ნოდარ მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი “რუსთავი 2-დან” გათავისუფლებას სასამართლოში ასაჩივრებენ
30.09.2019

“რუსთავი 2-ის” ყოფილი ჟურნალისტები ნოდარ მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი არხიდან მათი გათავისუფლების ბრძანებას სასამართლოში ასაჩივრებენ. ჟურნალისტები მიიჩნევენ, რომ “რუსთავი 2-ის” ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ისინი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლა და ამის ერთადერთ მოტივად მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ასახელებენ.

ნოდარ მელაძე ამბობს, რომ ეს არის ბრძოლა ჟურნალისტების უფლებებისთვის. იმისთვის, რომ მომავალში ვერცეთმა მენეჯერმა ვერ შეძლოს ჟურნალისტების გათავისუფლება კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის გამო: “ჩვენ დავამტკიცებთ, რომ “რუსთავი 2-ში” ცვლილებების ოფიციალური მიზეზი, რომელიც დასახელდა, ეს იყო გამოგონილი მიზეზი და რეალური ამ ყველაფრის მოტივი იყო სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა და კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ადამიანების ტელევიზიიდან გაშვება”.

ნანუკა ჟორჟოლიანი კი ამბობს, რომ შესაბამის მტკიცებულებებს სასამართლოში წარადგენს და “რუსთავი 2-ის” ახალ დირექტორს სიცრუეში ამხელს:

“პაატა სალია არის მატყუარა. სახალხო დამცველის აპარატს ის უბრალოდ ატყუებს დოკუმენტაციით და მე ამას სასამართლოში დავამტკიცებ... მე შემეძლო, რომ ეს მარტივად დამემტკიცებინა თქვენთვის, მეკადრა და წარმედგინა ის მესიჯები, რაც მას ჩემთვის მოწერილი აქვს. აბსოლუტურად განსხვავებული ვიდრე ის ატყობინებს ამ შემთხვევაში ნინო ლომჯარიას უწყებას. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ამ გზით წასვლა არ არის სწორი, რომ პირადი მესიჯები წარვადგინოთ. მე ამ მესიჯებს წარვადგენ სასამართლოში და სასამართლოში დავამტკიცებ, რომ პაატა სალია არის ასმაგი სტანდარტების, მატყუარა ადამიანი.”

ჟურნალისტების უფლებებს სასამართლოში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ დაიცავს. ამის შესახებ დღეს, 30 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

“ჩვენი ორგანიზაციისათვის მნიშვნელოვანია ჟურნალისტები არ იდევნებოდნენ მათი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას, მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა თუ შეხედულებებისათვის. ასევე, შრომის კოდექსის დარღვევით არ ხდებოდეს მათი სამსახურიდან განთავისუფლება და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დარღვევა”,- აღნიშნულია „საერთაშორისო - გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნოდარ მელაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ თანამდებობიდან 20 აგვისტოს გაათავისუფლა. ტელეკომპანიაში ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც 18 ივნისს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა ცნობილი და არხი ქიბარ ხალვაშს გადაეცა. ნოდარ მელაძე ტელეკომპანია “რუსთავი 2-ზე” საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა, ნანუკა ჟორჟოლიანი კი საავტორო გადაცემის წამყვანი იყო.

 
რედ.: სტატიაში გამოყენებულია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ფოტო

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ