გაჩნდება, ამის შესძლებლობები არსებობს, არსებობს ინტერნეტი. თუმცა, რა თქმა უნდა, ისევ იქნება ბრძოლა და დაკარგული წლები. რაც აქამდე გვეგონა, რომ მოვიპოვეთ, ისევ თავიდან უნდა მოვიპოვოთ, რაც იქნება ძალიან სამწუხარო”, - ამბობს იგი მედიაჩეკერთან საუბრისას.
გამოსავალი
ნინო ჯანგირაშვილს მედიასივრცეში შექმნილი ვითარებიდან სისტემური
გამოსავლის დანახვა უჭირს. იგი დასაყრდენს მხოლოდ ინდივიდუალურ
ენთუზიასტებსა და იდეებისთვის მებრძოლ ადამიანებში ხედავს. საუბრობს
საერთაშორისო დონორების მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც და
აცხადებს, რომ წლებია ისინი მედიაში ფულს აღარ ხარჯავენ, რაც
განსაკუთრებით მცირე ზომის მედიასაშუალებებს არსებობას ძალიან
ურთულებს.
გამოსავალს იგივე ფაქტორებში
ხედავს ნათია კუპრაშვილი. ამასთან, იგი მედიასისტემის ცვლილების
მნიშნელობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებული სისტემა
ერთხმიანი, პოლარიზებული მედიაგარემოს ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული,
რაც აუცილებლად უნდა შეიცვალოს: “მედია უნდა გახდეს თვითკმარი და
ბიზნესორიენტირებული. ბიზნესი არ გამოგვივიდა მედიიდან და ეს არის
მთავარი პრობლემა ამ სისტემის. ხელისუფლებებიც მუდმივად ცდილობენ, რომ
მედიისგან არ გამოვიდეს ბიზნესი”.
ტელეკომპანიაში დასაქმებული ჟურნალისტების მხრიდან საკუთარი შრომით
უფლებების დაცვისა და საზოგადოების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე
საუბრობს ზვიად ქორიძე: “ეს არ უნდა დაუშვას საზოგადოებამ, მან ძალიან
სერიოზულად უნდა ამოიღოს ხმა, თუ დავინახავთ, რომ ასეთი პრეცედენტები
ცენზურისა გაჩნდება ჩვენს სინამდვილეში”.
იგივეს ამბობს ხატია ჯინჯიხაძე. იგი სამოქალაქო საზოგადოებისა და
საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიციებისა და გამოხმაურებების
მნიშვნელობაზე მიუთითებს და განმარტავს: „ეს პოზიციები იქნება ძალიან
მნიშვნელოვანი, თუმცა იქნება თუ არა ეს გადამწყვეტი, ამას, ალბათ,
გამოაჩენს პოლიტიკურ სიტუაცია საქართველოში“.
ნანა ბიგანიშვილი კი სამართლიანი სასამართლოს აუცილებლობაზე საუბრობს
და აცხადებს, რომ “თუ სასამართლო დამოუკიდებელი არ იქნება” ყოველთვის
გამოჩნდებიან პოლიტიკური პარტიები თუ ჯგუფები, რომლებიც სასამართლოში
მათ სასარგებლოდ საქმეების “დალაგებას” შეეცდებიან.
***
შეგახსენებთ, 2019 წლის 18 ივლისს ადამიანის უფლებათა
ევროპულმა სასამართლომ ტელეკომპანი “რუსთავი 2-ის” საქმეზე
გადაწყვეტილება გამოაცხადა. სასამართლომ “რუსთავი 2-ის” ყველა
სასარჩელო მოთხოვნა დაუშვებლად ცნო და დაადგინა, რომ ეროვნულ დონეზე
ტელეკომპანიის საკუთრების საქმეზე ადგილობრივი მოსამართლეების მხრიდან
დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.
ამასთან, სტასბურგმა საქმეზე საქართველოს უზენასი სასამართლოს მიერ
2017 წლის 2 მარტს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების
შესახებ მიღებული გადაწყვეტილებაც გააუქმა.
სტრასბურგის გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე, იმავე დღეს,
ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა, რომელსაც საქართველოს უზენაესმა
სასამართომ 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით ტელეკომპანია “რუსთავი
2-ის” წილები სრულად მიაკუთვნა, საჯარო რეესტრს ტელეკომპანიის
გადაფორმების მოთხოვნით მიმართა. რეესტრმა მისი მოთხოვნა იმავე დღეს
დააკმაყოფილა. ასევე, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე, 18
ივლისსვე ტელეკომპანიის გენერალურ დირექტორად ნიკა გვარამიას ნაცვლად
მისი ადვოკატი პაატა სალია დაარეგისტრირა.