'რუსთავი 2-ის' ყოფილი მესაკუთრეები სტრასბურგის გადაწყვეტილების გადასინჯვას ითხოვენ
24.10.2019

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილმა მესაკუთრეებმა, ძმებმა ყარამანიშვილებმა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვა მოითხოვეს. მომჩივანი მხარის მოთხოვნა, საქმის დიდი პალატის მიერ გადასინჯვის შესახებ დადგენილი წესით, 5 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ უნდა განიხილოს, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, დასაშვებად იქნება თუ არა ცნობილი ტელეკომპანიის ყოფილი მესაკუთრეების მოთხოვნა და გადასინჯავს თუ არა გადაწყვეტილებას ევროპული სასამართლოს დიდი პალატა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა. უწყების განცხადების მიხედვით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის წერილით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეცნობა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილმა მესაკუთრეებმა სტრასბურგის სასამართლოს პალატის მიერ 2019 წლის 18 ივლისს გამოტანილი გადაწყვეტილების იმავე სასამართლოს დიდი პალატის მიერ გადასინჯვა ითხოვეს.

როგორც ცნობილია, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, „რუსთავი 2-ის" საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა. "რუსთავი 2" და მისი ამჟამინდელი მფლობელები შემდეგი მუხლების დარღვევაზე დაობდნენ:

  • სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება (მუხლი 6 § 1)
  • გამოხატვის თავისუფლება (მუხლი 10)
  • უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები (მუხლი 18)
  • საკუთრების დაცვა (პირველი პროტოკოლის პირველი მუხლი)

ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ სამართლიანი სასამართლოს უფლების შელახვა არ დადგინდა. სხვა უფლებების შელახვაზე კი სასამართლოს არც უმსჯელია, რადგან ამ მუხლებზე სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ