“მთავარ არხს“ საერთო მაუწყებლობის ავტორიზაცია მიენიჭა
05.09.2019

"რუსთავი 2-ის" ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებულ “მთავარ არხს“ საერთო მაუწყებლის ავტორიზაცია მიენიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ არხს საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სხვა სახს გადაცემების ეთერში გაშვების უფლება აქვს. შესაბამისი გადაწყვეტილება კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღეს, 5 სექტემბერს მიიღო.

კომუნიკაციების კომისიას „მთავარმა არხმა“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების თხოვნით 26 აგვისტოს მიმართა. კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კომისიამ შეისწავლა კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც კანონის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და არხი უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა.

არხი მაუწყებლობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 9 სექტემბრიდან დაიწყებს.  მისი მიღება პრაქტიკულად ყველა ტექნოლოგიით იქნება შესაძლებელი მათ შორის - ე.წ. ოთახის ანტენებით (მიწისზედა მაუწყებლობა), სატელიტური ანტენის, ინტერნეტით და საკაბელო ქსელის მეშვეობით. შპს „მთავარი არხი“ ვალდებულია დაიცვას მაუწყებლობის შესახებ კანონი, მათ შორის კომისიის დადგენილებები, გადაწყვეტილებები და ავტორიზაციის ყველა პირობა.

"მთავარი არხი" საჯარო რეესტრში 2019 წლის პირველ მარტს დარეგისტრირდა. უფრო ზუსტად, დაფუძნებისას მას "კომედი არხი" ერქვა, 15 აგვისტოს კი შეეცვალა სახელი და მფლობელები და გახდა "მთავარი არხი". მისი 51%-იანი წილის მფლობელი ნიკა გვარამიაა. 49%-ს კი კახაბერ ანჯაფარიძე ფლობს, რომელიც საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით შპს “ინტერ მედია პლიუსის” 30%-იანი წილის მესაკუთრეცაა.

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორის პოზიციას ნიკა გვარამია იკავებს. ასევე დირექტორების პოსტებზე არიან “რუსთავი 2-ის” ყოფილი იურისტები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი. ფინანსური დირექტორი კი, ასევე “რუსთავი 2-ის” ყოფილი ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძეა.

“რუსთავი 2-ის” ყოფილი სახეებიდან მთავარ არხზე ვიხილავთ: დიანა ჯოჯუას, პაატა იაკობაშვილს, მიხეილ სესიაშვილს, ნანუკა ჟორჟოლიანს, გიორგი გაბუნიას, ეკა კვესიტაძეს, ნოდარ მელაძეს, თამარ ბაღაშვილს, გიგლა თუმანიშვილს, ნინო სამყურაშვილს, თეა ადეიშვილს, დავით ერაძეს და თამთა დოლენჯაშვილს.

"მთავარი არხი" მაუწყებლობას 9 სექტემბერს საღამოს 9 საათიდან დაიწყებს. 

 

იხილეთ ასევე:   როდის დაიწყებს მაუწყებლობას “მთავარი არხი” და ვის ვიხილავთ ახალ ტელევიზიაში


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ