12 სექტემბერს “რუსთავი 2-ის” თანხების გაფლანგვის საქმეზე, არხის
ყოფილ ფინანსურ დირექტორს კახაბერ დამენიას თბილისის საქალაქო
სასამართლომ 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდა და ქვეყნიდან გასვლის
უფლება შეუზღუდა.
კახაბერ დამენიას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, “რუსთავი
2-ის” ქონების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას ედავებიან. იგი ბრალს არ
აღიარებს. მისი ადვოკატი ბექა ბასიალაია კი აცხადებს, რომ სასამართლოს
პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებენ.
“რუსთავი 2-ის” ყოფილ ფინანსურ დირექტორს გენერალურმა პროკურატურამ
ბრალი 6 სექტემბერს წარუდგინა. ამავე საქმეზე, მასთან
ერთად, ბრალი წარედგინა არხის ყოფილ გენერალურ დირექტორს ნიკა
გვარამიას და “ინტერ მედია პლიუსის” დირექტორს ზურაბ იაშვილს.
საქმე ეხება 2015 წელს, სარეკლამო კომპანია „ინტერ მედია პლიუსთან“
გაფორმებულ ხელშეკრულებას. პროკურატურა ნიკა გვარამიას ქონების
გაფლანგვას, დოკუმენტის გაყალბებას და უკანონო შემოსავლის
ლეგალიზაციას ედავება, ზურაბ იაშვილს კი კომერციული მოსყიდვისა და
ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას.
ამ თემაზე წაიკითხეთ: ახალი ბრალი გვარამიას და ორი ახალი ბრალდებული “რუსთავი 2-ის” თანხების გაფლანგვის საქმეზე