5-დან 3 ხმა ხელისუფლებას - ხარვეზები და კითხვები აჭარის ტელევიზიის ბორდის დაკომპლექტებაში
25.10.2019

აჭარის უმაღლესმა საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ოთხ ვაკანტურ ადგილზე სამი წევრი უკვე დაამტკიცა. მათგან ორი "ქართული ოცნების" კვოტითაა, ერთი კი დამოუკიდებელი დეპუტატების. წარადგენს თუ არა დარჩენილ ერთ ვაკანტურ ადგილზე კანდიდატს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ჯერ უცნობია, ფრაქციაში პროცესს უნდობლობას უცხადებენ და არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა კონკურსის თავიდან გამოცხადება გახდეს საჭირო. ბორდის წევრების შერჩევის პროცედურისადმი არაერთი კითხვა აქვთ საერთაშორისო გამჭვირვალობასა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში და ასევე, მაუწყებლის გუნდის ნაწილშიც.

alt

სოსო სტურუა - “ქართული ოცნება - აჭარის”, თამილა დოლიძე - “ქართული ოცნება - მაჟორიტარების” და თამარ წილოსანი დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრებად უმაღლესმა საბჭომ, დღეს, 25 ოქტომბერს დაამტკიცა. მეოთხე კანდიდატმა,  დიანა ვაშაყმაძემ, რომელიც "ნინო ბურჯანაძე - დმეოკრატიული მოძრაობის" წევრმა გიორგი ცინცქილაძემ წარადგინა, დეპუტატების ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მიიღო.


უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთ ფრაქციას, რომელიც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების მიერ არის დაკომპლექტებული, კანდიდატი არ წარუდგენია. ფრაქციის წევრი ასმათ დიასამიძე “მედიაჩეკერთან” საუბრისას ამბობს, რომ საკონკურსო კომისიის შერჩევიდან დაწყებული კონკურსანტების არჩევით დამთავრებული, მთელი ეს პროცესი კანონდარღვევის ფონზე მიმდინარეობდა.


alt“ჩვენ თავიდანვე გავაპროტესტეთ და სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი პროცედურის დარღვევასთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს ჩვენს ფრაქციასთან კონსულტაცია არ გაუვლია, ისე მიიღო გადაწყვეტილება. ვითხოვდით მოგვცემოდა საშუალება, რომ კომისიის მიერ შერჩეულ ცამეტივე წევრთან ჩვენ, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიას, გასაუბრების საშუალება გვქონოდა, მაგრამ ეს შანსი არ მოგვეცა”, - ამბობს ასმათ დიასამიძე და ამატებს, რომ შესაძლოა მათ კანდიდატი არ წარადგინონ, - “ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კანდიდატებს შორის (საუბარია კომისიის მიერ წარდგენილ 13 კანდიდატზე. რედ.) არჩევანს არ გავაკეთებთ და კონკურსი თავიდან გამოცხადდება. ზუსტ გადაწყვეტილებას, ალბათ, ორშაბათს ვაცნობებთ საზოგადოებას.”

მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, მრჩეველთა საბჭოს 5 წევრიდან ფრაქციებმა 3, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა კი 2 კანდიდატი უნდა წარადგინონ. ამ ეტაპზე აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხუთწევრიანი მრჩეველთა საბჭოს დასაკომპლექტებლად 4 წევრი უნდა აირჩიოს, რადგან გიგა ჩხარტიშვილს, რომელიც ბორდში ფრაქცია “ქართული ოცნების” კვოტით არის არჩეული, ჯერ უფლებამოსილების ვადა არ ამოწურვია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ “ოცნების” ორ ფრაქციას ორი კანდიდატის წარდგენის უფლება არ ჰქონდა. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამჯერად მრჩევლობის კანდიდატების წარდგენა მხოლოდ ,,ქართული ოცნება-მაჟორიტარებისა“ და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციებს შეეძლოთ, დანარჩენი ორი კანდიდატი კი დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით უნდა შესულიყო საბჭოში.

alt“ის, რომ “ქართული ოცნების” ორმა ფრაქციამ წარადგინა ორი კანდიდატი, უკვე დარღვევაა, ახლა თუ “ნაციონალური მოძრაობაც” წარადგენს, გამოდის, რომ მრჩეველთა საბჭოში 4 წევრი იქნება ფრაქციების მიერ წარდგენილი და ერთი დამოუკიდებელი კანდიდატის. ამით კი, ის პროპორცია, რაც არის კანონით გათვალისწინებული, დაირღვევა”, - ამბობს საიას მედია მიმართულების იურისტი მარიამ გოგოსაშვილი.

იგივე ხარვეზზე საუბრობენ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში”.

“სადავო გახდა ფრაქციებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების მიერ კანდიდატების წარდგენის პროცესი. კანონმდებლობაში არსებული ჩანაწერი დაინტერესებულ პირებს შორის განსხვავებული ინტერპრეტაციის საბაბს იძლევა. ამ ეტაპზე წარდგენილია ოთხი კანდიდატი, თუმცა, ჯერჯერობით “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციას საკუთარი კვოტით არ უსარგებლია. იმ შემთხვევაში, თუ ეს ოპოზიციური ფრაქცია კანდიდატის წარდგენის კანონით გარანტირებული უფლებით ისარგებლებს, შეიქმნება სიტუაცია, როდესაც ოთხი ვაკანტურ ადგილზე ხუთი პრეტენდენტი იქნება წარდგენილი”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციამ 25 ოქტომბერს, იქამდე გამოაქვეყნა, ვიდრე საბჭო ამ სამ კანდიდატს დაამტკიცებდა.

“საერთაშორისო გამჭვირვალობაში” ფიქრობენ, რომ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ისახავს მიზნად.

“მრჩეველთა საბჭოს კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის პროცესი ისევე, როგორც ბოლო პერიოდში ტელევიზიის გარშემო მიმდინარე მოვლენები, დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს და კიდევ ერთხელ აძლიერებს ეჭვს, რომ ხელისუფლება მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე ზეგავლენის მოპოვება ცდილობს”, - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამ საფრთხეებს ხედავს ასმათ დიასამიძეც. იგი ფიქრობს, რომ მმართველი გუნდის კანდიდატებით ხელისუფლება მაუწყებლის დაქვემდებარებას შეეცდება და მთელი ეს პროცესი მომავალ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება: “ძალიან მნიშვნელოვანია “ქართული ოცნებისთვის”, რომ დაიქვემდებაროს აჭარის ტელევიზია… მან უკვე ჩაიგდო ხელში ხუთიდან სამი ხმა”.

არც ოპოზიცია და არც მედიასფეროზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები არ არიან პირველები, ვინც სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხეზე საუბრობს და ბორდის დაკომპლექტება კითხვებს უჩენს.

alt23 ოქტომბერს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემა „სათქმელის“ წამყვანმა ირინა ყურუამ ერთი დღით თოქ-შოუს წაყვანაზე უარი განაცხადა და მაყურებლის წინაშე სტუმრის სტატუსით წარდგა. ეს გადაწყვეტილება ტელეწამყვანმა ინტერესთა კონფლიქტით ახსნა და თქვა, რომ სოსო სტურუა, რომელიც ახლა ბორდის წევრია, გასულ წლებში კი მაუწყებლის დირექტორი იყო, ტელევიზიაში ხელისუფლების ინტერესების გატარებას ცდილობდა: “როცა ბატონი სოსო, გაცხადებული პრეტენზიით ისევ მოდის მაუწყებელში და მას სამთავრობო ფრაქციაც უჭერს მხარს, მე მაღალ რისკებს ვხედავ, რომ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელზე იყოს სახელისუფლებო პოლიტიკის გატარების მცდელობა”.

სოსო სტურუა, რომელიც აჭარის ტელევიზიას და რადიოს ნათია კაპანაძემდე, 2013- 2016 წლებში ხელმძღვანელობდა, რხის ჟურნალისტებმა ზეწოლაში 2013 წლის ნოემბერში დაადანაშაულეს, ამ მიზეზით, უკვე 2014 წელს, არხი ორმა თანამშრომელმა დატოვა.

ხელისუფლებასთან პირდაპირ კავშირებზე საუბრობენ კიდევ ერთ კანდიდატთან დაკავშირებით. გაზეთ "ბათუმელების" ინფორმაციით, თამილა დოლიძე, რომელიც ფრაქცია “ქართული ოცნება – მაჟორიტარები“ კვოტით აირჩია საბჭომ მრჩევლად, ამავე ფრაქციის თავმჯდომარის, ილია ვერძაძის ცოლის დეიდაშვილია. გარდა ამისა, მისის და - გურანდა დოლიძე, ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია „ქართული ოცნებიდან“. თამილა დოლიძე ერთ-ერთი იყო აჭარის ტელევიზიის იმ 103 თანამშრომელს შორის, რომელთაც მაშინდელი დირექტორის, ნათია კაპანაძის, წინააღმდეგ გაავრცელეს განცხადება.

altმაუწყებელის სარედაქციო პოლიტიკაში ხელისუფლების ჩარევის საფრთხეებზე აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები აქამდეც საუბრობდნენ. 30 სექტემბერს მაუწყებელში დასაქმებულმა ჟურნალისტებმა სპეციალური განცხადებაც გაავრცელეს და თქვეს, რომ არსებობდა მოლოდინი, რომ მრჩეველთა საბჭო ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი პირებით დაკომპლექტდებოდა.

“გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში განვითარებული პროცესები დასასრულს უახლოვდება და იგი სარედაქციო პოლიტიკის ვექტორის შეცვლას გამოიწვევს”, - ვკითხულობთ მიმართვაში.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო 5 წევრისგან შედგება, მათგან ოქტომბერში ვადა 4-ს ეწურება: ნატა იმედაიშვილს, ირაკლი დარცმელიძეს, გიორგი ირემაძეს და ბეჟან გობაძეს. მეხუთე წევრი - გიგა ჩხარტიშვილი საბჭოს წევრად 2018 წლის ნოემბრიდან არის არჩეული და შესაბამისად, ის ახალ საბჭოშიც გააგრძელებს მუშაობას. საბჭოს ახალი წევრების უფლებამოსილების ვადა 6 წელია.


ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ