ფინანსთა სამინისტრო მაუწყებლებს დავალიანების დაფარვაზე მოლაპარაკებებს სთავაზობს
14.08.2019

„ვიქნებით ლოიალური წარსულ დავალიანებასთან, მაგრამ პრინციპული მიმდინარე ვალებთან“, - მაუწყებლებს, რომლებსაც სახელმწიფოს წინაშე მსხვილი დავალიანებები აქვთ, ფინანსთა სამინისტრო სთავაზობს, უახლოესი ორი კვირის ვადაში, ამ ვალის დაფარვის მათთვის მოსახერხებელი პირობები შესთავაზონ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ყველაზე მსხვილი დავალიანება სამ ტელეკომპანიას აქვს, ესენია: „რუსთავი 2“ – 28 მლნ დავალიანებით, „იმედი“ – 19 მლნ და „მაესტრო“ დაახლოებით 8 მლნ ლარით.

მინისტრი ამ მაუწყებლებს ორკვირიან ვადას აძლევს, წინადადებების წარსადგენად: „მოვიდნენ შეთავაზებით, როგორ ხედავენ ძველი ვალის რესტრუქტურიზაციას, შეთანხმებას, გრაფიკს, სხვადასხვა მოდელები არსებობს საგადასახადო ტვირთის ბიზნესზე გადანაწილების, ან ნაწილობრივ შემსუბუქების კუთხით. თუმცა, რაც არის ყველაზე მთავარი და დღეიდანვე უნდა მოხდეს, მიმდინარე დავალიანებები უნდა გადაიხადოს ყველამ და აღარ მოახდინოს ვალის დაგროვება“. რამდენად პასუხისმგებლობით მოეკიდებიან მაუწყებლები მიმდინარე საგადასახადო ვალდებულების შესრულებას (საუბარია იმ ვალდებულებებზე, რომლებიც ამ წუთიდან წარმოეშვებათ ტელეკომპანიებს), ეს იქნება იმის განმსაზღვრელი, რა შემხვედრ ნაბიჯს გადადგამს ფინანსთა სამინისტრო.

„მიმდინარე დავალიანებას რამდენად პასუხისმგებლიანად მოეკიდება გადამხდელი, ეს იქნება ის ნიშანი, რითიც ვიხელმძღვანელებთ“, - განაცხადა მინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ვალის ჩამოწერა, თუ მაუწყებელი დაასაბუთებს, რომ არ არის გადახდისუნარიანი, მინისტრმა განაცხადა, რომ შემოსავლების სამსახურს შესწევს უნარი დაადგინოს, ნამდვილად უჭირს ბიზნესს თუ თავხედობასთან გვაქვს საქმე: „ვიქნებით ლოიალური წარსულ ვალებთან, მაგრამ პრინციპული მიმდინარე ვალებთან“.

კითხვაზე, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში ახლა, მაშინ როცა „რუსთავი 2-ის“ საქმე და მისი გაყიდვა დგას დღის წესრიგში, ივანე მაჭავარიანმა განაცხადა, რომ ამ კითხვას ელოდა და შეიძლება ამ შემთხვევაში „რუსთავი 2-ის“ მაგალითიც მოვიყვანოთ:

„ყველამ ვიცით პოლიტიკური კონტექსტი, ვიცით, რომ უმნიშვნელოვანესია მედიამ იფუნქციონიროს, ტელეკომპანიებმა იარსებონ. უბრალოდ, ის რაც არის არსებობისთის აუცილებელი, ეს არის ერთი ნაწილი, მანდ ყოველთვის შეხვალ მდგომარეობაში და შეეცდები გადაუნაწილო, შეღავათი მისცე. მაგრამ არის მეორე, დაუსჯელობის სინდრომია, ეს არსებობისთვის არ არის აუცილებელი, უბრალოდ, ძალა მაქვს და გამდის, იმიტომ, რომ ყოველთვის შეიძლება სპეკულაცია იმაზე, რომ მედიას ებრძვი. აქედან გამომდინარე ბოროტად გამოყენება ხდებოდა და ხდება და იცით თქვენ ეს ჩემზე კარგად. შესაბამისად, ეს ამბავი მე მგონი, ამას უნდა დაედოს ბოლო“.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, საქართველოში არსებობდა ვალების დაგროვების და შემდეგ ამ დავალიანების ჩამოწერის, ამნისტიის მავნე პრაქტიკა, რაც უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, მაუწყებლების საგადასახადო დავალიანებებზე „მედიაჩეკერი“ ჯერ კიდევ წლის დასაწყისში წერდა.


alt

როგორც მაშინ გავარკვიეთ, „რუსთავი 2-ის“ საგადასახადო დავალიანება 2016 წლიდან მოყოლებული იზრდებოდა და 2019 წლის 1-ლი იანვრისათვის ტელეკომპანიას ბიუჯეტის 20 მილიონ ლარზე მეტი მართებდა. ტელეკომპანია იმედმა კი საგადასახადო დავალიანებების დაგროვება 2017 წლის შემდეგ დაიწყო და 2019 წლის პირველი იანვრისათვის ტელეკომპანიას 13 მილიონი ლარი ჰქონდა დავალიანება. პარალელურად, ვალების დაგროვების ფუფუნება არ ჰქონდათ მცირე მაუწყებლებს, რომლებსაც ასეთ დროს სახელმწიფო ინკასოს ადებდა.

დეტალები იხილეთ სტატიაში: რაც ეპატიება იუპიტერს, არ ეპატიება ხარს - ტელევიზიების საგადასახადო დავალიანებები


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ