ენმ აჭარის ტელევიზიის ბორდში კანდიდატის წარდგენაზე უარს ამბობს და კონკურსის ხელახლა გამოცხდებას ითხოვს
28.10.2019
ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს კონკურსს მართულად აფასებს და კანდიდატის წარდგენაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ფრაქციის წევრებმა დღეს, 28 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე განაცახდეს.

ფრაქციის წარმომადგენლის, ასმათ დიასამიძის თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მოცემულ კანდიდატებთან გასაუბრებას არ აპირებს, რადგან მათ შორის თავიანთ კანდიდატს ვერ ხედავენ. მისივე თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მხოლოდ ახალი კონკურსის გამოცხადების შემდეგ იმსჯელებს კანდიდატურის წარდგენაზე.

“კანდიდატებთან გასაუბრება დღეს გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ეს გასაუბრება არ შედგება. ბრიფინგი გავმართეთ იმიტომ, რომ კონკურსანტები ტყუილად არ მოვიდნენ უმაღლეს საბჭოში. გავაუქმეთ შეხვედრა, რადგან ჩვენ ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ ჩვენს კანდიდატებს და მიგვაჩნია, რომ მთელი ეს პროცესი არის მართული”, - ამბობს ასმათ დიასამიძე “მედიაჩეკერთან” საუბრისას.

მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 5 წევრიდან ფრაქციებმა 3, დამოუკიდებელმა დეპუტატებმა კი 2 კანდიდატი უნდა წარადგინონ. ამ ეტაპზე აჭარის უმაღლესმა საბჭომ მრჩეველთა საბჭოს დასაკომპლექტებლად 4 წევრი უნდა აირჩიოს, რადგან გიგა ჩხარტიშვილს, რომელიც ბორდში ფრაქცია “ქართული ოცნების” კვოტით არის არჩეული, ჯერ უფლებამოსილების ვადა არ ამოწურვია. მრჩეველთა საბჭოს ოთხ ვაკანტურ ადგილზე აჭარის უმაღლესმა საბჭომ სამი წევრი უკვე დაამტკიცა. მათგან ორი მმართველი გუნდის, ერთი კი დამოუკიდებელი დეპუტატების კვოტით არის წარდგენილი. ერთი კვოტა აქვს დარჩენილი ფრაქციას “ერთიან ნაციონალურ მოძრაობა”, რომელიც კანდიდატის წარდგენაზე უარს აცხადებს.



საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია(საია) მიიჩნევს, რომ მრჩეველთა საბჭოს კონკურსი კანონით დადგენილი წესების დარღვევით მიმდინარეობს. საიას მედია მიმართულების იურისტის, მარიამ გოგოსაშვილის თქმით, “ოცნების” ორ ფრაქციას ორი კანდიდატის წარდგენის უფლება არ ჰქონდა. “საერთაშორისო გამჭვირვალობაში” კი ფიქრობენ, რომ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები აძლიერებს ეჭვს, რომ ხელისუფლება მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაზე ზეგავლენის მოპოვებას ცდილობს. სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეზე საუბრობენ აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებიც.

ავტორი : მაგდა გუგულაშვილი;
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ

მსგავსი სტატიები

ასევე იხილეთ