აჭარის ტელევიზიის ბორდის 4 წევრს უმაღლესი საბჭო 13 კანდიდატიდან შეარჩევს
16.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიიზიისა და რადიოს სამეურვეო საბჭოს შესარჩევმა კომისიამ, ბორდის წევრობის მსურველთა შერჩევა დაასრულა. საკონკურსო კომისიამ აჭარის უმაღლეს საბჭოს 13 კანდიდატი წარუდგინა. უმაღლესმა საბჭომ მათგან ბორდის 4 წევრი უნდა შეარჩიოს.

13-კაციან სიაში არიან მაუწყებლის ყოფილი დირექტორი სოსო სტურუა და მაუწყებლის დირექტორის შესარჩევ კონკურსებში მონაწილე კანდიდატი ფირუზ ბოლქვაძე. თუმცა, ამ სიაში ვერ მოხვდა ტელევიზიის მოქმედი მრჩეველთა საბჭოს წევრი - ბეჟან გობაძე, რომელიც საბჭოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კვოტით არის არჩეული.  ბეჟან გობაძე იყო ერთადერთი, მაუწყებლის 5-კაციან მრჩეველთა საბჭოში, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ტელევიზიის ყოფილი დირექტორის ნათია კაპანაძის იმპიჩმენტს.


აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოში არსებული 4 ვაკანტური პოზიციის დასაკავებლად სულ 23 განაცხადი შევიდა.


მსურველებმა საკონკურსო კომისიასთან, რომელიც ხუთი წევრისგან შედგება, ორეტაპიანი კონკურსი გაიარეს. კონკურსის მეორე ეტაპზე 19 კანდიდატი გადავიდა. აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენილი 13-კაციანი სია კი ასე გამოიყურება:

  1. რაულ ბერიძე;
  2. დიანა ვაშაყმაძე;
  3. ნათია სირაბიძე;
  4. სოსო სტურუა;
  5. არჩილ ხახუტაიშვილი, 
  6. სტელა ახვლედიანი;
  7. რუსლან ბარამიძე;
  8. ფირუზ ბოლქვაძე;
  9. ემზარ დიასამიძე;
  10. თამილა დოლიძე;
  11. გია ქარცივაძე;
  12. გელა ღოღობერიძე;
  13. თამარ წილოსანი.
ამ 13 კანდიდატიდან, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს განვითარების კონცეფციების განხილვისა და გასაუბრების შედეგად, უმაღლესმა საბჭომ, 6 წლის ვადით, 4 კანდიდატი უნდა შეარჩიოს.

.აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭ 5 წევრისგან შედგება, მათგან 4-ს, ნატა იმედაიშვილს, ირაკლი დარცმელიძეს, გიორგი ირემაძეს და ბეჟან გობაძეს უფლებამოსილების ვადა ოქტომბერში ეწურებათ. გიგა ჩხარტიშვილი საბჭოს წევრად 2018 წლის ნოემბრიდან არის არჩეული და შესაბამისად, ის ახალ საბჭოშიც გააგრძელებს მუშაობას.

სავარაუდოდ, ახალ მრჩეველთა საბჭოს მოუწევს აირჩოს ტელევიზიის დირექტორი. მაუწყებელს ნახევარი წელიწადია დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძე მართავს. თუმცა, ეს არჩევნები ჯერ იმაზეა დამოკიდებული, რას გადაწყვეტს სასამართლო. შეგახსენებთ, დირექტორის შესარჩევი კონკურსი სასამართლოს ძალით არის შეჩერებული.


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ