დავით კეზერაშვილი, ფორმულა კრეატივი, ნიკა გვარამია - საქართველოში ახალი ტელევიზიების გახსნას ელიან
01.08.2019

ბოლო ერთ კვირაში, ქართულ მედიაბაზარზე კიდევ ერთი ახალი ტელევიზიის შესახებ ალაპარაკდნენ. “რუსთავი 2-ს” ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას შემდეგ, ახალი ტელევიზიის გახსნა დააანონსა ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმაც. მედიაში კიდევ ერთ, “ფორმულა კრეატივის” ტელევიზიაზე საუბრობენ, თუმცა, არსებობს ჯერ დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ დავით კეზერაშვილი სწორედ ამ უკანასკნელი, “ფორმულა კრეატივის” ტელევიზიის დაფინანსებას აპირებს.

altახალი ტელევიზიის გახსნის შესახებ, დავით კეზერაშვილმა დღეს, 1-ელ აგვისტოს, ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა. იგი ამბობს, რომ ახალი ტელევიზიის გახსნის გადაწყვეტილება ბოლო დროს საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა მიაღებინა.

„უკიდურესად დიდ საფრთხედ მიმაჩნია მმართველი გუნდის ხელში ძირითადი მედიარესურსების სრული კონცენტრაცია, რა რეალობასაც შევეჯახეთ ახლა და რაც გვაბრუნებს იმ მანკიერ წრეზე, რომელზეც ათწლეულებია ვტრიალებთ, თუმცა წესით, უკვე გაცნობიერებული უნდა გვქონდეს წარსულის შეცდომები.

მიმაჩნია რომ რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ ბრძოლას მუდმივი აქტიურობა ჭირდება და ქართველი ხალხის დასავლური არჩევანი დასაცავია. სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩვენს მეგობრებთან ერთად დავაფუძნო ახალი სატელევიოზიო პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს ამ დაცვას. პლატფორმა, რომელიც გვერდში დაუდგება არა რომელიმე პარტიას, არა რომელიმე ინტერესის ჯგუფს, არა რომელიმე ელიტურ ერთობას - არამედ მთელ სამოქალაქო საზოგადოებას, თავისუფლების და პროგრესის ხმას ჩვენ ქვეყანაში.“

კეზერაშვილის განცხადებით, სამეთვალყურეო საბჭოს დასაკომპლექტებლად მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში უკვე დაწყებული აქვს.

კეზერაშვილი თავის განცხადებაში იმედს გამოთქვამს, რომ ახალი ტელევიზია საზოგადოებისთვის ნაცნობი კადრებით დაკომპლექტდება: „იმედი მაქვს, რომ მალე დაკომპლექტდება საზოგადოებისათვის ნაცნობი და მაღალი ნდობის მქონე ჟურნალისტებისა და აგრეთვე ახალი სახეებისგან შემდგარი ძლიერი გუნდი და ტელევიზია უმოკლეს ვადაში მზად იქნება ეთერში გასასვლელად”.


დავით კეზერაშვილი 2012 წელს რამდენიმე დღით „რუსთავი 2“-ის 40%-იან წილს ფლობდა. პარტია „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამაჯვებიდან სამი დღის შემდეგ, მისმა კომპანიამ „რუსთავი 2“-ის 40% 500 000 აშშ დოლარად იყიდა, თუმცა, ხუთი დღის შემდეგ დავით კეზერაშვილმა თავისი წილი გიორგი ყარამანიშვილს იგივე ფასად მიყიდა. გარდა ამისა, დავით კეზერაშვილი გამოცემა „ტაბულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო.


alt"ქვეყნის მთავარი და საუკეთესო, იმაზე უკეთესი ტელევიზიის გახსნა, ვიდრე “რუსთავი 2-ა”, ასევე ფეისბუკით დააანონსა ნიკა გვარამიამაც. ისიც წერს, რომ გადაწყვეტილება ბევრი ფიქრისა და ინვესტორებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

"გადავწყვიტე რამდენიმე პარტნიორთან ერთად, გავაკეთო ამ ქვეყნის მთავარი ტელევიზია, მთავარი და საუკეთესო. უკეთესი, ვიდრე ნებისმიერი სხვა. უკეთესი, ვიდრე ის, რომელიც აქამდე ყველაზე საუკეთესო მგონია. ჩემთვის ეს, ალბათ, ცხოვრების მთავარი გამოწვევაა - მე კრიზის-მენეჯერი ვარ, არ მიყვარს რუტინა და არასდროს მიშენებია ნულიდან. მე შემიძლია გავაცოცხლო მკვდარი კომპანია, მაგრამ არასდროს მიმიცია დასაბამი ახალი კომპანიის სიცოცხლისთვის. ამ გამოწვევაში ზუსტად ვიცი, ვისი დახმარება მჭირდება, ვინ იქნება ჩემი მთავარი დასაყრდენი - ჩემი გუნდი. ჩემი ამბიცია მხოლოდ საუკეთესოს გაკეთებაა, და საუკეთესოს, ცხადია, მხოლოდ საუკეთესოები გააკეთებენ", - წერს გვარამია.





alt“ფორმულა კრეატივის” გეგმაზე, რომ ემზადება საინფორმაციო-პოლიტიკური ტელევიზიის გახსნისთვის, ინფორმაცია “ნეტგაზეთმა” გაავრცელა. “ფორმულა კრეატივმა”გამოცემა On.ge-სთან, რომლის 50%-იან წილსაც ფლობს, ეს ინფორმაცია არც დაადასტურა და არც უარყო.


“ფორმულა კრეატივის დირექტორმა მიშა მშვილდაძემ განაცხადა, რომ ახალი ტელევიზიის შესახებ "გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს და, ზოგადად, ამ თემაზე არ საუბრობს", - წერს On.ge.


კიდევ ერთი ინფორმაცია, რაც ბოლო დღეებში ვრცელდება, “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო სამსახურის უფროსს გიორგი ლაფერაშვილს უკავშირდება. On.ge-ს ინფორმაციით, მას ახალ ტელევიზიაში სთავაზობენ გადასვლას, საუბარი, სავარაუდოდ, “ფორმულა კრეატივის” მიერ დაანონსებულ ტელევიზიაზეა.

“მედიაჩეკერი” შეეცადა გავრცელებული ინფორმაციები ფორმულა “კრეატივსა” და ლაფერაშვილთან გადაემოწმებინა. არაერთი მცდელობის მიუხედავად, “ფორმულა კრეატივის” გუნდს ვერ დავუკავშირდით, მიშა მშვილდაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

altრაიმეს დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ პროდიუსერმა გიორგი ლაფერაშვილმა, თუმცა, დაადასტურა, რომ დაანონსებულ ტელევიზიებთან დაკავშირებით უკვე მიიღო „საინტერესო“ შემოთავაზებები.

„ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენიმე ძალიან საინტერესო წინადადება და შემოთავაზება მქონდა. ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე შემიძლია ვთქვა, არის ეს. ამ შემოთავაზებებს შორის იყო ყველა ის სიახლე, რაც ქართულ მედიაბაზარზე უახლოეს პერიოდში ამოქმედდება”, - კითხვაზე, როდის შეიძლება ველოდოთ მისგან ახალ სამსახურზე დადასტურებულ ინფორმაციას, გიორგი ლაფერაშვილმა გვიპასუხა, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ “რუსთავი 2-დან” შვებულებაშია.



ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ