24.09.2019
გიორგი კოხრეიძე მაუწყებლის დირექტორის შესარჩევად მიღებულ კონკურსში სამივეჯერ მონაწილეობდა. პირველ ორ მცდელობაზე მას საბჭოს არცერთი წევრის ხმა არ მიუღია, მესამე კონკურსზე კი 2 ხმა მიიღო. მესამე კონკურსს საბჭოს 5 წევრიდან 4 ესწრებოდა და ამათგან ერთმა, ბეჟან გობაძემ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა.
“კენჭისყრაზე იყო სამი ბიულეტინი, სამმა კაცმა მიიღო მონაწილეობა, სამი კაცი არის ქვორუმი, სამიდან ორი ხმა, ანუ უმრავლესობა, მივიღე მე”, - ამბობს გიორგი კოხრეიძე "მედიაჩეკერთან" საუბრისას და ამატებს, რომ კანონისა და რეგლამენტის მიხედვით ის არის არჩეული მაუწყებლის დირექტორად: “ბორდმა მიიღო გადაწყვეტილება აბსოლუტურად უკანონოდ. ეს გავასაჩივრე”.
მრჩეველთა
საბჭო, 22 აგვისტო, მესამე
კონკურსი.
აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევად მესამე კენჭისყრა 22 აგვისტოს
გაიმართა.გიორგი კოხრეიძემ სასამართლოს 18 სექტემბერს მიმართა. იგი
მრჩეველთა საბჭოს 22 აგვისტოს მიღებული ოქმის (კონკურსის ჩავარდნის
შესახებ) ბათილად ცნობას და დირექტორად მის გამოცხადებას ითხოვს.ბათუმის საქალაქო სასამართლომ, გიორგი კოხრეიძის სარჩელი დასაშვებად 23 სექტემბერს სცნო, მეოთხე კონკურსში განაცხადების მიღების დასრულებამდე ერთი დღით ადრე. განჩინება მრჩეველთა საბჭოს დღეს, 24 სექტემბერს ჩაბარდა.
“სრულიად მოულოდნელი იყო ეს ამბავი. დღეს, 24 სექტემბერს სრულდებოდა დირექტორის შესარჩევ კონკურსზე განაცხადების მიღების ვადა და გვქონდა მოლოდინი, რომ, როგორც ხდება ხოლმე, დღეს შემოვიდოდა უფრო მეტი განცხადება, ვიდრე გუშინ და სხვა დღეებში. დღეს გავიგე, რომ 22 აგვისტოს გადაწყვეტილება სასამართლომ ბათილად ცნო და კონკურსი შეაჩერა. სრულიად მოულოდნელი იყო, შოკი იყო ჩემთვის პირადად”, - გვეუბნება აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ნატა იმედაიშვილი.
მისივე თქმით, 22 აგვისტოს საბჭომ კონკურსის ჩაშლის გადაწყვეტილება კანონის შესაბამისად მიიღო.
“სხდომა პროცედურულად გამართული იყო. კანონში გვიწერია, რომ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით უნდა იქნას არჩეული დირექტორი. ამ შემთხვევაში, გვქონდა ასეთი სურათი - სხდომას ესწრებოდა ოთხი წევრი, მათგან ორმა მისცა ხმა გოგა კოხრეიძეს, ერთმა - თინათინ ცისკარაძეს, ხოლო ერთ წევრს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია. ბეჟან გობაძე სხდომაში მონაწილეობდა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, ეს მისი უფლება იყო. აქედან გამომდინარე, ჩვენ კანონი რასაც გვეუბნება, იმით ვიხელმძღვანელეთ გადაწყვეტილების მიღებისას”, - ამბობს ნატა იმედაიშვილი და ამატებს, “თუკი კანონი გვეტყოდა, რომ კენჭისყრაში მონაწილეთა უმრავლესობით იქნებოდა გადაწყვეტილება მისაღები, მაშინ, რა თქმა უნდა, გოგა კოხრეიძის სასარგებლოდ იქნებოდა ეს პროცესი გადაწყვეტილი, თუმცა კანონი გვეუბნება, რომ სხდომაზე დამსწრეთა უმრავლესობით უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული”.
ნატა იმედაიშვილს არ ეთანხმება გიორგი კოხრეიძე. იგი მიიჩნევს, რომ ბეჟან გობაძე არჩევნებზე დამსწრის სტატუსით იყო, რადგან კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია და, შესაბამისად, გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ უნდა გამოეტანათ: “ბორდის წევრს, რომელიც არჩევნებს ესწრება უფლება არ აქვს არ მიიღოს მონაწილეობა კენჭისყრაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, არის ჩვეულებრივი დამსწრე, როგორიც იყო ძალიან ბევრი მაყურებელი იქ”.
გიორგი კოხრეიძე თავის სიმართლეში დარწმუნებულია და სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის: “სიმართლე რომ გითხრათ, ვფიქრობდი, გარკვეულ კონსულტაციებსაც გავდიოდი. შემდგომ, როცა გადავწყვიტე და ჩამოვყალიბდი, შევიტანე სარჩელი. ვნახოთ, სასამართლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს”.
სასამართლოს 23 სექტემბერს მიერ გამოცემული განჩინების მიხედვით, ამ საქმის განხილვა ხუთ თვემდე ვადაში უნდა დასრულდეს. საქმის განხილვის დასრულებამდე კონკურსი აღარ გაგრძელდება, თუმცა, უკვე ცნობილია, რომ სამეურვეო საბჭო აპირებს სასამართლოს ეს განჩინება გაასაჩივროს.
აჭარის ტელევიზია და რადიო უკვე ხუთი თვეა დირექტორის გარეშეა, მაუწყებლის დირექტორის მოვალეობას დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძე ასრულებს. ყოფილი დირექტორი ნათია კაპანაძე, სამეურვეო საბჭომ 19 აპრილს, იმპიჩმენტის წესით გადაირჩია. მას შემდეგ კონკურსი სამჯერ გამოცხადდა და სამივეჯერ ჩავარდა, რადგან დირექტორობისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა ვერცერთხელ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.
მეოთხე კონკურსი, რომელშიც 25 აგვისტოს გამოცხადდა, 4 ოქტომბრამდე უნდა დასრულებულიყო. თუ სასამართლოს განჩინება ძალაში დარჩება და სასამართლო გიორგი კოხრეიძის სარჩელის საფუძველზე საქმის განხილვას დაიწყებს, მოქმედი მრჩეველთა საბჭო მაუწყებლის დირექტორს ვეღარ აირჩევს, - საბჭოს ხუთი წევრიდან ოთხს ოქტომბრის ბოლოს უფლებამოსილების ვადა ეწურება.