მედიაკოალიციაში ფიქრობენ, რომ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე მედიის შინაარსში შეიჭრა
24.10.2019

“კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის” მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია გაცდა უფლებამოსილებას და მედიაპროდუქტის შინაარსში შეიჭრა. საუბარია “ჟურნალისტიკის რესურსცენტრის” მიერ მომზადებულ ფილმზე “რეკლამის ეფექტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე”, რომელშიც, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თქმით, „ბევრი მცდარი ინფორმაციაა“.

მედიაკოალიციის განცხადების მიხედვით, საჯაროდ გავრცელდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძისადმი მიწერილი წერილი. 2019 წლის 08 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში, რომელსაც ხელს კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური აწერს, შეფასებულია ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის” მიერ მომზადებული ფილმი და ნათქვამია, რომ მასალა შეიცავს ბევრ მცდარ ინფორმაციას.

კოალიციის შეფასებით, სატელეკომუნიკაციო ბაზრის მარეგულირებელი ორგანოს თავმჯდომარის მიერ ფილმის შინაარსის ამგვარი ანალიზი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას და არის მედიის შინაარსში შეჭრა: „აღნიშნული წერილი შეიცავს მნიშნელოვან რისკებს და წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. მიგვაჩნია, რომ კომისიის თავმჯდომარე არ უნდა აჭარბებდეს საკუთარ უფლებამოსილებას და უნდა მოქმედებდეს მხოლოდ კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული მანდატის ფარგლებში“.

კოალიციის განცხადება ორ მნიშვნელოვან სამართლებრივ არგუმენტს ეყრდნობა:

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ აქვს უფლებამოსილება შეაფასოს მედია პროდუქტის შინაარსი.

„კომისიის წერილი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კანონმდებლობასთან. მედიასაშუალების მიერ არაზუსტი ფაქტის გავრცელება შესაძლებელია განხილული იყოს ერთის მხრივ მაუწყებელში არსებული თვითრეგულირების ფარგლებში და მეორეს მხრივ, შესაძლოა გახდეს სამოქალაქო სამართლებრივი დავის საგანი. დაუშვებელია მედიაპროდუქტის განხილვა, შეფასება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“, - ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა არ უკრძალავს კომისიას განმარტება გააკეთოს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ჩანაწერებზე, მაგრამ არ გააჩნია უფლებამოსილება შეაფასოს მედიაპროდუქტის შინაარსი და მტკიცებითი ფორმით დაადგინოს ინფორმაციის სიზუსტე, ამის საწინააღმდეგოდ კახა ბექაურის წერილიდან ირკვევა, რომ სწორედ ასე შეფასდა “ჟურნალისტიკის რესურსცენტრის” მიერ მომზადებული ფილმი.

დოკუმენტი (წერილი) არ არის კომისიის სამართლებრივი აქტი და გაურკვეველია რომელი სამართლებრივი ნორმის საფუძველზე არის მომზადებული:

,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ,,კომისიის სამართლებრივ აქტებს განეკუთვნება კომისიის დადგენილება, კომისიის გადაწყვეტილება და კომისიის თავმჯდომარის ბრძანება.“

კოალიციის განცხადების თანახმად, აღსანიშნავია, რომ წერილს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე. საქართველოს კანონმდებლობით ,,კომისიის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებებს კონკრეტულ შემთხვევებში კომისიისა და კომისიის აპარატის შიდა ორგანიზაციულ საკითხებზე, რომლებიც არ შეიცავს ქცევის ზოგად წესს“: „ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტი არ ეხება კომისიისა და კომისიის აპარატის შიდა ორგანიზაციულ საკითხებს, ეს დოკუმენტი ვერ ჩაითვლება კომისიის თავმჯდომარის ბრძანებად“.

კოალიცია იშველიებს ,,მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონს, რომლის თანახმად, ,,კომისიის სამართლებრივი აქტები მიიღება (გამოიცემა) კომისიის სხდომაზე,“ თუმცა ამ საკითხზე კომისიას სხდომაზე არ უმსჯელია. „ამიტომ ზემოაღნიშნული წერილი ვერ იქნება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, როგორც დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილება. კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება გაწერილია ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში და არ მოიცავს კომისიის სახელით ფაქტის დადგენის უფლებას.

შესაბამისად, თუ წერილი არ არის სამართლებრივი აქტი და ეხება ისეთ საკითხს, რომლის შესწავლის უფლებამოსილება კომისიას არ გააჩნია, გაურკვეველია რა ფორმით, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე დაადგინა ადმინისტრაციულმა ორგანომ მცდარი ინფორმაციის არსებობა სიუჟეტში“, - აცხადებენ მედიაკოალიციაში.

მედიაკოალიციის განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კომისიის მიერ გავრცელებული წერილის/განცხადების მიღების პროცედურა გაუგებარი და გაუმჭვირვალეა. „მიგვაჩნია, რომ კომისიის თავმჯდომარე არ უნდა სცილდებოდეს საკუთარ მანდატს, მიღებული დოკუმენტები კი სრულად უნდა შეესაბამებოდეს კანონით გაწერილ ნორმატიულ აქტებს და მიღებული უნდა იყოს შესაბამისი პროცედურების დაცვით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.


ავტორი : ნინო ნარიმანიშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ