ტელეკომპანია "პირველის" დირექტორად ჟურნალისტი და ტელეწამყვანი
ინგა გრიგოლია ინიშნება, რომელსაც ამავე არხზე საავტორო გადაცემა
"რეაქცია" მიჰყავს.
ამ დრომდე ამ პოზიციას პაატა კაკაურიძე იკავებდა. ცვლილების შესახებ,
სოციალურ ქსელში, ტელეკომპანიის მფლობელმა ვატო წერეთელმა დაწერა.
"გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე, რომელსაც სათავეში ახალი
დირექტორი ჩაუდგება, დიდი გეგმებით და მთელი გუნდის ერთიანი
ძალისხმევით. ინგა "პირველზე" იმ დროს მოვიდა, როცა აქ პირველი აგური
იდებოდა და ჩვენი ტელევიზიის ყველა თანამშრომელთან ერთად, მთელი
ენერგია ჩადო ჩვენი ტელევიზიის განვითარებაში. უკვე დღეიდან
,,რეაქციასთან " ერთად ის მთელი არხის ახალ ეტაპზე გადასვლის პროცესს
ჩაუდგება სათავეში. მჯერა, ეს ახალი ეტაპი კიდევ უფრო წარმატებული
გამოგვივა", - წერს ვატო წერეთელი.
არც ვატო წერეთელმა და არც ინგა გრიგოლიამ "მედიაჩეკერის" სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს. თუმცა, ცვლილებისა და ახალი პოზიციის შესახებ ასევე სოციალურ ქსელში დაწერა ინგა გრიგოლიამაც.
როგორც ტელეწამყვანი წერს, ტელევიზია დიდი მასშტაბებისთვის ემზადება, ამისთვის მალე არხზე ვაკანსიებიც გამოცხადდება.
"ვისაც ტელევიზია თავდავიწყებით გიყვართ და ვისაც გაქვთ
განუსაზღვრელი თავისუფლების არხზე მუშაობის სურვილი, გამომეხმაურეთ.
არხის დირექტორობას ვიწყებ ვაკანსიების ღიად გამოცხადებით. ვიწყებთ
ახალ გამოწვევებთან ჭიდილს...
ვეძებთ ტელევიზიაზე გაგიჟებით შეყვარებულ ადამიანებს, ვისთვისაც
თავისუფლებაა ყველაზე გემრიელი და ყველაზე მთავარი ამ პროფესიაში
.ვემზადებით უფრო დიდი მასშტაბებისთვის ,შესაბამისად ,გადავწყვიტეთ
გავაფართოვოთ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი გუნდი.ჩვენი სათქმელი
იგივეა და უცვლელი-ვმუშაობთ გავლენების მიღმა, მოვლენების
შუაგულშიაგერ ვართ და ვისაც სურვილი და ამბიცია გექნებათ, გამოგვყევით
ახალი სიმაღლეების დაპყრობაში", - წერს გრიგოლია.
ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის ცვლილების შესახებ განაცხადი რეესტრში დღეს 16 ოქტომბერს დარეგისტრირდა. ამ დროისთვის [6:23 სთ] ცვლილება ასახული არ არის.