გათავისუფლებულმა ჟურნალისტებმა “იბერიას” სასამართლო დავა მეორე ინსტანციაშიც მოუგეს
25.10.2019

ტელეკომპანია “იბერიადან” გათავისუფლებულმა ჟურნალისტებმა, რომლებიც წელიწადზე მეტია შრომით ანაზღაურებას ითხოვენ, ტელეკომპანიას სასამართლო დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოუგეს. სააპელაციომ განხილვის გარეშე, უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება,  რომლის თანახმად, ჟურნალისტებს უნდა  აუნაზღაურდეთ კომპენსაცია, სახელფასო დავალიანება და დავალიანებაზე პირგასამტეხლო. 

   18 გათავისუფლებული ჟურნალისტის უფლებებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იცავდა. ჟურნალისტები ტელეკომპანიისგან ითხოვდნენ ორი თვის კომპენსაციას, ერთი კვირის სახელფასო დავალიანებას და, ასევე, ამ დავალიანებაზე პირგასამტეხლოს ანაზღაურებას. საიას მედია მიმართულების იურისტის, მარიამ გოგოსაშვილის თქმით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც საქალაქო სასამართლომ, ჟურნალისტების ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა.

სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, ტელეკომპანიას 21 დღის ვადა აქვს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივროს. კომპანიის ადვოკატის თქმით, დასაბუთებული გადაწყვეტილება მათ ჯერ არ ჩაბარებიათ, ამ დოკუმენტის მიღების შმედეგ კი მფლობელზეა დამოკიდებული, გაასაჩივრებს თუ არა საქმეს ზემდგომ ინსტანციაში.  რას აპირებს ტელევიზიის დამფუძნებელი, ამ ეტაპზე უცნობია,  - ნატო ჩხეიძე “მედიაჩეკერის” ზარებს არ პასუხობს. 

მას შემდეგ, რაც “იბერიამ” მაუწყებლობა შეწყვიტა, ერთი წელი გავიდა. გასული წლის 16 ოქტომბერს არხზე შემდეგი შინაარსის წარწერა გაჩნდა - „ხელისუფლებამ დახურა იბერია“. მაშინ ნატო ჩხეიძემ მაუწყებლობის შეჩერების მიზეზად ფინანსური პრობლემები დაასახელა, რაც, მისივე თქმით, ტელევიზიის დამფინანსებელ კომპანია „ომეგა ჯგუფზე“ ხელისუფლების ზეწოლით იყო გამოწვეული.



მაუწყებლობის შეწყვეტიდან სამ დღეში, 19 ოქტომბერს კი მაუწყებელში დასაქმებულ ათობით თამანშრომელს გათავისუფლების ბრძანება ჩაბარდა. გათავისუფლებულმა თანამშრობლებმა, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ მათი შრომითი უფლებები დაირღვა, სამართლებრივი დავა დაიწყეს.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ